თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - რას ნიშნავს ფულის მასის მიმდინარე სწრაფი ზრდა?
12:43:56     01-05-2023
ბოლო პერიოდში M2 მონეტარული აგრეგატის ზრდა მნიშვნელოვნად აჩქარდა. არის თუ არა ეს ინფლაციის ან/და ლარის გაუფასურების კუთხით რისკი? თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ თუ ფულის მასის მატება მოთხოვნას ზრდის, ეს პირველ რიგში აჩქარებულ საკრედიტო და თავის მხრივ, ეკონომიკურ აქტივობაში უნდა გამოჩნდეს. ამ მხრივ, მაჩვენებლები, განსაკუთრებით მშპ-ის კუთხით, მართალია მაღალია, თუმცა, ამჯერად ფულის მასასთან მნიშვნელოვანი კავშირი არ იკვეთება. უფრო მეტიც, ძირითადად საბაზო ეფექტის გამო, აპრილში მშპ-ის წლიური ზრდის მნიშვნელოვანი შენელებაა მოსალოდნელი, მაშინ, როდესაც ფულადი აგრეგატები კვლავ მაღალი ტემპით ფართოვდება. ამასთან, რაც აშკარად ჩანს, ესაა დეპოზიტების გაზრდილი ლარიზაცია და სესხების გაზრდილი დოლარიზაცია. ეს კი, როგორც შოკის გამაძლიერებელი, ტრადიციულად, ლარის გამყარების ეპიზოდებში გამყარებისკენ მიმართულ უფრო მეტ ზეწოლას იწვევს, ლარის გაუფასურების ეპიზოდებში კი ასევე მეტ გაუფასურებას. ამდენად, სადღეისოდ სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის ჭარბი მიწოდება მხოლოდ მაღალი წმინდა სავალუტო შემოდინებებით არაა გამოწვეული. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ როგორც თიბისი კაპიტალის ადრინდელ პუბლიკაციებშია აღნიშნული, თუ სავალუტო ბაზრის მონაწილეების დიდ ნაწილს გაცვლითი კურსის სეზონური მერყეობის სჯერა, მაშინ ეს ტენდენცია აღარაა მოსალოდნელი, რადგანაც ადგილი ექნება ცუდ სეზონზე ლარის ყიდვას და კარგ სეზონზე გაყიდვას. თიბისი კაპიტალის შეფასებით, ბოლო წლებში საქართველოში დიდწილად სწორედ ამგვარი ქცევა იკვეთება.
ამდენად, მაღალი წმინდა სავალუტო შემოდინებებისა და გაუმჯობესებული სენტიმენტების გამო, სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის გაზრდილი მიწოდების შედეგად, ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამასთან, სენტიმენტების კომპონენტის გამო, ფიშერის პირველადი ფორმულის მიხედვით, რომელშიც ჯამური ტრანზაქციები გამოიყენება და არა მხოლოდ მშპ, ადგილი აქვს ე.წ. ფულის ბრუნვის სიჩქარის შემცირებას. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რადგან ლარის კურსის მიმართ განწყობა გაუმჯობესდა, ლარის საშუალო ნაშთი, რომელსაც ბიზნესისა და მოსახლეობის ნაწილი ფლობს, გაიზარდა, ნაცვლად დოლარისა და ევროს ნაშთისა და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პროპორციულად გაიზარდა ლარში ტრანზაქციების რაოდენობაც. ამდენად, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, ფულის მასის მიმდინარე ზრდის მიხედვით, მომატებულ ეკონომიკურ აქტივობაზე საუბარი რთულია. მაგრამ მაინც, არის თუ არა რისკები? თიბისი კაპიტალის აზრით - არის, და საკმაოდ მატერიალური. საკუთრივ, ნებისმიერი მიზეზით სენტიმენტების ცვლილება უკვე დეპოზიტების დოლარიზაციასა და სესხების ლარიზაციას გამოიწვევს. სავალუტო ბაზარზე არსებულ ბრუნვასთან მიმართებით სესხებისა და დეპოზიტების საკმაოდ მაღალი მოცულობის გათვალისწინებით კი, ეს ტრადიციულად, ლარის კურსზე არსებით ზეგავლენას ახდენს. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ მართალია სებ-ის სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა თუ ბაზრის მონაწილეთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ლარი გაუფასურდება, ფაქტობრივი გაუფასურების გარეშე ამ მოლოდინების განეიტრალება საკმაოდ რთულია. უფრო მეტიც, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ სადღეისოდ ლარის საშუალო კურსი მის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით უფრო მეტადაა გამყარებული და ასევე, არსებული ლარის კურსით, საბაზო სცენარში წლიური ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 3%-იან სამიზნეზე ნაკლებია, მათ შორის, მართალია ჯერჯერობით მხოლოდ ყოველთვიურ ჭრილში, თუმცა ადგილობრივი ინფლაციის ჩათვლით.
გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.