14:44:37     25-04-2023
ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ ახალი Corolla Cross და MC Corolla წარადგინა
Toyota Corolla SUV ვერსია - Corolla Cross და განახლებული Corolla იაპონური ბრენდის მოყვარულებისთვის „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შოურუმში უკვე ხელმისაწვდომია. კომპანიამ, რომელიც ტოიოტას ოფიციალური დილერია საქართველოში, მომხმარებელს პრეზენტაციაზე უმასპინძლა და ახალი მოდელები წარუდგინა.
მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც Toyota Corolla იწარმოება. ნახევარსაუკუნოვანი ისტორია მოდელს კი არა, ზოგიერთ ავტომწარმოებელსაც კი არ გააჩნია, თუმცა ამ მანქანას გაცილებით მეტი აქვს სათქმელი: მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მოდელია. ტოიოტას ინჟინრები თავს ვალდებულად მიიჩნევენ, Corolla ხშირად გააუმჯობესონ და ინოვაციების დანერგვა უმეტესად სწორედ ამ მოდელში დაიწყონ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ „კოროლას ოჯახი“ სრულად უწყობს ფეხს თანამედროვე საავტომობილო ტენდენციებს და არაერთ ექსკლუზიურ სიახლეს გვთავაზობს. ეს ყველაფერი იმის მყარი საფუძველია, რომ Toyota Corolla-მ საუკეთესოს სტატუსი მომავალშიც შეინარჩუნოს“.
ღონისძიებისათვის საგანგებოდ მოწყობილ შოურუმში დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახალი მოდელები დეტალურად დაეთვალიერებინათ, მიეღოთ ინფორმაცია ტოიოტას განახლებული ავტომობილების უფრო მეტი შესაძლებლობის შესახებ. მუსიკისა და შთამბეჭდავი ინსტალაციების თანხლებით სტუმრებმა ტოიოტას სხვადასხვა თაობის განვითარების ისტორია მოისმინეს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ იაპონური ბრენდის ერთგული მომხმარებელი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ პარტნიორები და „ტოიოტა ცენტრი კავკასიის“ პრეზიდენტი.
კოჯი მაცუნო, „ტოიოტა კავკასიის“ პრეზიდენტი: „ჩემთვის, როგორც Toyota-ს ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლისთვის კავკასიის რეგიონში, დიდი პატივია ამ პრეზენტაციაზე დასწრება. მომხმარებელს წარვუდგინეთ ჩვენი ცნობილი Corolla-ს განახლებული ვერსია და Corolla-ს ოჯახის აბსოლუტურად ახალ წევრი კროსოვერის სეგმენტში - Corolla Cross. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ლეგენდარული მოდელი, რომელიც მსოფლიოს 50 მილიონი მძღოლის რჩეულია, თავის წარმატებულ ისტორიას საქართველოშიც გააგრძელებს და Toyota-ს მეტ თაყვანისმცემელს შემატებს“.
უსაფრთხოება კვლავ რჩება იაპონური ბრენდის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად და ორივე მოდელში ინტეგრირებულია Toyota Safety Sense, რაც მძღოლს მართვისა და პარკირებისას ეხმარება. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ განახლებული მოდელების ტესტდრაივს ნებისმიერ მსურველს სთავაზობს.
MC Corolla და Corolla Cross
MC Corolla - ავტომობილის ექსტერიერში სიახლეა რადიატორის ახალი ცხაურა, შთამბეჭდავი დისკები და ახალი ფერები, რომელთა შორის განსაკუთრებულია ლურჯში გარდამავალი ახალი, მწვანე შეფერილობა.
რაც შეეხება ინტერიერს MC Corolla-სა და Corolla Cross-ში, შეიძლება ითქვას, რომ ინტერიერი იდენტურია. აქ დაგხვდებათ განახლებული 10.5-დიუმიანი მაღალი გარჩევადობის სენსორული ეკრანი, რომლითაც შეძლებთ ხმოვანი ბრძანებების გაცემასა და სმარტმოწყობილობებთან დაკავშირებას. რაც მნიშვნელოვანია, კოროლა უკვე გვთავაზობს სრულიად ციფრულ მაჩვენებელთა დაფას, რომელიც განახლებული კოროლას ყველა კომპლექტაციაშია წარმოდგენილი.
Corolla Cross - ეს არის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი უკვე SUV ვერსიით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოდელის ისტორიაში ახალი ფურცელი იწერება - ის ექსტერიერით კლასიკურად შესრულებული SUV-ია, მასიური ცხაურითა და ლოგოთი, სრულიად ჰიბრიდული, 2.0-ლიტრიანი შიგაწვის ძრავითა და შთამბეჭდავი 18-დიუმიანი დისკებით.
Toyota Corolla Cross კიდევ უფრო აძლიერებს საყოველთაო ავტომობილის კონცეფციას და უფრო მეტ გასაქანს აძლევს მას C სეგმენტში. ეს არის საოჯახო ავტომობილი მათთვის, ვინც ეძებს პრაქტიკულ და საიმედო თანამგზავრს ყოველდღიური კომფორტული გადაადგილებისთვის. ბაზარზე გამოჩენიდან საკმაოდ მცირე დროა გასული და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მოდელი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
Corolla Cross ავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე არსებობდა. ერთი შეხედვით შეიძლება C-HR-სა და Rav4-ს შორის დავაყენოთ, თუმცა იერსახით RAV 4-თან უფრო ახლოს დგას. სასიამოვნო სიახლეა, რომ უკანა სათავსები გაცილებით ფართო და ტევადია, რაც ნიშნავს, რომ, კოროლასთან ერთად, ნებისმიერ მოგზაურობაში კომფორტულად და მოხერხებულად იგრძნობთ თავს.
Toyota Corolla-ს უპირატესობები
აღსანიშნავია, რომ Corolla ტოიოტას სამოდელო რიგში პირველი ავტომობილია, რომელიც მეხუთე თაობის თვითდამმუხტავ ჰიბრიდულ ელექტროძრავებს იყენებს, რაც უკავშირდება ტოიოტას გლობალური ხედვის ნაწილს, მიაღწიოს ნახშირბადის სრულ ნეიტრალიტეტსა და მობილობას ემისიების გარეშე. ამ თვალსაზრისითაც შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ კოროლა კვლავ არის ბრენდის საამაყო სიახლეების შემომტანი ბაზარზე.
უსაფრთხოება ტოიოტასთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, არც კოროლას უახლესი მოდელებია ამ თვალსაზრისით გამონაკლისი. უახლესი თაობის Toyota Safety Sense დაგეხმარებათ მართვისას და პარკირებისას. T-Mate სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ გაგიადვილოთ ნებისმიერი საგზაო საფრთხის თავიდან აცილება.
Toyota Corolla 1966 წლიდან იწარმოება და დღემდე 12 თაობაა გამოსული. ამ პერიოდში, ჯამში, 50მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. Corolla-ს საერთაშორისო აღიარება სწორედ მის საიმედოობას ემყარება.
--
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.