თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - მეტი სავალუტო შემოსავალი არა მხოლოდ რუსეთიდან; ყოველთვიური ადგილობრივი ინფლაცია უკვე სამიზნეზეა
13:49:45     10-04-2023
მარტის სამომხმარებლო ფასების ინდექსის დეტალური ჩაშლა აჩვენებს, რომ არა მხოლოდ ჯამური ინფლაცია შემცირდა, არამედ სახეზეა მომსახურებისა და მთლიანობაში ადგილობრივი ინფლაციის კლებაც. უფრო მეტიც, ყოველთვიურ ჭრილში, ეს ინდიკატორი, რომელსაც სებ-ი უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, უკვე 3%-იან სამიზნეზეა. ასევე, შემცირდა ინფლაციის სხვა, უფრო ანალიტიკური მაჩვენებლებიც.
მიუხედავად ამისა, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, მაისის მონეტარული კომიტეტის სხდომაზე განაკვეთის შემცირება, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ გარანტირებული არაა, რადგანაც შესაძლოა, სებ-ის აზრით, საჭირო გახდეს არსებული დინამიკის გაგრძელების კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება. თუმცა, თიბისი კაპიტალის აზრით, ადგილობრივი კომპონენტის მხრივაც, ინფლაციის შემცირება აშკარაა. თავის მხრივ, ეს ლარის დამატებით გამყარების საწინააღმდეგო არგუმენტიცაა. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ძლიერი სავალუტო შემოდინებებისა, მართალია მხოლოდ გარკვეულწილად, მაგრამ ლარის არსებული გამყარებაც თიბისი კაპიტალის მოლოდინებს აღემატება.
სავალუტო შემოდინებების კუთხით, საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის წილი გაიზარდა, თუმცა ასევე მზარდია სხვა ქვეყნებიდან მიღებული სავალუტო ნაკადებიც. ამასთან, აღრიცხვის კუთხით აღსანიშნავია, რომ მიგრანტების გარკვეული ნაწილი, მათთვის რეზიდენტის სტატუსის მინიჭების გამო, ტურისტულ სექტორში აღარ შედის. თუმცა, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ასეთი კატეგორიის წილი შედარებით მცირეა. უფრო მეტიც, თიბისის 2022 წლის დეკემბრის გამოკითხვის თანახმად, მიგრანტების ნახევარზე მეტი შემოსავლებს რუსეთიდან არ იღებს. ასევე, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში დარჩენას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავს. ექსპორტის მხრივ, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კატეგორიების ანგარიშგასაწევი ნაწილი სასაქონლო პროდუქტებია, რომელთა ექსპორტიც უფრო საერთაშორისო ფასებზეა დამოკიდებული, ვიდრე კონკრეტულ ბაზარზე არსებულ ცნობადობასა და მოთხოვნაზე. ისევე როგორც, გასათვალისწინებელია, რომ რეექსპორტის ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა ავტომობილები, ადგილობრივი დამატებული ღირებულების წილი მცირეა. იმპორტის კუთხით, სხვა ბაზრებზე გადართვის საჭიროების შემთხვევაში, თავისთავად მთავარი კითხვა ფასი უფროა, ვიდრე ხელმისაწვდომობა.
გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.