გმირთა მოედანზე შუქნიშანი მოეწყობა
12:53:30     10-04-2023
გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებები შედის. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაგეგმილია სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება.
„მოგეხსენებათ, გმირთა მოედანი ქალაქის ერთ-ერთი პრობლემური სატრანსპორტო კვანძია, სადაც ბევრი ავტომობილი იყრის თავს და გადაადგილება შეუძლებელია, განსაკუთრებით პიკის საათებში. ამ კვანძის ამჟამინდელი გეგმარებით, რამდენიმე მიმართულების კვეთა ხდება დარეგულირების გარეშე - ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან, ასევე, კოსტავას ქუჩისა და თამარ მეფის გამზირიდან, რაც ართულებს ნაკადების შეუფერხებელ გადაადგილებას. კვანძზე შუქნიშნის ობიექტის მოწყობით, არსებული ნაკადები დაიყოფა, რაც გააუმჯობესებს გამტარუნარიანობას. დაგეგმილი ცვლილებები დადებითად აისახება, როგორც კერძო ავტომობილების, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.