ალექსანდრე ყაზბეგი - „მე მთიელი ვარ“ (და ორი სხვა ლექსი)
10:54:27     31-08-2011
რამდენიმე დღის წინ დიდი ალექსანდრე ყაზბეგის მამის, მიხეილ ყაზბეგის ლექსი გამოვაქვეყნეთ. დღეს ალექსანდრე ყაზბეგის ლექსები გავიხსენოთ.
ალექსანდრე ყაზბეგი 12 წლის იყო, როცა მისი ლექსი „ნანა“ ივენე კერესელიძემ დაბეჭდა „ცისკარში“. ეს მოხდა 1861 წლის დეკემბრის ნომერში.
დიდი მწერლის ლექსების პატარა კრებული „ალ. ყაზბეგის დაუბეჭდავი ლექსები“ 1910 წელს დაბეჭდა გამომცემელმა გრიგოლ ჩარკვიანმა და დაურთო წინასიტყვაობა:
„ეს ლექსები გადმომცა მე ალ. ყაზბეგმა 1889 წელსა. იმ დროს მე მქონდა წიგნის მაღაზია სემინარიის პირდაპირ. მთხოვა, რომ გამომეცა, მაგრამ დროთა ვითარების გამო ვერ გამოვეცი. და რადგან არ გვინდა, რომ დაიკარგოს და უსარგებლოდ ჩაიაროს მის შრომამ, ამისთვის განვიზრახეთ და გემოვეცით ცალკე წიგნად.
სხვათა შორის განსვენებულს ვეღარ უჭრიდა თვალთ და მის ნაკარნახით დამაწერინა „ანდერძი“, რომლის დედანზეც უწერია ხელი“.
გულსატკენია, რომ დიდი მწერალი, ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი სიამაყე, ვერ მოესწრო ამ კრებულის გამოცემას. გენიოსებს ბედი ხშირად მწარედ დასცინის, მაგრამ დიდი ტალანტი ყოველთვის იმარჯვებს ბედისწერაზე, ეს მხოლოდ დროის ამბავია...
ალექსანდრე ყაზბეგის შესახებ საუბარი სხვა დროსაც განვაგრძოთ. მინდა ერთი პუბლიკაცია მივუძღვნა მის დამოკიდებულებას ოკუპანტებისადმი...
* * *
მე მთიელი ვარ, არ ვიცი
თქმა და უკუთქმა სიტყვისა;
სალსა კლდეს ფიქრი არა აქვს
არც წვიმის, არცა სეტყვისა.
ბევრჯელაც ზეცა დასჭექებს,
და ბევრჯელ მეხი დაჰკრავსო,
მაგრამ მთას გუდა-ნაბადი
თავისი ზედვე აკრავსო.
ვინც მიყვარს, მიყვარს ნამდვილად,
მისკენ მაქვს ფიქრი, გონება,
ცხადათა, ძილში, სიზმარში
გული მას დაეკონება.
მის ყოფნით მხოლოდ ქვეყანა
თვალს და გულს მოეწონება,
სულიცა გალაღებული,
თუნდ ზეცას აეწონება.
ედემში ლხინად რომ ვიყო,
გრძნობას ის მოეჩვენება,
თუნდ ჯოჯოხეთში ვიწოდე,
წინ ხატად დამესვენება.
უმისოდ ყველა ფუჭია -
ლხინიც კი მომეწყინება,
მთად ცვარსა მზე თუ განშორდა,
სიცივით გაიყინება.
მიყვარს მთა
მიყვარს მთა ამაღლებული,
რასაც წყარონი სდიანო,
მოჩუხჩუხებენ, ედემსა
საგრილობელად ხდიანო.
იქავე მწვანე ველები
შორს და შორს გამოჩნდიანო
და მთაზედ თეთრი ზოლები
სურათს ედემად ხდიანო.
მიყვარს რო მათსა თავებზედ
გვირგვინად შუქნი კრთიანო,
და ნაზს მიჯნურად ბურუსნი
ყელს მკლავით შემოსჭდიანო.
მიყვარს მათ ზევით როდესაც
ვარსკვლავთა სხივნი კრთიანო,
ველ-ტყიან გორაკეები,
რაც კი ბილილებს ზრდიანო.
მიყვარს მთად ყვავილთ ალერსი,
რაც გულს ედემად შლიანო,
და სადაც სწრაფი ნიავი
დამრწევად იახლიანო.
სადაცა შეხურებულსა
შუბლს ოდნავ დაჰქროლიანო,
სადაც ელვასვით ნაწინწლებს
თოლები ისროლიანო,
სადაც ძლიერი ბუნება
გულს სწრაფად გვიხიბლიანო.
მთვარეს
მთვარევ, განმშორდი, ტიალო!
გაბრუნდი, გამეცალეო,
არა მწამს შენი ალერსი,
სიკვდილი დამაცალეო.
გახარებული რას დამცქერ!
შენც გნახავ მტირალს მალეო,
შენც ჩემებრ დაიბურები
ნისლით დღეს, ანუ ხვალეო!
მაშ მითხარ, რაღას კაშკაშებ,
რაღას ციმციმებ, მთვარეო?
შენის ცქერითა ნაღველი,
ჩუხ-ჩუხით გადმოვღვარეო!
გეყოფა! ღმერთი იწამე,
გრძნობა ნუ დამაძალეო,
ცას ვფიცავ, სულით ხორცამდის
სრულიად მოვიშალეო!
ნუთუ, არც გული გქონია,
არც კაცის შებრალებაო?
გრძნობავ! შენ მაინც განმშორდი,
მოიღე მოწყალებაო!
მთვარევ! გეყოფა, გაბრუნდი,
განმშორდი, გამეცალეო,
სულთმობრძავს სულის ამოსვლა,
სიკვდილი დამაცალეო!...
(1889)