შექსპირის წყევლა და საქმეშემოლეული თეკერეი
00:04:37     31-08-2011
„ოტელოს“ და „ჰამლეტის“ ავტორი „კაიფის ქვეშ" ხომ არ იყო? - დაფიქრდა სამხრეთ აფრიკელი ანთროპოლოგი ფრენსის თეკერეი. მან ბრიტანეთის მთავრობას უფლება სთხოვა უილიამ შექსპირის ნეშტის ექსგუმირებისათვის, წერს news info. რამდენიმე წლის წინ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს მარიხუანის ნარჩენები რვავე ჩიბუხში, რომლებიც მწერლის სახლის ბაღში იპოვნეს. ეს არც ისე გასაკვირი უნდა იყოს. იმ ეპოქაში ყოველი მეორე წამალზე „იჯდა“.
ოპიუმი სწრაფად ვრცელდებოდა მაშინდელ საზოგადოებაში. არ ეწეოდა მხოლოდ ის, ვისაც უბრალოდ ეზარებოდა. მეცნიერები მანამდეც ეჭვობდნენ, რომ მწერლის კბილებს შორის გაჩენილი ჩაღრმავებები სწორედ იმაზე მიანიშნებდა, რომ იგი ხშირად ეწეოდა.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მივიღებთ მისი ცხოვრების მკაფიო სურათს, გავიგებთ, რა დაავადებები სჭირდა მას და ვიმედოვნებთ, გავიგებთ - როგორ გარდაიცვალა. ჩვენ ვოცნებობთ გამოვაქვეყნოთ ჩვენი კვლევის შედეგები 2016 წლისათვის, მაშინ, როდესაც მისი გარდაცვალებიდან ზუსტად 400 წელი გავა.“- განაცხადა თეკერეიმ.
ექსპერტები დაინტერესდნენ, რა როლს თამაშობდა ნარკოტიკი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი დრამატურგის ცხოვრებაში. მისი პოეზია „კაიფის“ ქვეშ ხომ არ დაიბადა? მითუმეტეს, მის სონეტებში ორი ისეთი ფრაზაა ნაპოვნი, რომელნიც მეტაფორულად გამოხატავენ მარიხუანის გამოყენების ეფექტს, წერს eurosmi.ru.
პრინციპში, უკვე სულერთია, შექსპირი ნარკოტიკით გარდაიცვალა, თუ სხვა რამით. ის კი ცნობილია, რომ შთამომავლებს დაუბარა, ჩემს ნეშტს არავინ შეეხოსო. მის საფლავზე გარკვევით წერია: „წყეულიმც იყოს ის, ვინც ჩემს მტვერს შეეხება!“
თეკერეიმ ეს, რა თქმა უნდა, იცის, მაგრამ მაინც თავისას ცდილობს. „არავის გაკვეთას არ ვაპირებ, შეგვიძლია გამოვიყენოთ პორტატული ლაზერული დანადგარი, ნეშტს ისე გამოვიკვლევთ, საფლავის ქვას არც კი შევეხებით“ _ ამბობს თეკერეი.
იოჰანესბურგის უნივერსიტეტის მეცნიერები, ექსგუმაციის ნებართვას ელოდებიან ბრიტანული ეკლესიისგან. როგორც FoxNews.com იუწყება, მათ ეკლესიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ არავითარი ნებართვის მოთხოვნა არ მიუღიათ. უილიამ შექსპირი, დიდი ინგლისელი დრამატურგი და პოეტი, გარდაიცვალა 1616 წლის 23 აპრილს. 52 წლის ასაკში. მისი გარდაცვალების მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს დაუზუსტებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის სასმელით გარდაიცვალა.