"სატანას" ბაზაზე შექმნილი მშვიდობიანი "დნეპრი"
22:19:37     30-08-2011
30 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში, რუსეთში დომბაროვსკში დისლოცირებული სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების სამხედრო შენაერთიდან გაშვებულმა რაკეტ-მატარებელმა "დნეპრ", ორბიტაზე წარმატებით რამოდენიმე თანამგზავრი გაიყვანა. აღნიშნული რაკეტა რუსულ-უკრაინული თანამშრომლობის ნაყოფია. მისი ექსპლუატაცია 1999 წლიდან ხდება. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ თავის დროზე ეს რაკეტა ორბიტაზე თანამგზავრების გასაყვანად კი არა, მესამე მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში, ამერიკის გასანადგურებლად შეიქმნა.
"დნეპრი" საბჭოთა პერიოდში შექმნილი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა Р-36М-ის ბაზაზე შეიქმნა. ეს უკანასკნელი შეიარაღებაში 1975 წელს მიიღეს და დღემდე თავის კლასში მსოფლიოში ყველაზე ძლიერ იარაღად რჩება. დიდი დამანგრეველი ძალის გამო ამერიკელებმა მას "სატანა" შეარქვეს.
ორსაფეხურიანი რაკეტა სტარტს მიწისქვეშა შახტიდან იღებს. "სატანას" სიგრძე 33.6 მ-ს შეადგენს, დიამეტრი კი - 3 მ-ს. მისი სასტარტო მასა 209200 კგ-ია. რაკეტის ფრენის მანძილი მის "სასარგებლო დატვირთვაზეა" დამოკიდებული. მისი სახით მას ერთი მონობლოკური 20 მეგატონიანი ატომური საბრძოლო ქობინის, ან ერთი 8 მეგატონიანი ატომური საბრძოლო ქობინის, ან ათი განცალებადი საბრძოლო ქობინის წაღება შეუძლია. ამ შემთხვევაში თითოს სიმძლავრე 0.4 მეგატონას შეადგენს ტროტილის ექვივალენტში. შესაბამისად ფრენის მანძილი 10500 კმ-დან 16000 კმ-მდე ვარირებს.
"სატანა" დღესაც შეიარაღებაში რჩება. მაგრამ თანდათანობით ძველი რაკეტების ექსპლუატაციიდან გამოყვანა ხდება. შემდგომ მათ სამოქალაქო მიზნებში გამოსაყენებლად მცირე მოდერნიზაციას უტარებენ. მაგალითად აგვისტოში გაშვებული რაკეტა-მატარებელი "დნეპრი" 1983 წელს იყო დამზადებული და თითქმის 25 წლიანი საბრძოლო მორიგეობის შემდეგ, ექსპლუატაციიდან 2008 წელს მოიხსნა.
ხალხის სასიკეთოთ "სატანის" გამოყენების იდეა მის გენერალურ კონსტურქტორს ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში გაუჩნდა. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, სსრკ-სა და აშშ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება "სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირება 1"-ის ფარგლებში, რუსებს არსებული "სატანების" ნახევარი უნდა გაენადგურებინათ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი როდესაც ყველგან უფულობა სუფევდა, კომერციული თანამგზავების გაშვება საკამოდ შემოსავლიან საქმეს წარმოადგენდა.
თავად რაკეტა უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში არსებულმა საკონსტრუქტორო ბიურო "იუჟნოემ" შექმნა. მაგრამ უკრაინას მისი გამშვები შახტები არ გააჩნდა. ამიტომაც იძულებული იყო რუსეთთან ეთანამშრომლა. "დნეპრის" პირველი გაშვება 1999 წლის 21 აპრილს შესდგა. მაშინ ორბიტაზე ინგლისური სამეცნიერო-კვლევითი თანამგზავრი UoSAT-12 გაიყვანეს.
სხვათა შორის რაკეტის გამოყენება ორბიტაზე რამოდენიმე თანამგზავრის გასაყვანადაც შეიძლება. მაგალითად, 2004 წელს "დნეპრმა" კოსმოსში ერთდროულად რვა თანამგზავრი გაიყვანა. აქედან სამი საუდის არაბეთს, სამი - აშშ-ს და თითო-თითო შესაბამისად იტალიასა და საფრანგეთს ეკუთვნოდა.
კომერციულ პირობებს მორგებულ რაკეტა-მატარებელს, 300-დან 900 კმ-მდე სიმაღლის ორბიტებზე საერთო ჯამში 3700 კგ-ის ტოლი სასარგებლო დატვირთვის გატანა შეუძლია. მისი ერთი სტარტი საშუალოდ 180 მილიონი ევრო ჯდება.
არსებობს რაკეტა-მატარებლის რამდენიმე მოდიფიკაცია. საბაზო "დნეპრი-1". ის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური "სატანისგან" პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება, ცხვირა გარსშემომდენის გარდა.
მოდიფიკაციაზე "დნეპრ-მ" კი სასარგებლო დატვირთვის მაღალ ორბიტაზე გასაყვანად, უფრო ხელსაყრელი პირობებია შექმნილი. მოდერნიზაცია რაკეტ-მატარებლეზე ორიენტაციისა და სტაბილიზაციის დამატებით ძრავების დაყენებას ითვალისწინებს. ცვლილებები ასევე მართვის სისტემასაც შეეხო.
დღემდე რაკეტა-მატარებლის "დნეპრის" გამოყენებით ჩვიდმეტი სტარტი შესდგა. აქედან წარუმატებელი მხოლოდ ერთი იყო. 2006 წლის 26 ივლისს, რიგით 7-ე გაშვებისას, პირველი საფეხურის ძრავა, ფრენის 74-ე წამზე ავარიულად გაითიშა. ამის გამო რაკეტა სასტარტო მოედნიდან 150 კმ-ში, ყაზახეთისა და უზბეკეთის საზღვრის მახლობლად ჩამოვარდა. მართალია რაკეტის ჩამოვარდნას მსხვერპლი არ მოყოლია, მაგრამ მის ბორტზე არსებული 18 თანამგზავრი განადგურდა. მათ შორის პირველი ბელორუსიული თანამგზავრი "ბელკა" და მსოფლიოს სხვადასხვა ტექნიკური უნივერსიტეტების 17 მიკროთანამგზავრი.
ავარიის მიზეზების გასარკვევად, სპეციალური კომისია შეიქმნა. რაკეტის ფრაგმენტების მოძიებაზე კი 1.5 მილიონი დოლარი დაიხარჯა. რაკეტა თხევადსაწვავიანია და სინთეთიკურ არაეკოლოგიურ საწვავს მოიხმარს. რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ ყაზახეთმა რუსეთ-უკრაინას სერიოზული პრეტენზიები წაუყენა და მიყენებული ეკოლოგიური ზარალის ასანაზღაურებლად 333 მილიონი დოლარი მოითხოვა.