"ახლა ბევრად უარესადაა, 4 ოქტომბრის შემდეგ განსაკუთრებით გაუარესდა მდგომარეობა" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
12:21:08     13-02-2023
CNN–მა კლინიკა "ვივა მედში" მყოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის კადრები რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. კადრები გასული წლის 4 და 6 ოქტომბრით თარიღდება. აღნიშნულზე კომენტარი სააკაშვილის დედამ გააკეთა. გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოქტომბრის შემდეგ გაცილებით დამძიმდა:
"სახალხო დამცველის ჩართულობა ძალიან კარგია, რა თქმა უნდა. სააკაშვილმა თვითონ მიმართა თხოვნით, რომ შემდგარიყო ეს შეხვედრა და ძალიან კარგია, რაც უფრო ადრე მოხდება, რა თქმა უნდა, ჯობია. სუსტადაა ისევ, როგორც ყოველთვის, ყველაფერი უჭირს, სიარული, ჭამა და ა.შ. ახლა ბევრად უარესადაა ვიდრე მაშინ, განსაკუთრებით 4 ოქტომბრის შემდეგ გაუარესდა მისი მდგომარეობა, ძალიან სწრაფად წავიდა ეს პროცესი, სამწუხაროდ, ესაა რეალობა", – განაცხადა გიული ალასანიამ.