ბათუმის საავტორო ფილმების, მე-6 საერთაშორისო კინოფესტივალი
14:32:23     30-08-2011
ბათუმის საავტორო ფილმების მე-6 საერთაშორისო კინოფესტივალი 17-24 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ, „პრესა.ჯი”-ს ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს. მათი ინფორმაციით, წელს, კინოფესტივალში, დაახლოებით 23 ქვეყანა მონაწილეობს და ფესტივალზე წარმოდგენილია 50-მდე სრულმეტრაჟიანი და 30-მდე ახალგაზრდული, მოკლემეტრაჟიანი ფილმები.
კინოფესტივალის პროგრამა შედგება სექციებისგან: საერთაშორისო მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია, საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია, საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექცია და აბრეშუმის გზის ქვეყნების - (თურქეთი, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი) ოსტატთა კოლექცია, ასევე, - MEET THE JURY სექცია, რომელშიც შედის, ჟიურის წევრი რეჟისორების ფილმების წარმოდგენა და მასტერკლასების ჩატარება.
ამასთან, ორგანიზატორთა განცხადებით, კინო–ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ხელშეწყობით, 21-23 სექტემბერს ინდუსტრიული შეხვედრები გაიმართება, რომელსაც დაესრებიან - ევროპის კინოაკადემიის, ბალსის ფონდის (როტერდამის კინოფესტივალი), EAVE-ის, პოლონეთის კინოინსტიტუტისა და ა. ვაიდას სკოლის წარმომადგენლები და პროდიუსერები.
კინოფესტივალის ორგანიზატორი ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი”, ხოლო ოფიციალური პარტნიორი ქ. ბათუმის მერიაა. კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან ასევე, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, კულტურის სამინისტრო, პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი და აშშ საელჩო და ა.შ
შეგახსენებთ, რომ ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც უკვე მეექვსე წელია ტარდება, ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებას წარმოადგენს. კინოფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით სხვადასხვა წელს იმყოფებოდნენ - კრისტოფ ზანუსი, იერჟი რაძივილოვიჩი, იერჯი შტური ზბიგნევ რიბჩინსკი (პოლონეთი), იოს სტელინგი (ჰოლანდია), ნინო კირთაძე, ნანა ჯორჯაძე, ირაკლი კვირიკაძე (საქართველო), მანიჯე ჰეკმათი, პეგა აჰანგარანი, მოჰსენ ამირუსაფირი, აბას კიაროსტამი (ირანი), პაველ პავლიკოვსკი (დიდი ბრიტანეთი), მიხეილ კობახიძე(საფრანგეთი) და სიდიქ ბარმაკი (ავღანეთი).