"ეს გამარჯვება ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიას, ყველა პოლიტპატიმარს, ქართველ ხალხს" - ლევან ხაბეიშვილი
15:04:36     30-01-2023
"ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მხარდამჭერებმა მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ეს გამარჯვება ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის და პირველი გადაწყვეტილებები პარტიაში დაკავშირებული იქნება მესამე პრეზიდენტის თავისუფლებისთვის ბრძოლასთან.
"ამ არჩევნებით ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება, ბრძოლის ველიდან გაყვანა შეუძლებელია. ამ არჩევნებით ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა, რომ ის არის არა ერთი რიგითი პარტია, არამედ დიდი ერთობა ჩვენი დაუღალავი ხალხისა, რომელსაც სწყურია გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დავუმტკიცეთ ყველას, მტერსაც და მოყვარესაც, ყველას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ ერთგულები ვართ იმ ღირებულებების, რომლებიც სათავეში ედო ენმ-ს დაფუძნებას, ერთგულები ვართ იმ ფასეულობების, რომელმაც შექმნა ვარდების რევოლუცია. დემოკრატია ჩვენთვის სიტყვის მასალა არ არის, ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი პარტია საქართველოში, რომელიც საქმით ამტკიცებს დემოკრატიული, დასავლური ფასეულობების ერთგულებას, ეს არჩევნები ამის ნათელი და პირდაპირ გამოვლინებაა. ჩვენ არ ვაპირებთ ცხადია ზეიმს, დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენ ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოს", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, ის ყველასთან თანამშრომლობისთვის არის მზად:
"მიშა, მინდა შეგპირდე, რომ ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება არ იქნება უზრუნველყოფილი. ეს გამარჯვება ეკუთვნის ნიკა გვარამიას, რომელმაც თავისი პირადი მაგალითით დაამტკიცა, რომ ამ ბრძოლაში ჩვენი გატეხა შეუძლებელია. ეს გამარჯვება ეკუთვნის ყველა პოლიტპატიმარს, რომელიც პოლიტიკური ნიშნით იხდის სასჯელს რუსი ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში. ეს გამარჯვება ეძღვნება ჩვენს ძმებს და დებს უკრაინაში. უკრაინა ჩვენს გულშია და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ლვოვიდან ხარკოვამდე და კიევიდან ოდესამდე, რომ ჩვენ მათ გვერდში ვართ მყარად, რომ ქართველი ხალხი ჩვენი უკრაინელი მეგობრების გვერდითაა. ეს გამარჯვება ასევე ეკუთვნის ნიკას და მის მომხრეებს, ნონას და მის მხარდამჭერებს, გიორგის და მის დაუღალავ თანამებრძოლებს. მე დღეს გიწვდით მეგობრობის ხელს, ჩემი მთავარი ამოცანაა გავერთიანდეთ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.