"სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არის გათავისუფლების ერთ-ერთი ფორმა, ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს " – ირაკლი კობახიძე
16:00:31     30-11-2022
მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არის გათავისუფლების ერთ-ერთი ფორმა. არ შეიძლება, ეს საკითხები პოლიტიკური დისკუსიის საგანი იყოს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ნებისმიერ თემაზე, რომელიც პატიმარს უკავშირდება, გადაწყვეტილებას სახელმწიფო უწყებები იღებენ და არ შეიძლება, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური იყოს. როცა რადიკალური ოპოზიცია და ლობისტები გვთავაზობენ, საკითხი პოლიტიკური გავხადოთ, ეს სამართლისა და კანონის მიმართ მათ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. არ შეიძლება, ეს საკითხი პოლიტიკური დისკუსიის საგანი იყოს. იმიტომ არის პოლიტიკური დისკუსიის საგანი, რომ ამ ყველაფრის უკან მათი პოლიტიკური მიზანი დგას, ქვეყანაში ვითარების არევა უნდათ.
ერთადერთი, რის გამოც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება სურთ, არის ის, რომ როგორმე ქვეყანა არიონ, რაც ვერ მოახერხეს – იგივე ცხელი შემოდგომა და ასე შემდეგ. ამის მიღწევა სააკაშვილის გათავისუფლებით უნდათ. რა თქმა უნდა, ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს და ამაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება არც უნდა იყოს მიღებული, გადაწყვეტილებას სახელმწიფო უწყებები იღებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.