"მშვიდობაა მთავარი სიკეთე, რომელიც 2022-მა წელმა გვაჩუქა" - კახა კალაძე საახალწლო სლოგანის შეცვლაზე
11:48:15     30-11-2022
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საახალწლო სლოგანის შეცვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
"მინდა ერთ საკმაოდ შემაშფოთებელ ტენდენციას გამოვეხმაურო, ესე იგი, საკმარისია ხელისუფლებამ, დედაქალაქის მთავრობამ, ან გნებავთ თუნდაც საზოგადოების მხრიდან გაჩნდეს საყოველთაო ფასეულობებზე დაფუძნებული იდეა, ინიციატივა, რომ მაშინვე, მყისიერად იწყება ბულინგი, იწყება შეურაცხყოფის მიყენება, ცილისწამება, არ ვიცი რა დავარქვა ამ მდგომარეობას, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს არ არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა.
გუშინ კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს ჩვენი საახალწლო სლოგანი "მშვიდობის ქალაქი" წარმოეჩინათ, როგორც ნიშნის მოგება ჩვენი უკრაინელების მიმართ, რაც არის უმძიმესი სპეკულაცია და პროვოკაცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის მიმართ სიყვარულით გამსჭვალული ადამიანი არასდროს იკადრებს და არასდროს გააკეთებს. თუმცა მე კარგად მესმის, რომ ამ ადამიანებს სამშობლოს მიმართ არც სიყვარული გააჩნიათ, არც პატივისცემა და არც ღირსება. [...]
იმ უმძიმეს ვითარებაში, რომელიც ჩვენს რეგიონში და ზოგადად თანამედროვე სამყაროშია შექმნილი, სწორედ მშვიდობაა მთავარი სიკეთე, რომელიც თბილისელებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 2022-მა წელმა გვაჩუქა და რომელსაც დამდეგი 2023 წლისგან ყველა თბილისელი და ყველა ქართველი ისურვებდა. ამასთან, პირველი ვისაც თითოეული ჩვენგანი, თითოეული ქართველი და თბილისელი ერთმანეთის შემდეგ მშვიდობას უსურვებდა, სწორედ ჩვენი კიეველი და უკრაინელი მეგობრები არიან. დიახ, მშვიდობა იყო, არის და იქნება მუდამ მთავარი ღირებულება, რაზეც ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და ის რომ ჩვენი და ზოგადად მსოფლიოს ყველა ქალაქი უნდა იყოს მშვიდობის ქალაქი, ეს მავანთათვის თურმე კითხვებს აჩენს, თურმე ჩვენ როგორ გავბედეთ და როგორ ვახსენეთ მშვიდობა, რომლისკენაც ყველა ქვეყანა, მათ შორის ჩვენი მეგობარი უკრაინა მიისწრაფვის", – განაცხადა კალაძემ.