როგორ გადაუარა პოლიციელს ავტომანქანით, აქციიდან გაქცეულმა, ბიწაძის მძღოლმა

  17:23:33     29-08-2011

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, მიმდინარე წლის 25 მაისის აქციებში მონაწილე ორი პირის საქმის განხილვა დაასრულა. მათ შორის გახლდათ ბადრი ბიწაძის მძღოლი - შაქრია ზურაშვილი. იმ ღამეს, აქციის მონაწილეთა (მათ შორის ლიდერების) ნაწილმა, რომლებიც ადგილზე ავტომანქანებით იყვნენ მისული, პოლიციის თანამშრომლების გამოჩენისთანავე ტერიტორიის დატოვება გადაწყვიტეს და ისეთი სიჩქარით გაიქცნენ, რომ პოლიციის რამდენიმე თანამშრომელს გადაუარეს. აღნიშნული კადრები შს სამინისტრომ არაერთხელ გაავრცელა.  

შესაბამისად, ბადრი ბიწაძის მძღოლს, შაქრია ზურაშვილს  ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფურად, მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოხლისთვის, მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

საქმის მასალების მიხედვით "2011 წლის 25 მაისს, შაქრია ზურაშვილი, რომელიც იყო ბადრი ბიწაძის ოჯახის მძღოლი, მონაწილეობას იღებდა ქ. თბილისში, პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი მოძრაობა "სახალხო კრების" მიერ ორგანიზებულ აქციაში, რომელიც ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ სანქცირებული იყო 2011 წლის 25 მაისის 24:00 საათამდე. 

მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც იმყოფებოდნენ პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და მონაწილეობდნენ არასანქცირებულ აქციაში. მათი მიმართულებით წასული სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების დანახვაზე, აქციის მონაწილეების ნაწილმა, მათ შორის შაქრია ზურაშვილმა, მიიღეს გადაწყვეტილება დაეტოვებინათ პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია, რის გამოც სწრაფად ჩასხდნენ ავტომანქანებში.

შაქრია ზურაშვილი, სხვა პირებთან ერთად ჩაჯდა იქვე მახლობლად გაჩერებულ, მისი მართვის ქვეშ მყოფ შავი ფერის "ტოიოტა-პრადოს" მარკის ავტომანქანაში და მეტრო "თავისუფლების მოედნის" მიმართულებით გაემართა. აღნიშნულ პერიმეტრს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის თანამშრომელბი აკონტროლებდნენ. მათ ხელის მოძრაობით ანიშნეს ზემოაღნიშნული ავტომანქანის მფლობელს

მიუხედავად იმისა, რომ შაქრია ზურაშვილმა ნათლად დაინახა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მოთხოვნა, მან არ შეწყვიტა სვლა, პირიქით, სწრაფი სვლით გაემართა პოლიციის თანამშრომელთა მიმართულებით, რომლებიც შეეცადნენ დერეფნის გაკეთებას, რათა კანონდარღვევით მოძრავ მანქანებს შესაძლებლობა მისცემოდათ უსაფრთხოდ გაევლოთ ტერიტორია.

მიუხედავად აღნიშნული მცდელობისა, ავტომანქანების კოლონიდან ერთ-ერთი ავტომანქანა შეეხო და წააქცია პოლიციის კორდონში მყოფი საქართველოს შსს-ს კონსტიტუციური  დეპარტამენტის ქ. თბილისი ტერიტორიული მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ნინოშვილი, რომელიც აღნიშნული ავტომანქანის მარჯვენა მხარეს გადავარდა. ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით CBG-777, რომელსაც მართავდა მძღოლი შაქრია ზურაშვილი წავიდა მისი მიმართულებით.

ნინოშვილმა შეძლო ფეხზე წამოდგომა და მას ხელით სვლის შეჩერება ანიშნა. შაქრია ზურაშვილმა არ მისცა ლევან ნინოშვილს შესაძლებლობა უსაფრთხო ადგილას გადაადგილებულიყო. მან ავტომანქანის მართვის სიჩქარეს მოუმატა და მარცხენა საბურავით სამართალდამცავს სხეულზე გადაუარა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ შაქრია ზურაშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ლევან ნინოშვილი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. აღნიშნული შემთხვევის შედეგად, ლევან ნინოშვილმა მიიღო სხეულის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები."  

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, მის მიერ წარდგენილი ბრალდება უტყუარად იქნა დადასტურებული გამოკვლეული მტკიცებულებებით. კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო სხდომაზე ექსპერტიზის მიერ მიცემული ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლიობით. სასამართლომ ზურაშვილს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

მას ასევე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა დანაშაულის იარაღის - მისი მართვის ქვეშ მყოფი "ტოიოტა-პრადოს" სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამორთმევა. დღესვე, თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა 25 მაისის აქციის კიდევ ერთ მონაწილეს, რომელსაც ბრალად იგივე დანაშაული ედებოდა, რასაც შედეგად პირის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მოჰყვა.Mივანე ჩიღვინაძე, ავტომანქანით პოლიციის კორიდორში მყოფ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ტერიტორიული მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს, გიორგი დათიაშვილს დაეჯახა.

რის შემდეგაც იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო გიორგი დათიაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტომანქანის შეჯახების შედეგად დათიაშვილმა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, ივანე ჩიღვინაძემ დანაშაული აღიარა.Gგარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დანაშაული დადასტურებულ იქნა მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით, ვიდეო მასალით, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ვიდეო სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა და ექსპერტიზის დასკვნებით.  

სასამართლომ დაამტკიცა მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება და ჩიღვინაძეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 4 წელს მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა მისი მართვის ქვეშ მყოფი "ტოიოტა-ლენდკრუიზერი".