საპენსიო სააგენტო შესაძლოა ნაწილობრივ საკრედიტო ინსტიტუტად გარდაიქმნას
20:54:04     10-11-2022
საქართველოს საპენსიო სააგენტო, რომელიც 1.3 მილიონი მოქალაქის 2.8-მილიარდიან დანაზოგებს ინახავს, შესაძლოა, აქტივების მმართველი ფონდიდან ნაწილობრივ საკრედიტო ინსტიტუტად გარდაიქმნას.
მსხვილი კერძო პროექტების დაფინანსების შესაძლებლობის შესახებ პარლამენტში გამართულ მოსმენაზე საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ფონდს უნდა შეეძლოს მონაწილეობა მიიღოს სტრატეგიული მნიშვნელობის საინვესტიციო პროექტების დაფინანსებაში მაქსიმუმ ⅓-ის წილით, იმ შემთხვევაში თუ პროექტის დაფინანსებაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც არიან ჩართული.
ამჟამად პარლამენტი უკვე განიხილავს დაგროვებით საპენსიო სისტემაში შესატან ცვლილებებს, რომელთა შედეგადაც საპენსიო ფონდს იპოთეკით უზრუნველყოფილ ობლიგაციებში შეეძლება თანხების დაბანდება. გოგა მელიქიძის განმარტებით, ეს ცვლილება აუცილებელია, რადგანაც ამ სახის ფინანსური აქტივის შესახებ ქართულ კანონმდებლობაში ჩანაწერი სულ ახლახან გაჩნდა და შესაბამისად, ის დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონშიც უნდა არსებობდეს.
,,გვინდოდა, გაგვეფართოებინა სხვა აქტივების კლასებიც, ისეთი როგორიცაა კერძო ფონდებში ინვესტირება, ასევე გვქონდეს პირდაპირ პროექტში შესვლა, მხოლოდ საერთაშორისო ფინანსურ ინვესტორთან, დიდ სტრატეგიულ ინვესტორთან და მხოლოდ ⅓-ის ფარგლებში. ანუ გვინდა, რომ გავაჩინოთ სივრცე პირდაპირი ინვესტიციისთვის“, - განაცხადა გოგა მელიქიძემ.
დაგეგმილ ცვლილებებთან და საპენსიო სააგენტოს მანდატის გაფართოებასთან დაკავშირებით გოგა მელიქიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფონდს უფრო მეტ აქტივების კლასში უნდა შეეძლოს ინვესტირება.
,,რაც შეეხება მანდატის გაფართოებას, რომ შევხედოთ ჩვენს საინვესტიციო სივრცეს, სად შეგვიძლია ინვესტიციის განხორციელება, ყველაზე დიდი ბაზარია დეპოზიტები, რაც, დაახლოებით, 20 მილიარდი ლარის ბაზარია, მას მოჰყვება შემდეგ სახაზინო ობლიგაციების ბაზარი, რომლის მეორადი ბაზრის ზომაც 6.2 მილიარდი ლარია, თუმცა ლიკვიდურობა საკმაოდ დაბალია. შემდეგ ადგილზეა ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები, რომლის ზომაც არის 200 მილიონი ლარი, აქედან ჩვენი შესაბამისი საკრედიტო რეიტინგი აქვს 120 მილიონამდე ფასიან ქაღალდებს. გვაქვს 2.8 მილიარდი ლარი სამართავად, რაც არის ამაზე მრავალჯერ მეტი თანხა და ვერანაირი ტოლობა ვერ დგება, რომ კორპორაციული ობლიგაციები შევისყიდოთ უფრო მეტად. ამასთან, კორპორაციული ობლიაციები არის დეპოზიტარების ხელში და იქ ლიკვიდურობა არის ნულის ტოლი. ყოველდღე ვწერთ ბროკერებს, რა არის დღეს გასაყიდი და ყველა გვპასუხობს, რომ არაფერი.
კორპორაციული ობლიგაციების პირველად ბაზარზე ველოდებით რამდენიმე ემისიას და ორივეში დიდი ინტერესით მივიღებთ მონაწილეობას. აქედან გამომდინარე დადგა მანდატის გაფართოების საკითხი. სებ-მაც თავად რამდენიმე ახალი ინსტრუმენტი შექმნა, მათ შორის იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციები, რომლებიც კანონის მიღების დროს არ არსებობდა. ამიტომაც ჩავთვალეთ, რომ უნდა გაჩნდეს ჩვენ კანონშიც ასეთი ჩანაწერი, რათა ამ აქტივზეც გვქონდეს წვდომა. ამავდროულად დავწერეთ, რომ თუკი 10%-იანი ლიმიტი გვაქვს ემისიებში მონაწილეობის, ეს ხომ არ გავზარდოთ 25%-მდე. რაც შეეხება საკრედიტო რეიტინგს, მასთან მიმართებითაც არის სებ-თან მოლაპარაკება, რომ საკრედიტო ლიმიტები მოვუშვათ. ასევე გვინდოდა, გაგვეფართოებინა სხვა აქტივების კლასებიც, ისეთი როგორიცაა კერძო ფონდებში ინვესტირება,” - განაცხადა გოგა მელიქიძემ.