გოეთეს დაბადების დღისადმი („მაჰმადის სიმღერა“)
11:27:09     29-08-2011
1749 წლის 28 აგვისტოს მაინის ფრანკფურტში დაიბადა იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე (Johann Wolfgang von Goethe) - გენიალური პოეტი, სახელმწიფო მოღვაწე, დიდი მოაზროვნე...
მამა, იოჰან კასპარ გოეთე იყო სახელმწიფო მრჩეველი, ადვოკატი. დედას კატარინა ელიზაბეთი ერქვა. მამა იყო მომთხოვნი, პედანტი კაცი და ძალიან წესიერი ადამიანი. დედამ შეაყვარა ისტორია, კითხვა.
ოჯახში ჰქონდათ დიდი ბიბლიოთეკა. იქ გაიცნო გოეთემ ჰომეროსი, ოვიდიუსი, ვერგილიუსი. 1755 წლიდან მოუყვანეს სახლში მასწავლებელი. გერმანულის გარდა ასწავლიდნენ ლათინურს, ბერძნულს, ფრანგულს და იტალიურს. ასევე სწავლობდა ცეკვას, ფარიკაობას. 1765 წელს ჩააბარა ლაიპციგის უნივერსიტეტში, შემდეგ სტრასბურგში სწავლობდა, სადაც დაიცვა დისერტაცია და გახდა სამართლის დოქტორი.
სამართალზე მეტად მედიცინა აინტერესებდა. სიყმაწვილიდანვე წერდა ლექსებს...
გავიდა დრო, გერმანიის, და არა მარტო გერმანიის, არამედ მთელი ევროპისა და მსოფლიოს, კულტურაზე დიდად იმოქმედა „ქარიშხლისა და შეტევის“ ეპოქის ერთ-ერთმა უმთავრესმა ლიდერმა.
გოეთეს გარდაცვალების დღეს ჩვენ მივუძღვენით პუბლიკაცია „მეტი სინათლე გოეთესათვის“, მერე დავბეჭდეთ მისი „მიძღვნა“, „შილერის თავისქალის ჭვრეტისას“ .
დღეს, პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ „მაჰმადის სიმღერას“ 1772-1773 ციკლიდან „სხვადასხვა ლექსები“. ამ პერიოდში გოეთეს განზრახვა ჰქონია დაეწერა დრამატული ნაწარმოები „მაჰმადი“. ნაწარმოები თარგმნილია ხარიტონ ვარდოშვილის მიერ.
გოეთე თავის ავტობიოგრაფიულ „პოეზიასა და სიმართლეში“ წერს: “ჯერჯერობით დავწერე რამდენიმე ჩართული სიმღერა, რომელთაგანაც გადარჩა მხოლოდ ერთი - „მაჰმადის სიმღერა“ და ის ახლა ჩემს ლექსებშია შეტანილიო“. თუმცა, გოეთეს, როგორც ჩანს, დრამა არ დაუწერია. იმავე ავტობიოგრაფიით ვიგებთ, რომ სიმღერა მაჰმადისადმი მიმართული სახოტბო სიმღერაა, რომელიც უნდა შეესრულებინა მაჰმადის მოწაფეს, ალის. გოეთეს კომენტატორების აზრით, პირველ რედაქციაში ის დაწერილი იყო დუეტის ფორმით, რომელიც, ალბათ, გადაავიწყდა დიდ შემოქმედს.
„მაჰმადის სიმღერის“ ფსიქოლოგიური საფუძველი „ქარიშხლისა და შეტევის“ განწყობილებაა. ფიგოფის თქმით: „ეს ლექსი დიდებით მოსავს უზენაეს ბედისწერას, იმ დიდი ღმერთისდარი გენიოსების მაღალ დანიშნულებას, რომელნიც საუკუნეთა მანძილზე ხალხთა ლამპრებად იქცევიან“.
მაჰმადის სიმღერა
ხედავ მთის წყაროს სპეტაკს,
სიხარულივით ნათელს,
მბრწინავ ვარსკვლავის სადარს?
ლეგა ღრუბლების ზევით
კეთილი სულნი ცისა
მას ძუძუს აწოვებდნენ
კლდესა და ჩირგვებს შორის.
როგორც ჭაბუკი შლეგი
მოსხლტა ღრუბელს და ცეკვით
დაეშვა მარმარ კლდეზე;
კვლავ ვერ ისვენებს, ტოკავს,
მიეჩქარება ცისკენ.
მწვერვალის ნაპრალთ შორის
მისდევს ჭრელთვალა კაჟებს
და მოძმე ნაკადულებს,
როგორც ყრმა წინამძღოლი,
თან მიაქროლებს ქვევით.
მის ტერფქვეშ იზრდებიან
ყვავილნი მწვანე ველის,
და მისი სუნთქვით ცოცხლობს
წალკოტი მრავალფერი.
ვერ ბორკავს ჩრდილოვანი
ხეობა თვალუწვდენი
და ვერც ყვავილნი კდემით
მის ფერხთით განაბულნი,
მჭვრეტნი ეშხიან თვალით.
ბარისკენ მიისწრაფის,
გველივით უკლაკნება.
მკერდში ეკვრიან ძმურად
ნაკადნი უამრავნი.
აჰა, ბარს მიაღწია,
ვერცხლისფრად მოლაპლაპემ,
და მასთან ერთად ბარმაც იწყო კიაფი ამოდ.
და ახმიანდნენ ერთად
ნაკადულები მსრბოლნი,
მყის მიესალმნენ წყაროს,
შესძახეს: - „ღვიძლო ძმაო,
თან წაგვიყვანე ჩვენაც,
ვნატრობთ ვეწვიოთ მამას -
ჩვენს მოხუც ოკეანეს.
იგი გვაგონებს ხშირად,
ხელებგაშლილი გველის.
ვაგლახ, ამაო არის
ნატვრა მოხუცი მამის!
ჩვენ ჩაგვნთქავს უდაბნოში
გაუმაძღარი სილა.
მზე სისხლს შესრუტავს ჩვენსას,
კორდი დაგვიხშობს გზასა,
ძმაო, თან წაგვიყვანე,
ძმები მთისა და ბარის
მიგვგვარე ოკეანეს“.
- „კარგი, მომყევით ყველა!“
ლარად აზვირთდა იგი,
და ძმათა მთელი მოდგმა
მყის შეუერთდა თავადს.
ქუხს, ტრიუმფალურ სვლაში
სახელებს არქმევს ქალაქთ,
მის ფერხთით დაბადებულთ.
დაუცხრომელად მიქრის,
გვერდით ჩაუდის კოშკებს,
მარმარის სასახლეებს,
ნაყოფს საკუთარ ძალის.
ატლასს ხომალდნი მიაქვს
დევისებური მხრებით.
ქშუის, თავს დაფრიალებს
ათასი იალქანი,
მისი დიდების მჩენი.
მიქრის ძვირფასი განძით,
მიჰყავს შვილები, ძმები,
რომ ჩაეკონოს მკერდში
თავის საყვარელ მამას.