გენრი დოლიძის რამდენიმე ლექსი (XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან)

  11:18:07     29-08-2011

დღეს პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ გენრი დოლიძის რამდენიმე ლექსს. მიუხედავად ახალგაზრდობისა, გენრი ცნობილი პოეტია.

დაიბადა 1988 წლის 22 ნოემბერს ქ. ქუთაისში.

1995-2006 წლებში სწავლობდა ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში. 2006-2010 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

2004 წლიდან არის საქველმოქმედო ორგანიზაცია “კავკასიონის” დამფუძნებელი და მმართველი. ლექსებს წერს 10 წლის ასაკიდან. პირველი კრებული “მთვრალი დაისი” გამოსცა 2007 წელს.

არის რამდენიმე წიგნის თანაავტორი. 2011 წელს მეგობრებთან ერთად გამოსცა პოეტური კრებული “მეცხრე ტალღა”.
2010 წლიდან არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

2010 წლის დეკემბერში აიღო ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის I პრემია.

დაჯილდოვებულია იერუსალიმის პატრიარქის მედლით.

2010-2011 წლებში მიჰყავდა საავტორო გადაცემა “პოეზიის დილა” რადიო “საქართველოს ხმაზე”. არის გამომცემლობა “მერანის” გენერალური დირექტორი.

აქტიურად მონაწილეობს ლიტერატურულ კონკურსებსა და საერთაშორისო კონფერენციებში. არის რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის პრიზიორი. მისი ლექსები თარგმნილია ოთხ ენაზე.

შენი ბრალია

ზღვამ მზეს მობანა პირი-ვნებიანს
და ცეცხლს უკიდებს შენს ბავშვურ თვალებს,
ამ ქვეყნად რაც კი გვირილებია,
დაგიკრეფ, მერე მიდი და თვალე...
მერე მიდი და, თითო ფურცელი
ცაში აპნიე ვარსკვლავცვენებად...
შენს გამოხედვას თუ გავუძელი
მწველი თვალების უხმო ჩვენებას
დაგკითხავ მერე, ვისი ბრალია,
(ცის გუმბათზე რომ ავა მზე-მაშინ)
ღიმილს რომ მიცვლი თორმეტბალიან
თორმეტბალიან გულისცემაში....
ამინდი შენი ხასიათია,
მზეს შენთან ერთად უყვარს ანთება
შენი ბრალია, ყოველ განთიადს
მთვარეს ჩასვლა რომ აგვიანდება.
ზღვამ მზეს მობანა პირი-ვნებიანს
და ცეცხლს უკიდებს შენს ბავშვურ თვალებს,
ამ ქვეყნად რაც კი ოცნებებია,
დაგიკრეფ, მერე მიდი და თვალე...

ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები

ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები, მარტის დაცლილი ჯერის,
სულიდან ლექსი ამოგიხიე, მაინც მიყურებ ყალბად...
ამბობ, რომ ლექსის დაიჯერე და ჩემი ნაკლებად გჯერა...
(ეს იგივეა, ლოცულობდე და ღმერთის არ გწამდეს, ალბათ...)
გაზაფხულია... ზეცა დახურეს ღრუბლის მაღალი ჭერით.
ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები ზალპით დაცლილი ჯერის...

გაზაფხულია, მარტი აპრილის რეპეტიციას იწყებს...
რა ხარ ასეთი სულზე დიდი და ნებისყოფაზე მოკლე?!
თუნდ ერთხელ მაინც მომაცხუნებდეს შენი თვალების სიცხე,
მერე თუ გინდა მზის შემთხვევითი სხივის გასროლით მომკლა...
ღმერთი მომასწრებს შენი თვალების წმინდა მირონი ვიცხო...
გაზაფხულია... მარტი აპრილის რეპეტიციას იწყებს!

გაზაფხულია... ხელში ყუმბარა აფეთქებია ჭერამს,
(ცა ზღვასთან დაობს, და ჩვენ ხომ ვიცით ცა მართალია ცამდე)
მომდევნო კვირტის აფეთქებამდე დამირეკავდი, მჯერა!
ღმერთის რომ ცოტა, სულ ცოტა მაინც გეშინოდეს ან გწამდეს...
ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები ზალპით დაცლილი ჯერის!
ახლა შენზეა ბოლო  გასროლა გარდაუვლობის ჯერით!
ნუ მომკლავ!!!!!

***ერთი ხელით

ერთი ხელით ცოტნე ვზარდეთ, მეორეთი ბაღვაში.
ერთ ხელს ომში ვიყენებდით, თოხნასა და ბარვაში
მეორეთი ძმას ვახრჩობდით, თითს ვუქნევდით ნათესავს
ხან ვანგრევდით წინაპართა ნალაციცარ-ნაკვესარს.
იყო დრო და ვიკაენეთ, ხანაც ვიიაფეტეთ,
ხან მტერს თავი დავუხარეთ, ხან ძმას მუშტი ვაფეთეთ...
ერთი ხელით სადედოფლოდ გამოვზარდეთ ლომქალი,
მეორეთი წიწამურთან საქართველო მოვკალით...
ხან ვუცქერდით მზიან ღამეს, ხან უმზეო აისებს,
ხანაც ვიცხრააპრილეთ და ხანაც ვიექვსმაისეთ
თავს რომ ვიქებთ  გაგვიზრდია აკაკი თუ ილია...
გავიხსენოთ საფარბეგიც ჩვენი გამოზრდილია..
ცალი ხელით ზარებს ვრეკდით, იალბუზი დავძარით,
მეორეთი  დავანგრიეთ სამრეკლოც და ტაძარიც...
მეორდება ისტორია თავიდან და ბოლოდან
ალბათ ჯობდა თავიდანვე ცალი ხელი გვქონოდა

ბაბუ

მზე ჰკიდია ზღვების გაღმა გაღვივებულ ბუხართან,
როგორც ახლადგამომცხვარი ცხელი კეცის მჭადი...
ძველ ნაბადზე წაწოლილი წარსულებზე ვწუხვარ და
მთვარე, როგორც წველა ყველი, მყინვარწვერში ჩადის
სანამ ცეცხლი საბოლოოდ წითელ თვალებს მინაბავს,
ურწევს არწივს ჩემი ცოლი კავკასიურ აკვანს
და კედლიდან გადმომზირალ ვერმოსწრებულ წინაპარს
ვეუბნები: - აქ ვარ, ბაბუ! მოვედი და აქ ვარ!
მოვედი რომ ავაშენო, ავაჩემო თავიდან
ოსმალთაგან გადამწვარი მუხის ძველი ოდა.
ბაბუ, ის დრო აღარ არის, ბაბუ, ის დრო წავიდა!
- დანგრეული ეკლესიაც ავაშენეთ ჰოდაააა,
ჰოდა, ბაბუ, წელს პირველად შენი თოფიც ვაჭექე,
ომში არა, მაშინ როცა შემეძინა ვაჟი...
მერე ჩვენი იზაბელაც მივაცალე რვა ჭიქა,
სიხარულით მე და სუფსა თავს ვიღრჩობდით ზღვაში...
ამ მხარეში რომ იყავი სიმღერებით ცნობილი,
მეც შენსავით ნამეტარი ნამეხარი ხმა მაქვს...
ბაბუ, მეც მყავს ერთი კაი აჭარელი ძმობილი
გულიანი, ქრისტიანი, ათი შვილის მამა...
სანამ ცეცხლი საბოლოოდ წითელ თვალებს მინაბავს,
ურწევს არწივს ჩემი ცოლი კავკასიურ აკვანს
და კედლიდან გადმომზირალ ვერმოსწრებულ წინაპარს
ვეუბნები: - აქ ვარ, ბაბუ! მოვედი და აქ ვარ!

სევდიანი სალაღობო ბათუმს

ბათუმი არის წვიმის აფიშა,
და ღმერთის გულის ფეთქვა, მკაფიო
ლექსამდე სველი ვზივარ კაფეში,
ფინჯანი ყავის ორთქლთან ვკაფიობ...
მავსებს წვიმების აპლოდისმენტი -
ჩემი ომეგაც და ჩემი ალფაც...
ასე გულდასმით არ მოვისმენდი
ზეციდან რომ არ წვეთავდეს ალბათ...
ასე მზესავით არ მოვიწყენდი...
(და  სხვა მოწყენის სურვილი არც მაქვს)
გულით ვატარებ ყელთან მიწყვეტილ
ჩემი ძმის ნაქონ თითბერის ჯვარცმას...
ხშირად ვიხსენებ, ფეხით გათელილ
და მოყინული კვირტების მარშებს...
(ო, რა ამაყი, ო, რა ნათელი,
ო, რა მართალი იყავი მაშინ...)
და ვერ ვივიწყებ ამ ძველ ბიჭებსაც
სულ რომ არ ჰგვანდნენ სახით იმ ახლებს...
ხელში გვეკავა მზე და ბეჭებზე
გვედგა ბათუმურ ზეცის სიმაღლე...
რა დაბალია მთვარე ამაღამ,
ზღვისპირას ღრუბელს ბეჭი აჰკარი...
ყველა ობოლი ბიჭის მამა ხარ
და უბინაო კაცის სახლ-კარი...
ლამაზი ქალის სუფთა აურა,
უდედო ბავშვის საღამოს ლოცვა,
მზის სიმფონია, ზღვა და აუუ რააააააააააააა
სანახავი ხარ, ყოველთვის, როცა
მზეს შემოიდებ ლომის თათივით
და ზღვაში სიზმრებს ააციმციმებ
მე შენი ქუჩის დეპუტატი ვარ
შენი კაცური სიტყვის სიმძიმე!

წვიმა წვიმაში დგომით გაცივდა...
მზე ზეცას







როგორც ატომი...
მადლობა უფალს, რომ ვარ კაცი და
ჩემი სახელი არის
ბ ა თ უ მ ი!

თავისუფალი ლექსი

I
მე ახლა თავდაყირა ვაქანებ გალაქტიკას,რომ ფსკერზე დარჩენილი სხივები ვიწილადო...
გარეთ რომ ცარიელი ღრუბლების რვეულია, უბრალოდ დავხიე და ჯიბეში ჩავილაგე...
დუმილი გაიხადე... - იმდენად სასაცილოდ, რომ სული გამოგიჩნდა - შიშველი (ვიცი რატომ)
ღიმილი მოგერია, ეს ღამე როკერია, ამიტომ იღებავს ანტენებს შავი ლაკით....

II
დილა გათენდა ისე თავხედი,
რომ სამჯერ მაინც გამახსენა შენი სახელი...
შენ დაბრუნდები - ისე წახვედი...
უბრალოდ მოხვალ თავდახრილი, მოხვალ და ხელებს
თვალებზე აიფარებ,
თვალებს კი სულზე,
ხიდან ცრემლივით ჩამოვარდნილ კვირტად წახვეტილს
გიცნობ,ფეხის ხმით, ცრემლის ფერით,დუმილით, პულსით...
შენ დაბრუნდები - ისე წახვედი...
ზის უშენობა და ჩემს ნეკნზე უკრავს სალამურს...
რომ არ დაგვექცეს აკრულია ცაზე ცა ღვედით.
ვუთხრათ სალამი... (ამ სტრიქონში რითმა გამებნა...)
შენ დაბრუნდები - ისე წახვედი...

მე გაგიხსენებ, გაგიხსენებ ცამდე აშოლტილს,
როს შენი თმების ცივი სუნთქვა წვავდა სხვა ნიავს.
ცრემლს გადაყლაპავ, მორცხვად მეტყვი რომ ქმარს დაშორდი
და მე გეტყვი რომ ცოლი სულ არ მომიყვანია...
გეტყვი რომ შენი მმეგზურობდა ღამე ზმანება
რომ ჩემს - "შენს ტუჩებს" სხვისი გემო არ უგემია...
რომ შევიძულე გაღიმება ლამაზმანების,
რომ ეს ცხოვრება ზღვა არის და ანუ, გემია,
ის სიყვარული, შეწირული სისხლის მოქცევას,
გულის ფსკერამდე ჩაძირული ღუზის მოგლეჯა...
არ დაუჯერო, როცა ცრემლით ნიშანს მოქცემენ!
რადგან თვალებში ეს ცხოვრება უფრო მოკლე ჩანს
ვიდრე საბელი ბიბლიაში დაბმული ვირის,
ვიდრე გზა შენი ღალატიდან - უფლის ჯვარცმამდე...
ქალაქში სადაც სანთელი ღირს უფალზე ძვირი
მოგცემდნენ ჩემში სადღაც სამ ვერცხლს, ალბათ არც მაგდენს...
დილა გათენდა ისე თავხედი,
რომ სამჯერ მაინც გამახსენა შენი სახელი...
ჯანდაბას ყველა უშენობით თვალის გახელა...
შენ დაბრუნდები - ისე წახვედი...
წახვედი როგორც საიდუმლოდ ნათქვამი ჭორი
მზე ჰორიზონტთან შეაბნიე თავის პროტოტიპს
და მე დამტოვე ჯვარცმასა და აღდგომას შორის
წიგნში სანიშნედ ჩადებული ძველი ფოტოთი...

ქა-რთული

ამოვიღე მკერდიდან და უკან არ ჩამეტია...
მოვატარე ზეცა, ანუ ქვეცის ზედა სართული....
ჩემს გულს ჩემზე გაცილებით ტრაგიკული ბედი აქვს:
ჩემი ბედი რთულია და მისი უფრო ქა-რთული.
შემოღამდა... ღრუბელივით გადავაფენ სატკივარს,
ღამეს ვარსკვლავმთვარიანს, თუ ღამეს ვარსკვლავმტვერიანს.
გული აბედ კვესია და მისი მეხის ზათქი ვარ.
გული ჩემი ძმა არის და გული ჩემი მტერია –
ჩემი თანამოტკივილე, ჩემი თანამოაზრე.
ჩემი თანა, ჩემისთანა, ჩემი დანა ---- ნარცხები...
არ დანებდე, იამბოხე გულო, სანამ მოასწრებ...
სანამ ფეთქვას შეიძლებ და სანამ სისხლით გაძღები...
უკანასკნელ დაკვნესებას შენვე ფონი დაადე,
ისევ ბაგა ბუგითა და არა ფოე-ფოეთი...
დაიწყება მალე ერთი ბედნიერი საათი,
დამთავრდება როცა ერთი უბედური პოეტი...
შევცოდე და მაინც უფალს, მაინც უფალს ვუგალობ
ახლა სადღაც დავმთავრდი და სადაც ვიწყებ თავიდან...
გევედრები მხოლოდ ეს “ქა” მომირჩინე უფალო
“რთული?” ამიტანია და ალბათ აწიც ავიტან!...
ამოვიღე საგულედან - უკან არ ჩამეტია -
უნებართვოდ მეამბოხე, ფეთქვა-ნებადართული
ჩემს გულს ჩემზე გაცილებით ტრაგიკული ბედი აქვს,
ჩემს გულს ჩემზე გაცილებით ვაჟკაცური ბედი აქვს,
ჩემს გულს ჩემზე გაცილებით საამაყო ბედი აქვს
ჩემი ბედი რთულია და მისი უფრო ქა-რთული...

ოდა თბილისურ განთიადს

ტუჩებდაცვარულ თბილისზე
ცრემლად დაგორდა დილის მზე...

დილის მზე ცაზე ვარსკვლავებს, მტკვარზე თოლიებს ხვეტავს....

ცა-დაფა - სუფთა არც ისე....
-აგერ ღრუბელი!
- ცარცი სად?...

ცამ ცისარტყელა შეიკრა უსაფრთხოების ღვედად...

მალე გამოფენს ყვავილების აფრებს აპრილი,
ჩაკვნეტს ქალაქი მტკვრის ფერფლისფრად დაფერილ ლაგამს...
ზეცა - გუმბათი აბრუნდება ბოთლში - ძაბრივით
სხივებს ჩაიღვრის... მზე - დარჩება ღვინისფერ ლაქად...
მე პეშვს შევუშვერ, კარგია, რომ ორი მაქვს პეშვი...
ერთით მე დავლევ, მეორეთი - შენ მოგბან ტუჩებს...
ეს ზმანებაა, ღიმილიან მზერიდან მზე შვი
ეს შენ აანთე განთიადი ღიმილით,
-  თუ ჩემს,
ტუჩებდაცვარულ თბილისზე
ცრემლად დაგორდა დილის მზე...
დილის ცის თაღზე სიხარულის ცრემლების დამდენს -
თბილისს სიცოცხლე, უკუნითი უკუნისამდე!

ნაავდრალი

ლამპიონები თითებს უთბობს ორთქლით ნოემბერს
და შემოდგომა ზამთარს უთმობს წვიმას, ქოლგასაც
რადგანაც აწმყო უკვე აღარ ესათნოება
მეტეხთან ცხენით შეუტოპავს მტკვარში გორგასალს,

ჰა, ფიქრი ისევ შევახიე ბარდისფერ ეკლებს...
გამეჭრა ლექსი და სტროფიდან წვეთავს გულისთქმა,
ხელმოცარული ბღავის ჩემში მეფე ერეკლე
ამდროს ვიღაც კი სამ ასოს და სინდისს ურითმავს...

მე მეჩვენება სადღაც, ჩვენში ყვირის დავითი...
და სადღაც სხვაგან სხვა დავითი გლოვობს ცუდ ამინდს,
ამდენ ტკივილებს ორ მჯიღ გულში მანამ დავიტევთ,
სანამ სამყაროს გადაუვლის ცრემლის ცუნამი...

სანამ დასავლეთს დაატყდება მეორე წარღვნა,
აღმოსავლეთით გამოჩნდება ისევ მესია
მითხარი ერთი, საქართველო ასე რამ გარყვნა?!
რამ დაამგვანა ნასახლარს და ნაეკლესიარს?!...

ცხვირიდან წვიმა ძმრად ადინა ამინდმა ზამთარს
დღემ თავის ნებით გაითხარა ღამით სამარე...
გადაიკეთა სახელი და დაირქვა თამთა...
და აატირა ნაფრესკალი წმინდა თამარის...

გოგომ რომელმაც სიყვარულის იწამა ამწამს,
გოგომ, რომელიც თითებს ითბობს სანთებელათი...
გოგომ, რომელიც საშუალებას, შვილისგან დამცავს
თანმიმდევრობით მოიხმარდა სპექტრულ. ფერადი

ბედმა ინება - ნაადრევად დაგვჩემდა გლოვა,
ვეღარ დავუცდი, სანამ ვინმე სანთელს ამინთებს...
თბილისურ ზამთარს სადაცაა წასკდება თოვაც
რა დაგვრჩენია დაველოდოთ მზიან ამინდებს.