პედაგოგი გურჯაანიდან, რომელსაც მეორეკლასელ ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებენ, დამრიგებელი აღარ იქნება
15:38:15     26-10-2022
გურჯაანის ერთ–ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეზე მასწავლებლის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე დისციპლინურმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო:
"პედაგოგი ხათუნა კალაბეგაშვილი, რომელსაც მოსწავლეზე ძალადობაში ადანაშაულებდნენ, კლასის დამრიგებელი აღარ იქნება და სასტიკ საყვედურს მიიღებს"
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, გამოკითხვისას მშობლის მიერ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები არ დადასტურდა, თუმცა მასწავლებელმა დაარღვია პედაგოგის ეთიკის კოდექსი, რაც კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას გულისხმობს.
გურჯაანის მეორე საჯარო სკოლის მეორეკლასელის მშობელმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ მის შვილს თანაკლასელები ახრჩობდნენ. მშობელი ამბობს, რომ მას შვილი ნაცემი და ყელის მიდამოში დაზიანებით დახვდა. ის ასევე ამტკიცებს, რომ მის შვილზე კლასის დამრიგებელმაც იძალადა.