"ქართული ოცნება" ანტიკორუფციულ ბიუროს ქმნის
15:29:22     26-10-2022
მმართველი გუნდი ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს აინიცირებს, რომლითაც გათვალისწინებულია სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა.
"ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, ამ გეგმის მეოთხე პუნქტის შესასრულებლად, დღეს მმართველი გუნდი ვაინიცირებთ ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს. მოგეხსენებათ, რომ იურიდიული საკითხთა კომიტეტის მიერ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა აღნიშნული ცვლილებების პაკეტი. სამუშაო ჯგუფმა საქმიანობა წარმართა გამჭვირვალედ, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით და ყველა რელევანტური აზრის მოსმენისა და ანალიზის შედეგად, წარმოდგენილია შემდეგი სახის საკანონმდებლო ცვლილებები:
შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა.
ანტიკორუფციული ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას.
ამ მიზნით აღნიშნული ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.
ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. კერძოდ, ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს წარუდგენს უწყებათაშორის ანტიკორუფციულ საბჭოს.
რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნას, შემოთავაზებულია შემდეგი წესი: ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალე პროცედურების დაცვით, შეარჩევს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია და თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერმინისტრს, ხოლო საქართველოს პრემიერმინისტრი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს", – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.