ნინო ქოქოსაძის რამდენიმე ლექსი (XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან)
16:31:00     27-08-2011
დღეს, პრესა.გე-ს მკითხველებს წარმოვუდგენთ პოეტ ნინო ქოქოსაძის რამდენიმე ლექსს.
ნინო ქოქოსაძე დაიბადა 1960 წლის 10.10. პროფესიით ექიმია. წერს ლექსებს, მოთხრობებს. თარგმნის რუსულ პოეზიას.
მისი პირველი პუბლიკაცია გამოქვეყნდა ჯერ კიდევ 1975 წ. გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“.
ნინო ქოქოსაძის ნაწარმოებები იბეჭდება სხვადასხვა გამოცემებში („ლიტ.პალიტრა“, „ჩვენი მწერლობა“, „ქართული მწერლობა“, „ცისკარი“, “ხელეური”, “ჭოროხი”, “ლიტერატურული გაზეთი”...)
მარტოხე
ხევ მრუდე და ხევ მართალო...
გოგლა
რა ვიცი,
იქნება ასე სჯობს,მარტოხე,
იდგე და გრიგალებს ელოდო, ჩემფერო!
იქნება შენს მკლავზე გამოყრილ ბოლო კვირტს
აღარც კი ეფერო...
იქნება სიმშვიდე სჯობია ყველაფერს,
რომ ქარში მორჩილად ტოტები დახარო,
ოდესმე გაახმობს ყველა ხეს,
ასეა შექმნილი სამყარო.
დრო იყო – ფოთლებზე გიბნევდნენ ალმასებს,
გითქვამდნენ სურვილებს ნაფლეთით მანდილის,
დაფიქრდი, დაფიქრდი, მარტოხე ამაზე –
შენი სილამაზე არ იყო ადვილი...
და როცა ოქტომბრის ქარებმა დაგფანტეს,
ადრე რომ სათუთად გფურცლავდა,
რატომ გეშინია, რომ უნდა დაღამდეს,
არ იცი?
ხმებიან...ხმებიან ფუჭადაც,
შენ კი, ღირსეულად დაისხი ნაყოფი
და უნდა წახვიდე ახლა ამ ბაღიდან,
შენი ყვავილები ფერგადასულია
და ალბათ თავიდან გაშლადაც არ ღირდა.
რა ვიცი, იქნება ასე სჯობს, მარტოხე,
მარადი ყოფისგან პირჯვარი გეწეროს,
შენ თითქოს ბებერო და მაინც ლამაზო,
მარტოხე!
მარტოხე!
შე მართლა ჩემფერო!
ნინუცას ლექსი
ფაა-ფუ!
რა ფაფუკი და ალალია ეს გაოცება.
ფუფალ, ფუფალ,
ფა–ფუ შიოლა?
თვალის ბუდიდან გადაფრენილ მერცხლებს გაფიცებ,
ადე, ქა!
რა დროს შენი სიკვდილია?
უმალ მე დამიტირებ!
ფუფაალ...
შე ფურცლებს შორის ჩარჩენილო,
ხმელო პეპელა,
დაჯექ, დაჯექ ჩემს ხელისგულზე.
დაჩრჩილულ კაბას ამოგიკერავ,
შენ კი, ჩემთვისაც,
უფლისწული გამოიგონე.
შორი–შორს
ციმციმებს
ცისფერი ლაგუნა – თვალები,
ისეთი სუფთაა,
კენჭივით დაუთვლი სურვილებს.
ჩვენ ბედმა გვარგუნა
გვეხუროს სხვადასხვა ნაპირი,
და მაინც–
ერთნაირ ტალღებზე გვარწევდეს...
და როცა გაიხდის კუნძული
პალმების პარეოს,
მთვარეა ჩვენს ცაზე სხვადასხვა ყალიბის,
და მაინც–
ერთ ზღვაში შევდივართ მე და შენ,
"უვადო მარტოობით" დასჯილი.
გავხედავთ ხანდახან დასიცხულ დაისებს,
მზე მუხლზე ადნება ჰორიზონტს,
ჩვენც ასე–
ძალიან ახლო ვართ,
და ასე –
ძალიან შორი–შორს.
ვინსენტე
პარიზი.
მონმარტრი.
ფუნჯები.
პასტელი.
გაგცდები ოდნავ და წვიმდება.
წამიღებს მისტრალი
და მარტოდ დარჩენილს,
მიმახლის სენაზე.
ახლა ჩემს სცენაზე იდგმება მალარმე,
ბოლოჯერ მღერიან გედები...
შენ მეიმედები ისევ და,
სულ მინდა – შენ ხატო,
მე კიდე –
კიდეზე ვიჯდე და გისმენდე,
ვინსენტე!
ამოსვლა
ესროლე ქამანდი!
იქნებ მიაწვდინო მწვერვალს...
იქამდე წრიაპი მოირგე – მოთმინება.
საგზლად –
ხმელი ლექსი (ის ერთი თუნდა...)
ბღუჯა ბალახი.
თბილად ჩაიცვი!
ჩაიცვი თბილად!
ლეოპარდივით არ გამეყინო!
მერე იტყვიან: რა უნდოდაო ამ სიმაღლეზე?
რას დაეძებდაო ასეთ ავდარში?
- გ ა ნ ა არ ღირდა კ ი ლ ი მ ა ნ ჯ ა რ ო?
დამიჯერე,
ჩაიცვი თბილი...თბილი...უძირო
ზეცა და კიდეც რომ გაათოვოს,
სხვაა ხიდიდან უცქირო და
იისფერი გეჩვენოს თოვლი.
(ეგეც მთაა,
ოღონდ უფრო მაღალი)
იქნება!
იქნება ქარიშხალიც,
სულ გაშლილი მხრით
ხომ ვერ აგიშვებს?
მუხლისთავიც დაგეყვლიფება,
გზებიც გაგქანცავს,
ხელს თუ ჩაიქნევ?
თვალი მწვანე კორდებისკენ თუ გაგექცევა?
...........................................
თითქმის შუამდე ამოსულხარ,
(როგორ დავსველდით)
ამ ჯერზე კმარა!
აქ გაშლი კარავს,
გაშლი კარავს
და –
ჩაფიქრდები...