"შენარჩუნებულია, პატიმრების სრული გაშიშვლებისა და ბუქნების გაკეთების პრაქტიკა" - სახალხო დამცველი
15:30:43     30-09-2022
არაფორმალური მმართველობა ციხეებში, პატიმრების გაშიშვლება და ბუქნები - ამ პრობლემებზე ისაუბრა სახალხო დამცველმა თავის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელსაც ის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე წარადგენს.
"პენიტენციური დაწესებულებების უმთავრესი პრობლემა არაფორმალური მმართველობაა, რომელიც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად. პრობლემაა ასევე, პატიმრების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, დასჯის მიზნით, ხანგრძლივად განთავსება. კვლავ შენარჩუნებულია შემოწმების მიზნით, პატიმრების სრული გაშიშვლებისა და ბუქნების გაკეთების პრაქტიკა.
პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება არ ეფუძნება ლოგიკას და კანონის მოთხოვნებს. წლიდან წლამდე მცირდება პირობით ვადამდე გათავისუფლებულთა რაოდენობა.
არასათანადო მოპყრობის შემთხვევები გამოვლინდა პენიტენციურ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სფეროებსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. არასათანადო მოპყრობას უტოლდება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული საცხოვრებელი და სამედიცინო პირობები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ფარგლებში, 2021 წელს ცნობილი გახდა არასათანადო მოპყრობის, დაკავებულის დამცირებისა და ღირსების შემლახავი მოქმედებები.
თავდაცვის სფეროში გრძელდებოდა სამხედრო მოსამსახურეების არაფორმალური და კოლექტიური დასჯის პრაქტიკა, გამოვლინდა არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, რომლებიც ცნობილი იყო გენერალური ინსპექციისთვის, თუმცა, სახალხო დამცველის ოფიციალურ მიმართვამდე საქმე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის არ გადაუგზავნია." – განაცხადა ნინო ლომჯარია.