რუსეთის მოქალაქემ ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა საქართველოს მოქალაქეს 15 000 ლარი გამოსძალა
11:38:06     19-09-2022
სასამართლომ "ქურდული სამყაროს" წევრობასა და გამოძალვაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ "კანონიერი ქურდის" შვილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ი.დ. სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარით დ.ზ.-ს პერიოდულად მისთვის თანხის გადაცემას აიძულებდა.
უწყების ცნობით, მან საერთო ჯამში დაზარალებულს 15 000 ლარი გამოსძალა. ასევე, ბრალდებულმა, როგორც კრიმინალურმა ავტორიტეტმა, "ქურდულ სამყაროში" დადგენილი წესების შესაბამისად, დაზარალებულს ძალადობის გამოყენების მუქარით 15 000 აშშ დოლარის და მისი კუთვნილი ავტომანქანის გადაცემა მოსთხოვა.
სამართალდამცველებმა ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2021 წლის 21 დეკემბერს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა) და სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინა.