"როდესაც ორსულად ვიყავი, სხვადასხვა ცხოველების სახელს მეძახდა - ვირთხას, გველს, რწყილს" - ნეკა დოროყაშვილის სკანდალური ჩვენება
16:03:13     16-08-2022
ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის ნეკა დოროყაშვილის სკანდალურ ჩვენებას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. ჩვენებაში სხვადასხვა ძალადობრივ აქტებზეა საუბარი:
"როდესაც ორსულად ვიყავი, სხვადასხვა ცხოველების სახელს მეძახდა - ვირთხას, გველს, რწყილს. ამ სიტყვებით მოიხსენიებდა ჩემს ოჯახის წევრებს...
მახსოვს მითხრა, რომ რეპუტაციულად არ აწყობდა ჩვენი დაშორება. ასევე სოციალურ ქსელში თუ ვინმე ფოტოს “დამილაიქებდა” მირეკავდა. მაკონტროლებდა, მირჩევდა მეგობრებს, თუ რა ფოტოები დამედო და ა.შ. თვლიდა, რომ არ უნდა მემუშავა და სწავლა არ გამეგრძელებინა. ჩემი აზრით, ვერ იტანდა, როცა მე ვიყავი კარგად და ალბათ, ამ ყველაფერს ამიტომ აკეთებდა. მეუბნებოდა, მე დამემორჩილე, მე ვარ მამაკაცი და უნდა დამემორჩილოო. ქორწინებიდან 5-6 თვეში დაიწყო ჩემი დამცირება, რასაც ნელ-ნელა მოჰყვებოდა ფიზიკური ძალადობა. ძალიან მრცხვენია, რომ ამას ვყვები. თავიდან დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, შემდეგ იყო ძალადობა. ყოფილა შემთხვევა კონფლიქტის მერე საწოლზე წამოვწოლილვარ, გამოუტანია მაცივრის წყალი და ჩემთვის დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა სახეში. გარკვეულ წარმატებას როდესაც მიაღწია, ერთ დღეს გამომიცხადა, რომ მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც მისი ქვეშევრდომი. მას მუდმივად ჰქონდა იმის შიში, რომ რამე არ გადამეღო და არ ჩამეწერა”,- განაცხადა დოროყაშვილმა და აღნიშნა, რომ ბასილაშვილმა მას 2016 წელს სამი ტელეფონი დაუმსხვრია იმის ვარაუდით, რომ მტკიცებულებები არ შეეკრიბა.