"აგვისტოს თვეში ფასების კლება გაგრძელდება" - რა ნიშნულამდე დაეცემა საწვავის ფასი საქართველოში?
15:46:58     16-08-2022
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის ინფორმაციით, აგვისტოს თვეში საწვავი კიდევ გაიაფდება. საქმე ეხება, როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ტიპის საწვავს.
„დღეისათვის ნავთობზე ფასები არის შემცირებული. ფაქტობრივად, ნავთობის ფასები უბრუნდება ომამდელ ფასებს. რაც შეეხება ვითარებას საცალო ქსელში. იმის პარალელურად, რაც საერთაშორისო ბაზრის ფასებმა შემცირება დაიწყო და ეროვნული ვალუტაც მყარდება, შესაბამისად ჩვენთანაც საწვავმა გაიაფება დაიწყო. ფასების კლება განსაკუთრებით თვალსაჩინოა არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, სადაც ბენზინის შეძენა საშუალოდ სამ ლარადაა შესაძლებელი. რაც შეეხება დიზელს, დიზელიც 30-40 თეთრით გაიაფდა. რაც შეეხება ბრენდირებულ სადგურებს, აქაც შემცირებულია ფასები, როგორც ბენზინზე, ასევე დიზელზე. აღსანიშნავია, რომ ეს ტრენდი გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში საწვავი კიდევ უფრო გაიაფდება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი კვლავ სახეზეა მოლოდინები საკმაოდ ოპტიმისტური გვაქვს. აგვისტოს თვეში ფასების კლება გაგრძელდება“, – აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.