"საერთოდ როგორ ბედავთ და ახსენებთ ივანიშვილის გვარს?" – ირაკლი ღარიბაშვილი

  15:35:44     23-06-2022

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გუშინ პარლამენტში გამოსვლისას უმცირესობის დეპუტატებს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხსენება აუკრძალა:

"საერთოდ როგორ ბედავთ და ახსენებთ ივანიშვილის გვარს თქვენ, გიორგი ვაშაძე? რა კონტექსტში ახსენებთ და როგორ ბედავთ, რომ ამ ადამიანის გვარს ახსენებთ ისე, რომ არავითარი არგუმენტი გაქვთ, რომ ეს ადამიანი თურმე ყოფილა ევროპის მთავარი პრობლემა. რა ევროპა, ეს არის თქვენი და „ნაცების“ დასკვნა. დასკვნა კი არა, ეს არის მომზადებული უსამართლო რეზოლუცია, რომელიც თქვენი და თქვენ მიერ მოსყიდული ლობისტების მომზადებულია. 

რა დეოლიგარქიზაციაზე ლაპარაკობთ? თქვენგან არ მომისმენია არც ერთი კრიტიკა. თქვენ თუ ამბობთ, რომ ხართ „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოყოფილი, ჯანსაღი ახალი პარტია, გამოდით და გააკრიტიკეთ კეზერაშვილის კორუფციული და ოლიგარქიული ქმედებები. 

სწორედ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა მოიტანა ასოცირების შეთანხმებაც, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა ევროპული პერსპექტივა. ეს ელაპარაკეთ ხალხს, უფრო მეტად დაგაფასებენ. სიმართლე ილაპარაკეთ და ამას მიეჩვიეთ",– განაცხადა ღარიბაშვილმა.