კასა–როსადა – რეზიდენცია და ხელოვნების ნიმუში
11:10:46     26-08-2011
კასა-როსადა არგენტინის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენციაა. მდებარეობს ბუენოს-აირესის ცენტრში, პლასა-დე-მაიოს მოედნის აღმოსავლეთ ნაწილში. ეს არის პრეზიდენტის სამუშაო ადგილი, ხოლო საცხოვრებლად იყენებენ ქალაქის გარეუბანში მდებარე კვინტა-დე-ოლივოსის სახლს.
ჯერ კიდევ 1594 წელს ,ამ ადგილზე მდებარეობდა ხუან-ბალთაზარ ავსტრიელის ფორტი. 1713 წელს მის ნაცვლად სან-მიგელის ციხესიმაგრე ააშენეს, რომელიც ესპანეთის კოლონიალური მთვარობის რეზიდენციად იქცა. 1825 წელს პრეზიდენტ ბერნარდინო რივადავიას ბრძანებით, ციხესიმაგრე გააფორმეს ნეოკლასიკური სტილის შესაბამისად და 1857 წლამდე იქ მდებარეობდა ბუენოს-აირესის მთავრობის რეზიდენცია. 1857 წელს პრეზიდენტმა ხუან ხოსე დე ურკისამ გასცა ბრძანება მისი დანგრევისა და მის ადგილზე საბაჟოს შენობის აგების შესახებ. ახალი შენობა ააგეს იტალიურ სტილზე და გახდა ქალაქის ყველაზე დიდი ნაგებობა.
ბარტოლომე მიტრესა და დომინგო სარმიენტოს პრეზიდენტობის დროს ჩაუტარეს რეკონსტრუქცია და დაამატეს შიდა ეზო – პატიო, ხოლო მუქი ყავისფერი კედლები შეღებეს ვარდისფრად, რაც უნდა გამხდარიყო ორი უმსხვილესი პოლიტიკური პარტიის უნიტარებისა და ფედერალისტების შერიგების სიმბოლო.
ამჟამად, სასახლის მთავარი ღირსშესანიშნაობაა მოქმედი ქვეყნის მეთაურის სამუშაო კაბინეტი, რომელიც პირველი პრეზიდენტის რივადავიას სახელობისაა. ასევე, საინტერესოა ბიუსტების დარბაზი, სადაც წარმოდგენილია ლეგიტიმურად არჩეული ყველა პრეზიდენტის ბიუსტი.