Challenger 2 - ძირითადი საბრძოლო ტანკი
11:08:50     26-08-2011
ძირითად საბრძოლო ტანკ FV4034 Challenger 2-ზე მუშაობა ბრიტანულმა კომპანიამ Vickers Defence Systems-მა დაიწყო, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც BAE Systems Land and Armaments-ი. Challenger 2-ით უნდა მომხდარიყო Chieftain-ის ტიპის მოძველებული ძირითადი საბრძოლო ტანკების ჩანაცვლება ბრიტანეთის არმიაში. Challenger 2 წარმოადგენს წინამორბედის Challenger 1-ის ტიპის ტანკის ღრმად მოდერნიზებულ ვარიანტს. FV4034 მსოფლიოში ყველაზე უფრო უსაფრთხო ტანკად მიიჩნევა. მისი შექმნიდან დღემდე საბრძოლო მოქმედებების დროს ამ ტიპის ორი ტანკი დაზიანდა და მხოლოდ ერთი განადგურდა, ისიც ე. წ. „მეგობრული ცეცხლის“ შედეგად. Challenger 2 შეიარაებაში მხოლოდ ორ ქვეყანას: გაერთიანებულ სამეფოსა(386 ერთეული) და ომანს (38 ერთეული) აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ტანკი თავისი წინამორბედის შასს იყენებს, მისი კომპონენტების უმრავლესობა უახლესია.
Challenger 2 არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაცული ტანკი დღევანდელ მსოფლიოში. ტანკის უმაღლესი დონის ჯავშანი უზრუნველყოფს მის საიმედო დაცვას პირდაპირი ცეცხლისაგან. Challenger 2-ში გამოიყენება მეორე თაობის Chobham-ის ტიპის კომპოზიტური ჯავშანი, რომელიც იძლევა დაცულობის მეტ გარანტიას, გაცილებით ნაკლები მასით. გარდა ამისა, ტანკზე დამატებითი ჯავშნის სახით შესაძლებელია დამონტაჟდეს აქტიურ-რეაქტიული ჯავშნის კონტეინერები.
Challenger 2-ის ძირითად შეიარაღებას წარმოადგენს ახალი L30A1 ტიპის 55 კალიბრის სიგრძის 120მმ-იანი, კუთხვილლულიანი, ორ სიბრტყეში სტაბილიზირებული ქვემეხი, რომელიც Chieftain-სა და Challenger 1-ზე გამოყენებული L11 ტიპის ქვემეხის გაუმჯობესებული ვარიანტია. ქვემეხი შეთავსებდია 120 მმ-იან „ნატოს“ სტანდარტის ამუნიციასთან. ქვემეხის დატენვა ხდება ხელით და მისი სროლის ეფექტური მანძილი 5 000 მეტრს აღემატება. ტანკის საბრძოლო კომპლექტი 49 ჭურვისაგან შედგება.
ტანკზე დამხმარე შეიარაღების სახით 2 x 7.62 მმ-იანი ტყვიამფრქვევია დამონტაჟებული, რომელთაგანაც ერთ-ერთი ქვემეხთანაა შეწყვილებული, ხოლო მეორე მეთაურის ლუკთან, კოშკურაზე მდებარეობს.
Challenger 2-ზე დამონტაჟებულია ცეცხლის მართვის უახლესი სისტემა. სისტემის ზოგიერთი კომპონენტი მსგავსია იმ სისტემის, რომელიც გამოიყენება ამერიკულ ტანკ M1A1 Abrams-ში და ფრანგულ ძირითად საბრძოლო ტანკ Leclerc-ში. ტანკის ცეცხლის მართვის სისტემა გამოირჩევა სამიზნის დაზიანების მაღალი ალბათობით როგორც მოძრავი, ასევე უძრავი სამიზნეების წინააღმდეგ.
ტანკის ეკიპაჟი ოთხი წევრისაგან შედგება, ესენია: ტანკის მეთაური, მსროლელი, დამტენი და მძღოლი.
Challenger 2-ის ძალურ დანადგარს წარმოადგენს Perkins CV12 TCA ტურბო-დიზელის ძრავა, რომელიც მსგავსია წინანდელი ტანკის, Challenger 1-ის ძრავის. ძრავა გამოიმუშავებს 1200 ცხენის ძალას. Challenger-ის ტიპის ორივე ტანკი ცნობილია თავისი საიმედოობით. მიუხედავად მასისი გაზრდისა Challenger 2-ის მანევრულობა და გამავლობა არ გაურესებულა. ტანკზე ასევე შესაძლებელია დამაგრდეს დამატებითი საწვავის ავზები, რითაც ტანკის მომედების რადიუსი შესამჩნევად იზრდება.
მახასიათებლები:
შეიარაღებაში მიიღეს - 1994 წელს
ეკიპაჟი - 4 კაცი
მასა - 62.5 ტ
სიგრძე (ქვემეხით) - 11.55 მ
კორპუსის სიგრძე - 8.33 მ
სიგანე - 3.52 მ
სიმაღლე - 2.49 მ
ქვემეხი - 120 მმ-იანი
ტყვიამფრქვევები - 2 x 7.62 მმ-იანი
ძრავა - Perkins CV12 TCA დიზელი
ძრავის სიმძლავრე - 1 200 ცხ.ძალა
მაქსიმალური სიჩქარე - 56 კმ/სთ
სვლის მარაგი - 500 კმ
დახრილობა - 60%
გვერდითი დახრილობა - 30%
ვერტიკალური კედელი - 0.9 მ
თხრილი - 2.34 მ
წყლიანი დაბრკ. გადალახვა - 1.07 მ
army.ge