“ხვარამზეობა 20011” წარმატებით ჩატარდა (ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები)

  10:47:58     26-08-2011

პრესა.გე-ს მკითხველს ამა წლის 12 ივლისს ვაცნობეთ, რომ ა/კ "ფშავის აღორძინება და განვითარება", მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა აწყობდნენ ლიტერატურულ კონკურსს “ხვარამზეობა 2011”.

“ხვარამზეობა 2011” წარმატებით ჩატარდა. პოეტ ქალთა ერთი ლექსის კონკურსის გამარჯვებულებიც გამოვლინდა. მინდა ჩვენს მკითხველს გავახსენო, რომ ამ კონკურსის ორი ფინალისტი, თამარ ლომიძე და ნინო ლარცულიანი, გავაცანით მათ რუბრიკით “XXI საუკუნის ქართული პოეზია”. ჩვენი თანამედროვე მშვენიერი პოეტი ქალების შემოქმედებას კიდევ არა ერთხელ მივუბრუნდებით.

ჩვენ ვთხოვეთ “ხვარამზეობა 2011” ერთ-ერთ ორგანიზატორს, მარიამ ხუცურაულს, მოეთხრო ჩვენთვის კონკურსისა და ლაურეატთა შესახებ, წარმოედგინა პრესა.გე-ს მკითხველებისათვის გამარჯვებული ლექსები.

მარიამ ხუცურაული:

“წელს უკვე მეორედ თაინეთის მუნიციპალიტეტეის სოფელ არტანში, იქ, სადაც ცხოვრობდა ხვარამზე, გაიმართა ლექსის ზეიმი - "ხვარამზეობა” და პოეტ ქალთა ერთი ლექსის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულთა სახალხო დაჯილდოება.

ზეიმის და კონკურსის ორგანიზატორები იყვნენ ა/კ "ფშავის აღორძინება და განვითარება", მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა. სპონსორები "აისითი ჯორჯია", "თრეველშოპი", "მიგრიაული და პარტნიორები" "ისი-პარი", პროფკავშირების ქალთა გაერთიანება, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ქალბატონი ქეთევან ჩიტაშვილი, აწ გარდაცვლილი გივი ღუბიანურის ოჯახი, ჟურნალები "ლიტერატურული პალიტრა", "და ქალი", "გზა", გამომცემლობა "პალიტრა ლ".

განსაკუთრებული მადლიერებით გვინდა მოვიხსენიოთ ერთი უცნობი სპონსორი, რომელმაც, ამჯერად უკვე მეორედ, სახელის გაუმხელად, გადმოგვირიცხა 500 ლარი ხვარამზეობის ზეიმის ორგანიზებისათვის.

ღონისძიებაში მონაწილეობდენ ქართველი პოეტები, ცნობილი  სახალხო მთქმელები, ფოლკლორული კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები. გამოფენილი იყო ნატურპროდუქტი და ხელმარჯვე ოსტატთა ნაწარმი, გაიყიდა წიგნები და ხელნაკეთი ნივთები. ზეიმის სტუმრებს სთავაზობდნენ ტრადიციულ ფშაურ ხინკალს, კეცეულებს, ფხლოვანებს, დამბალ ხაჭოს და ქადებს.

ზეიმის ფარგლებში მოეწყო ერთი ლექსის ლიტერატურული კონკურსი პოეტი ქალებისათვის ხვარამზეს სახელობის პრემიის მოსაპოვებლად.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო სულ 65 ქალბატონმა. მათგან ჟიურიმ შეარჩია 15 ყველაზე მაღალრეიტინგული ლექსის ავტორი, რომელთა ვინაობა ორგანიზატორებისა და ჯიურის წევრებისთვისაც უცნობი რჩებოდა ხვარამზეობის ზეიმამდე. ფინალისტები მიწვეულ იყვნენ სოციალური ქსელების მეშვეობით, მათთვის მინიჭებული სარეგისტრაციო ნომრების მიხედვით.

ფინალში მოხვდნენ:

№6 ნინო ლარცულიანი ლექსით "ლამარია"
№12 თამარ ლომიძე ლექსით "როგორც ბიბლიას"
№13 ნანა ცინცაძე ლექსით "ვეძებ"
№19 ფიქრია ყუშიტაშვილი ლექსით "ცალ წინდად დაქსოვილი არაკი"
№34 დალი მუხაძე ლექსით " ფშავის მზეს"
№35 მარიამ წიკლაური ლექსით "ცას აბია ცაბაურთა"
№36 ნატა ვარადა ლექსით "მოულოდნელად მწვანე ქლიავი ალაპარაკდა"
№37 ნინო იასაშვილი ლექსით "ვაი, თემო და სოფელო"
№41 ნინო სადღობელაშვილი ლექსით "ქარისპირული"
№47 მაია მიქაია ლექსით "გამხელა"
№48 ნინო ქადაგიძე ლექსით "მეტრფე"
№51 ლელა ცუცქირიძე ლექსით "დიაფილმი"
№52 ნინო ქოქოსაძე ლექსით "ლიფტის მინიმა"
№56 მაია გონჯილაშვილი ლექსით "მუხამბაზი"
№65 კატო ჯავახიშვილი ლექსით *  *  * (ქალავ, მთას ნაწნავი უმოკლდება).

ღონისძიების სპონსორების მიერ დაწესებული იყო მრავალფეროვანი პრიზები და სიურპრიზები. ფინალისტებიდან მრავალი ავტორი დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებით სპონსორებისაგან.

ჟიურიმ გამოავლინა ხვარამზეობის ლაურეატთა სამეული, რომელიც ასე გამოიყურება
I ადგილი - ლექსი "დიაფილმი", ავტორი ლელა ცუცქირიძე,
II ადგილი - ლექსი "ცას აბია ცაბაურთა" ავტორი მარიამ წიკლაური
III ადგილი - ლექსი "მეტრფე" ავტორი ნინო ქადაგიძე.

გამარჯვებული ლექსები:

დიაფილმი

ლელა ცუცქირიძე

ასეა ყოველ ლილოჭრელობას:
დნება და დნება თვალსდახელსშუა ჩემი სოფელი –
მთის კალთაზე შერჩენილი მყიფე ლოლუა,
დნება და დნება. . .
ჯერ ერთი სახლი ემსგავსება გატეხილ კოკას,
მერე – მეორე. . .
ჯერ ერთი ეზო ჩაცურდება ფერდობებზე ჩალის ზვინივით,
მერე – მეორე. . .
დრო რომ უქსოვს ანწლისა და შამბის არშიებს, ეგ რა შვებაა. . .

რაც იყო, ახლა დიაფილმის კადრებია, უხმო კადრები:
“ვისი სული გსურს”,
“ხიდობანა”
და “ბორა-ბორა”,
დაბორიალობს ორღობეში ბერიკაცივით
ბიის სურნელი და ბაიზე – ზანტი ობობა.
უღელში მარტოდ დარჩენილი ნიშა ხარივით
ძლივსაღა მოათრევს ცის ძირიდან მთვარეს დაისი,
კადრზე კითხულობ გადაძახილს;
- ზურია უუუ!
- ვახტია უუუ!
- რუსუდან უუუ!
ეს უკვე ნიშნავს: საღამოა.
ასეთ ამინდში,
მეტი რა უნდათ ციცინათლებს,
ყველაზე კარგად თამაშობენ დახუჭობანას.
აჩერებ კადრებს.
აქ წაკითხვაც აღარ გჭირდება:
ბებია, გობი, გობზე – ფქვილი და კეცზე - მჭადი,
დედა, რომელიც ყოველ ღამით შიშზე გილოცავს,
მამა, რომელიც ყოველ დილით წყაროზე ჩადის.
კედლები, ძველი გაზეთები შპალერის ნაცვლად,
წვივებისა და მხალისათვის – თოთო ჭინჭარი,
წყალ-წყალა ღვინო თლილ ჭიქაში, გათვალვა - ნაცრად,
თეთრი მაქმანი “შიფანერზე”, ჭრელი ჭილობი. . .
მეზობლის ლუბა, მეზობლის ნინა, ჟოჟიკა, ბაღდო. . .
ბარდებში -  დედის მომლოდინე ბუსუსა ბარტყი,
შემოდგომობით – ქარისაგან სილაგწნული
შაფრანი,
აუჰ, ზამთარში კი, ბარდნის და ბარდნის. . .

ეს დიაფილმის კადრებია, კადრებს მიღმა კი:
ჩვენსავით ასე,
თამაშ-თამაშით,
ბედნიერების თამასას წევს მაღლა სიკვდილი
და დაცლილ მთაში,
მარტოობა მობეზრდება საფთხობელასაც,
ჯოხზე დაკიდებს გვიმრის ფუთაში გამოკრულ სოფელს,
მხარზე გაიდებს
და გაღმა, რკინისმესრიანი სასაფლაოსაკენ წაჩანჩალდება.

ჩემს დიაფილმზე. . .
ჩემს დიაფილმზე ბოლო, ხმოვანი კადრი დარჩა:
ბალახებში კუტკუტებენ კუტკალიები:
“ამის პატრონმა რა ქნას”. . .
“ამის პატრონმა რა ქნას”. . .
“ამის პატრონმა რა ქნას”. . .

ცას აბია ცაბაურთა

მარიამ წიკლაური

ცას აბია ცაბაურთა –
ცის და მიწის უდის საყმო.
ღრუბელი რომ დაადგება –
ღვთისკარსა ჰგავს, უფლის სამყოფს.
არ იქნება, ეს სამყარო
კაცისად და ღვთისად დაჰყონ.

ცას აბია ცაბაურთა,
შუაფხოს მზერს არაგვიანს.
ავისგორზე ჟამთა ყანას
არც თესავენ, არცა მკიან.
წამი მწიფს და წამიHყვავის,
რად არ ჰყოფნის ადამიანს?!

ბებერ კაკლებს  - ჟამის აკვნებს
ცეცხლი უწევთ მკლავზე ელვის,
ნასახლარი ადევს გულზე –
დადის ლანდი ხევისბერის,
ქვის აკვნებში სევდას არწევს
ბერდედოთა მონამღერი.

იახსარის ნაქუსლარზე
მზის ცვრიანი ელავს ბუნჩი,
კარატისწვერს ტბის ცრემლია,
იქ ყვავილიც ყმაა უნჯი
ამ მთებს, უფლის მადლით სავსეს,
მაინც უჩვენობა უჭირს.

მზე გადის და მზე გამოდის,
აქ მარადი ერთი დღეა!
ღამე ვარსკვლავმსხმოიარე,
ბინდის ლურჯი ნათლის ხეა,
სიყვარული არაგვივით
გახმიანებს, სულიც მხნეა.

ყორნები ცის ძაძებივით
ჩანან, მკვდარ დროს თვალებს თხრიან,
თენდება თუ დარჩენიათ
ღვთისშვილთ ზეცის კარი ღია?
გაწყვერტილი ოქროს შიბი
ცაბაურთის წვერს აბია.

მეტრფე

ნინო ქადაგიძე

მწყემსის მეტრფე ვარ,
მთის წვერზე ვცხოვრობ,
მიმწიფს ბალახი
ფიფქების ქოხში.
ცოტა არტოსი, ნაკურთხი წყალი,
ან სეფისკვერი
საუზმედ მყოფნის.
ოცდაცამეტი ცხვარი დამიდის
ფერისცვალების იალაღებზე,
ხან ჭყინტი დილა
ამომყავს მუჭით,
ხან ღრუბლს ვახვევ,
კუდიხრილას
ჯეჯიმზე ვქარგავ
წვიმების თხორით.
ამ მოფუსფუსე დილასავით
ნისლები – როგორც თაფლი და რძე
ბილიკზე მომდის.
მწყემსის მეტრფე ვარ,
მთის წვერზე ვცხოვრობ,
მიმწიფს ბალახი
ფიფქების ქოხში.
მე ესეც მყოფნის. . .