ვიდეო-თვალით გადაღებული მკვლელობა, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვი შეესწრო

  13:22:50     25-08-2011

ახალი წლის წინა დღით, თბილისში, კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობა გახსნილია. მკვლელი მიმალვაშია, მაგრამ მას თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა. 22 წლის ახალგაზრდის მკვლელობას, რომელიც ლონდონიდან საქართველოში დროებით იყო ჩამოსული, რამდენიმე თვითმხილველი ჰყავდა. გამოძიების მასალებით დადგენილია, რომ ამ შემზარავ შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვიც შეესწრო. ასევე საუბარი იყო, რომ გიორგი კ.-ს მკვლელობა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულმა ვიდეო-სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს.

საქმის მასალების მიხედვით, მკვლელობის მიზეზი ორ ახალგაზრდას შორის, გოგონას გამო დაწყებული უთანხმოება გახდა. მკვლელმა, გიორგი კ.-ს მეგობრის დას შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც მან დასახმარებლად გიორგის მიმართა. როგორც სასამართლო სხდომაზე, დაკითხვისას დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა თემურ ნ.-მ განმარტა, მკვლელობის დღეს მან და გოგა თ.-მ ბაკურიანში წასვლა გადაწყვიტეს. ფულის გამოსართმევად მეგობართან მივიდნენ, იქიდან გამოსულებს კი გზაში შემთხვევით შეხვდათ გიორგი კ. და კიდევ ორი პიროვნება, რომლებიც კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე ლუდს სვამდნენ. გოგა თ.-მ გიორგი კ.-ს სიტყვიერი შუურაცხყოფა მიაყენა,  შემდეგ კი მოულოდნელად ამოიღო იარაღი, დაუმიზნა და მოახდინა ერთი გასროლა მისი მიმართულებით. ამის შემდეგ ისინი გაიქცნენ, ხოლო იარაღი გოგა თ.-მ გადააგდო ბუნკერში. იარაღი იყო დაახლოებით 30 სმ-ის, ხის ტარით, მოკლელულიანი, აღნიშნული იარაღი მას ადრეც ჰქონდა ნანახი გოგა თ.-ს სახლის სარდაფში. ერთ-ერთმა მოწმემ, გარდაცვლილის მეგობარმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ გარდაცვლილსა და გოგა თ.-ს შორის არსებობდა კონფლიქტური სიტუაცია, ვიღაც გოგოსთან ურთიერთობის გამო. რომელსაც გოგა თ.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მკვლელობამდე ორი კვირით ადრე, გარდაცვლილმა მეგობართან ერთად, გამეტებით სცემა გოგა თ., რომელიც დაემუქრა, რომ ამას არ აპატიებდა.

გოგა თ. წარსულშიც ნასამართლევია, მისი დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებაა, რომ თავს არიდებს სასამართლოს. ასევე სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მკვლელობა მართალია მოხდა ღამის საათებში, მაგრამ მოხდა ისეთ ადგილას სადაც მოძრაობს ხალხი და ასევე მკვლელობის მომენტისთვის იმ ტერიტორიაზე თამაშობდა მცირეწლოვანი ბავშვი. სასამართლოს მიერ დაიკითხა გიორგი კ.-ს დედაც, როგორც გაირკვა მან მკვლელობის შესახებ 2010 წლის 31 დეკემბერს შეიტყო, ასევე მოგვიანებით გაიგო, რომ მომხდარ ფაქტამდე მის შვილსა და გოგა თ.-ს შორის არსებობდა კონფლიქტი, რაც გამხდარა მისი 22 წლის შვილის მკვლელობის მიზეზი, რის გამოც დამნაშავის მკაცრად დასჯა მოითხოვა. სასამართლოზე დაიკითხა ბრალდებულის მშობელიც, რომელიც აცხადებდა, რომ მკვლელობის იარაღი სახლში ნახეს, თუმცა მოგვიანებით გოგა თ.-მ მათ უთხრა, რომ იგი პატრონს დაუბრუნა. სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდებულის მშობლის მტკიცება, რომ მისმა შვილმა გიორგი კ.-ს არა მოკვლის, არამედ შეშინების მიზნით ესროლა, ვინაიდან არსებობს სხვა მოწმეების ჩვენებები, რომლებიც განმარტავენ, რომ გოგა თ.-მ დამიზნებით ესროლა გიორგი კ.-ს. დანიშნული სასჯელების ერთობლიობით გოგა თ.-ს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო არასრულწლოვანს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, მისი ასაკისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ითანამშრომლა გამოძიებასთან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.