" ჩემი სამყარო მოკვდა და ის რუსულმა რაკეტამ მოკლა" – მოკლული სამი თვის კირას მამა ოდესიდან

  13:02:02     26-04-2022

23 აპრილს ოდესაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ერთი ოჯახის სამი წევრი გარდაიცვალა – 3 თვის კირა, მისი დედა ვალერია და ბებია. აფეთქების მომენტში, ბავშვი მამა საყიდლებზე იყო გასული. სახლში დაბრუნებული იური პოლიციას სთხოვდა, რომ ცეცხლმოკიდებულ შენობაში შეეშვათ, რათა ოჯახის წევრები ენახა. იურიმ ცოლისა და სიდედრის ცხედრები თავად იპოვა, მისი 3 თვის შვილის კი - მაშველებმა.

 იური 24 აპრილს დანგრეულ სახლში მივიდა და ბინიდან წამოიღო ყველაფერი, რაც დაბომბვას გადაურჩა: ფოტოალბომი, ვალერიას შაქრის პაკეტების კოლექცია, ხელნაწერები, ასევე თავისი ქალიშვილის, კირას ეტლის ნამსხვრევები.

სწორედ აქ ჩაწერა BBC-იმ იური, რომელიც გამოცემას საკუთარი ოჯახის შესახებ უყვება. იურის განცხადებით, მან ოჯახი ვალერიასთან ერთად 9 წლის წინ შექმნა: 

"ვალერია იყო ძალიან კეთილი, უყვარდა სიცილი, სიამოვნებას პოულობდა უბრალო რაღაცებში... ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ კარგად წერდა და როგორი დედა იყო... უბრალოდ, ვერც კი წარმოიდგენთ. მშობიარობას ვესწრებოდი, გოგონა რომ დაიბადა, ბედნიერებისგან ვტიროდი. მიჭირს იმის გააზრება, რომ ჩემი ქალიშვილი აღარ არის. არც ჩემი ცოლი და სიდედრი... გუშინ, ჩემი სამყარო მოკვდა. ის მოკლა რუსულმა რაკეტამ", - ამბობს იური BBC-ისთან.

გამოცემის ცნობით, წასვლისას იურიმ სამგზავრო ჩანთიდან ბავშვის საფენები ამოიღო და ჟურნალისტებს მისცა.

 "უკვე აღარ მჭირდება. საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცით, ბავშვებისთვის...", - თქვა იურიმ.