მიხაი ემინესკუს „უკანასკნელი სურვილი“ და „მუსიკოსის სიმღერა“
11:09:59     25-08-2011
დიდი რუმინელი პოეტი მიხაი ემინესკუ დაიბადა 1850 წლი 15 იანვარს მრავალშვილიან ოჯახში. მამა წვრილი მემამულე იყო. იგი ცდილობდა შვილებისათვის კარგი განათლება მიეცა, და ისინი ჩერნოვიცში გააგზავნა, რომელიც მაშინ ავსტრო-უნგრეთის იმპერიას ეკუთვნოდა.
მიხაი ოჯახში უმცროსი ვაჟი გახლდათ. დიდი ინტერესით სწავლობდა რუმინულს, რომელსაც მისი საყვარელი მასწავლებელი არონ პუმნული ასწავლიდა, 1848 წლის რევოლუციის მონაწილე. არონ პუმნული ცდილობდა მოწაფეებისათვის პატრიოტული გრძნობები გაეღვივებინა და კარგად ესწავლებინა რუმინული.
მიხაი ემინესკუს პირველი ცნობილი ლექსი 1866 წელს არის დაწერილი, მისი საყვარელი პედაგოგის გარდაცვალების გამო. ლექსს ჰქვია: „არონ პუმნულის საფლავთან“. იმავე წლიდან იბეჭდებოდა მისი ლექსები. წერდა პოემებს.
გიმნაზიის დამთავრების გარეშე, მიხაი ემინესკუ მამის რჩევით შევიდა ვენის უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად. ისმენდა ფილოსოფიის, ფილოლოგიის და იურისპრუდენციის ლექციებს. იმ პერიოდში გამოაქვეყნა თავისი ცნობილი პოემა „ეპიგონები“.
1872-1874 წლებში ცხოვრობდა ბერლინში, ისმენდა ლექციებს ბერლინის უნივერსიტეტში. პარიზის კომუნამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. იმ დროს დაწერა პოემები „იმპერატორი და პროლეტარი“, „ანგელოსი და დემონი“.
1874 წელს გაემგზავრა იასში, სადაც დაიწყო გიმნაზიაში მუშაობა პედაგოგად, ბიბლიოთეკარად, სკოლის ინსპექტორად. 1877 წელს მიიწვიეს გაზეთ „ტიმპულში“ (დრო). გადავიდა ბუხარესტში. ბევრს მუშაობდა, რადგან ძალიან უჭირდა. ლექსებისთვის ჰონორარს არ უხდიდნენ, თურმე... იმ პერიოდში დაწერა სახელგანთქმული „ლუჩაფერი“, რომელსაც 8 წელი მოანდომა.
ცხოვრების მძიმე პირობებმა იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე. 1883 წლიდან დეპრესია დაეწყო, რომელიც ხშირად ახსენებდა თავს. იმავე წელს გამოვიდა მისი ლექსების წიგნი. წიგნმა დიდი აღიარება მოუტანა ბრწყინვალე პოეტს, თუმცა, როგორც ამბობენ, მისთვის უკვე სულ ერთი იყო... მცირე პენსიით ძლივს გაჰქონდა თავი. სენი ისევ აწუხებდა. ლექსში „მუსიკოსის სიმღერა“ წერდა კიდეც: „გვიან შეიტყობთ მე ვინ ვიყავი, / რისთვის ვცხოვრობდი გაიგებთ მაშინ, / როცა სიკვდილი განუკითხავი / თავის შავი ფრთით გამაფრენს ცაში.“
1889 წლის 15 ივნისს დიდი პოეტი მიხაი ემინესკუ გარდაიცვალა.
დღეს გთავაზობთ მიხაი ემინესკუს ორ გენიალურ ლექსს, რომლებიც შესანიშნავად თარგმნა გრიგოლ აბაშიძემ.
უკანასკნელი სურვილი
ერთადერთ სურვილს ვინახავ წმინდად,
სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე მდგარი,
მე ზღვის ნაპირზე სიკვდილი მინდა,
როცა საღამო დადგება წყნარი.
ზღვასთან მსურს მუდმივ ძილს თავი მივცე,
ტყე შრიალებდეს ახლო ღამ-ღამე,
და ცას ეკვროდეს ზღვის წყნარის სივრცე,
ცასავით ლურჯი და მოკამკამე.
არ მინდა კუბო ძვირფასი, ანდა
დროშები, დიდ ხალხს არ ვეტოლები,
უბრალოდ შეჰკრან საკაცე სადა,
სურნელოვანი მწვანე ტოტებით.
ნუ დამიტირებს საფლავზე ნურვინ
უჭირისუფლოს და უსახლკაროს,
დე შემოდგომამ ცრემლით და მდურვით
ხმელი ფოთლები გადმომაყაროს.
დე ნაკადული მოთქვამდეს მწარედ,
შხეფებით შუქზე მოციმციმეთი
და ფიჭვის წვერზე ასულმა მთვარემ
მეც მომაწვდინოს შუქი მცირედი.
დე ფარა ძოვდეს ბალახს და ბოტებს
უჟღარუნებდეს ყელზე ეჟვანი,
ცაცხვი მაღლიდან მიქნევდეს ტოტებს
სავსე წუხილით და კაეშანით.
აღარ მკადრებენ ქვეყანა მოვლილს,
წამებულს, მკვდარსაც დამწამონ ცილი,
და ჩემს სახელსაც, ვით ბილიკს თოვლი,
მოგონებები დაფარავს ტკბილი.
როცა ვარსკვლავნი ღამის სიშავეს
გასტეხენ, განა შორს ვეგონები,
ციდან ღიმილით თვალს ჩამიკრავენ,
ვით ჩემი ყრმობის ტოლ-მეგობრები.
ზღვა დაიკვნესებს და მის მკაცრ ხმაში
ტალღა დატყდება ყალყზე შემდგარი...
ვაგლახ, მე მარტო ვიქნები მაშინ
მიწად მდებარე ცივი ცხედარი.
მუსიკოსის სიმღერა
მარტო დავდივარ გაუგებარი,
გაუგებარი, როგორც ზღაპარი,
ამბოხებული, დაუდეგარი
და ცოდვილივით მიუსაფარი.
მუზა ვარ კლდეზე ფრთებმიმსხვრეული,
უდაბნოს ხმა ვარ ღონემიხდილი,
და ცოცხლებს შორის ჩემი სხეული
მარტოკა დადის, როგორც სიკვდილი.
მე მირონს ვსუნთქავ, დაღლილი მკერდი,
ალბათ, ამიტომ იწვის სახმილით,
ასე წვალებით წყალსა სვამს გედი,
ყინვით გასარკულ ტბაზე დახრილი.
ცხოვრების აზრის, სიცოცხლის ფასის
განმმარტებელი მითხარ სად არი,
ოდესღაც ვიყავ არწივის მსგავსი,
ახლა ჯვარი ვარ ცივი სამარის.
თუ ხალხი ჩემს ხმას არ გაიგონებს,
სიცოცხლეს მეტი რა აქვს მიზანი,
ცაზე ვარსკვლავთა ნათელ სტრიქონებს
რაღად ვკითხულობ როგორც მისანი.
და ესღა მინდა, ბედო შავბედო,
წამით ავწიო სიკვდილის ფარდა,
რომ ჩემს ფერმიხდილ სახეს დავხედო
ღია კუბოში სამარის კართან.
გვიან შეიტყობთ მე ვინ ვიყავი,
რისთვის ვცხოვრობდი გაიგებთ მაშინ,
როცა სიკვდილი განუკითხავი
თავის შავი ფრთით გამაფრენს ცაში.