Type 89 – ქვეითთა საბრძოლო მანქანა
10:53:52     25-08-2011
ქვეითთა საბრძოლო მანქანა Type 89-ზე მუშაობა 1981 წელს იაპონიაში, კომპანია Mitsubishi Heavy Industries-ის მიერ დაიწყო. ამ დროისათვის, აღნიშნულ კომპანიას ჯავშანტექნიკის წარმოების საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა დაგროვებული. ქვეითთა საბრძოლო მანქანის პირველი ოთხი პროტოტიპი 1984 წლისთვის აიგო, მათი საგამოცდო პერიოდი 1986 წლამდე გაგრძელდა, ხოლო შეიარაღებაში Type 89 1991 წელს მიიღეს. თავდაპირველად, იაპონიის სახმელეთო ძალებისთვის 300 ერთეული ამ ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანის შესყიდვა იგეგმებოდა, თუმცა მისი წარმოება საკმაოდ ნელა მიმდინარეობდა და 1999 წლისთვის იაპონიის არმიის შეიარაღებაში მხოლო 58 ერთეული Type 89 იმყოფებოდა. იმავე წელს, კიდევ ორი ერთეული შეისყიდეს, ხოლო მომდევნო წელს მხოლოდ ერთი.
Type 89-ის კორპუსის შუა ნაწილში დამონტაჟებულია ორკაციანი კოშკურა, რომელიც Oerlikon Contraves -ის ტიპის 35 მმ-იანი ქვემეხით არის შეიარაღებული ქვემეხის მაქსიმალური სწრაფსროლა დაახლოებით 200 გასროლაა წუთში. ქვემეხი შვეიცარიული წარმოშობისაა და ის იაპონიაში ლიცენზიურად იწარმოება. 1990-იანი წლების დასაწყისში სულ რამოდენიმე ქვეითთა საბრძოლო მანქანა თუ იყო აღჭურვილი უფრო ძლიერი შეიარაღებით. ის ასევე შეიარაღებულია ძირითად ქვემეხთან შეწყვილებული Type 74-ის ტიპის 7.62 მმ-იანი ტყვიამფრქვევითა და ორი Type 79 Jyu-MAT-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გამშვები დანადგარით, რომლების კოშკურის ორივე გვერდზეა განთავსებული. საბრძოლო მანქანაში სულ 6 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა ინახება. მართვადი რაკეტების გამშვები დანადგარების ქვემოთ განლაგებულია სამ-სამი ერთეული საკვამლავი ყუმბარების გამშვები მოწყობილობები.
Type 89-ის ეკიპაჟი სამი კაცისაგან: მეთაურის, მსროლელისა და მძღოლისაგან შედგება. დესანტის სახით კი ქვეითთა საბრძოლო მანქნა შვიდ სამხედროს იტევს. მედესანტეებს ჯავშანმანქანაში შესვლა და მისი დატოვება, როგორც უკან განლაგებული კარებით, ასევე ლუკების მეშვეობით შეუძლია. ქვეითთა საბრძოლო მანქანის კორპუსში მცირე ზომის ექვსი საცეცხლე ლუკია განთავსებული, საიდანაც მასში მსხდომ დესანტს ცეცხლის წარმოება შეუძლია. მძღოლის ადგილი კორპუსის წინა, მარჯვენა მხარეს არის მოთავსებული. მსროლელის ადგილი კი კოშკურის მარცხენა ნაწილშია განლაგებული, ხოლო მეთაურის ადგილი მის გვერდითაა. ორივე მათგანი საკუთარი ლუკებითა და პერისკოპებით არის უზრუნველყოფილი.
ძალური დანადგარის სახით Type 89-ზე Mitsubishi 6SY31WA-ტიპის წყლით გაგრილებადი დიზელის ძრავაა დაყენებული, რომელიც 600 ცხენისძალას გამოიმუშავებს. ძრავა კორპუსის წინა ნაწილში, მარცხენა მხარეს არის დამონტაჟებული, რითაც ჯავშანმანქანის დაცულობა შესამჩნებად არის გაზრდილი.აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Type 89-ს არ ცურვა შეუძლია.
მახასიათებლები:
შეიარაღებაში მიიღეს - 1991 წელს
ეკიპაჟი - 3 კაცი
დესანტი - 7 კაცი
წონა - 26.5 ტ
სიგრძე - 6.8 მ
სიგანე - 3.2 მ
სიმაღლე - 2.5 მ
ქვემეხი - 35 მმ-იანი
ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა - 2 x Type 79
ტყვიამფრქვევი - 1 x 7.62 მმ-იანი
ძრავა - Mitsubishi 6SY31WA V6 დიზელის
ძრავის სიმძლავრე - 600 ცხ.ძალა
მაქსიმალუი სიჩქარე - 70 კმ/სთ
სვლის მარაგი - 400 კმ
დახრილობა - 60%
გვერდითი დახრილობა - 30%
ვერტიკალური წინაღობა - 0.8 მ
თხრილი - 2.4 მ
წყლიანი დაბრკოლების გადალახვა - 1 მ
army.ge