"პუტინის მიზანი კიევის აღება აღარ არის, ის სათადარიგო გეგმაზე გადადის" – აშშ–ის მაღალჩინოსნები
12:35:19     21-03-2022
ამერიკელი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიზანი კიევის აღება აღარ არის, რადგან მან დედაქალაქზე სწრაფ გამარჯვებას ვერ მიაღწია და ახლა ის სათადარიგო გეგმაზე გადადის. ისინი ამბობენ, რომ პუტის სტრატეგია არ შეუცვლია, მაგრამ შეცვალა ტაქტიკა.
აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პუტინი ეძებს ბერკეტს, რათა აიძულოს უკრაინის მთავრობა დაეთანხმოს ნეიტრალიტეტს რუსეთსა და დასავლეთს შორის.
მას სურს, აიძულოს კიევი დათმოს უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიები. ამრიგად, რუსეთს სურს შექმნას "სახმელეთო დერეფანი" ქვეყნის დასავლეთსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის, ასევე გააფართოვოს კონტროლი დონბასზე.
მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ პუტინი გააგრძელებს სამხედრო ზეწოლას, მათ შორის ქალაქების დაბომბვას იმ იმედით, რომ ეს აიძულებს ზელენსკის დაკარგოს დასავლეთთან ალიანსში გაწევრიანების იმედები და დაეთანხმოს ნეიტრალურ სტატუსს და კრემლის სხვა მოთხოვნებს.