ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა

  08:00:13     25-08-2011

მოსკოვში ცნობილი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკიას მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი დააკავეს. ის პოლიციის გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი, დიმიტრი პავლიჩენკოვია, რომელიც ადრე, პოლიტკოვსკაიას საქმესთან დაკავშირებით, მოწმის სტატუსით იყო დაკითხული.

ყოფილი პოდპოლკოვნიკი მოსკოვის ოპერატიულ-სამძებრო სამმართველოს მეოთხე განყოფილების ექს-ხელმძღვანელია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიებას აქვს მონაცემები, რომელთა მიხედვითაც პავლიჩენკოვმა, ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, პოლიტკოვსკაიას მკვლელობის დასაგეგმად, დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნა და ჟურნალისტზე, მისი ქალაქში გადაადგილების ყოველდღიური მარშრუტების შესწავლის მიზნით, დაკვირვებას აწარმოებდა. ირკვევა, რომ სწორედ პავლიჩენკოვმა შეარჩია მკვლელობის იარაღი, შეიმუშავა გეგმა და ყოველ მონაწილეს საკუთარი როლი განუსაზღვრა დანაშაულის შესრულებაში.  

როგორც ცნობილია, 2006 წლის 7 ოქტომბერს, ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი,  საკუთარი სახლის ლიფტში მოკლეს. გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. იქვე ახლოს ნაპოვნი იქნა „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი. ერთი შეხედვითვე ჩანდა, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო, რადგან, როგორც თავიდანვე გაირკვა, ბოლო, მეხუთე გასროლა ჟურნალისტის მისამართით, ე.წ. საკონტროლო გასროლას წარმოადგენდა თავის არეში. ანა პოლიტკოვსკაის ცხედარი მეზობელმა ქალბატონმა აღმოაჩინა, რომელმაც მაშინათვე დაურეკა მილიციას.

ჟურნალისტის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ის იმთავითვე ყველაზე გახმაურებულ და ამასთან, ბუნდოვან საქმედ იქცა. „ნოვაია გაზეტამ“ კი, სადაც ცნობილი რეპორტიორი მუშაობდა, 25 მილიონი რუბლი დააწესა საიმისოდ, ვინც ანიას მკვლელობის შემკვეთების, ორგანიზატორების და შემსრულებლების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიდა.  

მკვლელობის პირველივე და, ფაქტობრივად, ერთადერთ ვერსიად,  მაშინათვე, პოლიტკოვსკაიას პროფესიული მოღვაწეობა დასახელდა. საქმემ მთელ მსოფლიოში განსაკუთრებით რეზონანსული ხასიათი შეიძინა. განიხილებოდა მკვლელობის რამდენიმე შემკვეთი, მათ შორის ჩეჩნეთის რესპუბლიკის მარიონეტული ხელისუფლება (რომელთა ბნელ საქმეებსაც პოლიტკოვსკაიამ, წლების განმავლობაში, სტატიების მთელი სერია მიუძღვნა), ასევე, უშუალოდ, რუსეთის ცენტრალური ხელისუფლება... მსგავს ხმებს კადიროვის უცნაური განცხადებაც მოჰყვა, სადაც ჩეჩნეთის „მეთაური“ ირწმუნებოდა, რომ პოლიტკოვსკაია მას არ მოუკლავს, რადგან ის ქალებს არ კლავს.

მალე გამოძიებაში ჩეჩენი ძმების, მახმუდოვების გვარი გამოიკვეთა. ამ წლების განმავლობაში, გამოძიებამ რამდენიმე ეჭვმიტანილი დააპატიმრა, მათ შორის იყვნენ ეთნიკური რუსებიც და ჩეჩნებიც. აღიძრა საქმე რიგ პიროვნებებზე, რომელიც მტკიცებულებების არქონის გამო, შეწყდა... ამას წლების განმავალობაში, სხვადასხვა საგამოძიებო პროცესები მოჰყვა, მთელი რიგი ბუნდოვანი მომენტების თანხლებით... ეჭვები უკვე ამ უკანასკნელ დაკავებასთან დაკავშირებითაც გამოითქვა...

პავლიჩენკოვის გარდა, ამ ეტაპზე, მკვლელობაში კიდევ ოთხი პირი იმხილება. მათ შორის არიან მილიციის ყოფილი თანამშრომელი სერგეი ხაჯიკურბანოვი და ძმები ჯიბრაილ და იბრაჰიმ მახმუდოვები. ცალკე საქმეა აღძრული რუსტამ მახმუდოვზე. მიუხედავად ამისა, როგორც თავად გამოძიება აღიარებს, საქმის გახსნაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, რადგან არ არის დადგენილი შემკვეთის ვინაობა. მოკლედ, გამოძიება ხელისუფლებისადმი მკვეთრად ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტის მკვლელობასთან დაკავშირებით, რუსეთში ჩვეულ სტილში მიმდინარეობს, რაც დაინტერესებულ მსოფლიო საზოგადოებას გარკვეულ ვერსიებს კიდევ უფრო უმყარებს...

მანჰეტენში რეჟისორ მარინა გოლდოვსკაიას დოკუმენტური ფილმის, „თავისუფლების მწარე გემოს“ პრემიერა გაიმართა. „არსებობენ სქელკანიანი და თხელკანიანი ადამიანები... ანა კი საერთოდ კანის გარეშე იყო. ის წავიდა ომში და იქედან აღარ დაბრუნებულა“ - განაცხადა რეჟისორმა პრემიერის შემდეგ. გოლდოვსკაია ჟურნალისტს 30 წლის განმავლობაში იცნობდა და ისინი ოჯახებით მეგობრობდნენ. ამიტომ მან იცოდა, როგორი მიზანმიმართული, ძლიერი და უსამართლობასთან მებრძოლი იყო გარდაცვლილი ჟურნალისტი,  უსამართლობის იმ გამოვლინებებთან, რომელიც მის სამშობლოს არასდროს აკლდა... სწორედ ასეთად არის ის წარმოდგენილი ფილმში, რომელსაც, კინოკრიტიკოსების განცხადებით, სავარაუდოდ, „ოსკარის“ ჯილდოზე წარადგენენ...