ამერიკული ტყვიამფრქვევი პლასტიკური ვაზნებით

  20:16:33     24-08-2011

ამერიკელები შეძლებენ საგრძნობლად „შეუმსუბუქონ“ ცხოვრება თავიანთ ჯარისკაცებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, პროგრამა LSAT–ის ფარგლებში,  ახალი ტყვიამფრქვევი შექმნა, რომელიც თანამედროვე ტყვიამფრქვევ M249-ზე გაცილებით მსუბუქია და მისი პლასტიკური ვაზნები ჩვეულებრივ საბრძოლო მასალაზე ორჯერ ნაკლებს იწონის.

იარაღი, კომპიუტერული მოდელირების მეშვეობით, წონის მინიმუმამდე შემცირების მიზნით შეიქმნა. ტყვიამფრქვევის წონის რადიკალურ შემცირებას, სრულიად ახალი ტიპის იარაღისა და განსაკუთრებით პლასტიკური მასრების მქონე ტელესკოპური ვაზნების საშუალებით მიაღწიეს.  

შეიარაღების ახალი სისტემის წყალობით, მეტყვიამფრქვევეების ცხოვრება, გაცილებით „მსუბუქი“ გახდება. ერთი M249–ი, ვაზნების კოლოფით, 10 კილოგრამს იწონის, დამატებითი ვაზნების მარაგის სახით, ამას, კიდევ 10 კილოგრამი ემატება.

საერთო ჯამში, მეტყვიამფრქვევის სრულმა აღჭურვილობამ, შესაძლოა, 35 კილოგრამს მიაღწიოს,  რაც უარყოფითად აისახება მის ჯანმრთელობაზეც და ბრძოლისუნარიანობაზეც.  LSAT–ის პროგრამის მიხედვით შემუშავებული ტყვიამფრქვევის წყალობით კი, ეს წონა, 20.4 კილოგრამამდეა დაყვანილი.

ახალი სისტემის დემონსტრირება, ერთი თვის წინ, ვირჯინიის შტატში, საზღვაო ქვეითთა ბაზა კვანტიკოზე მოხდა. გამოცდილმა მსროლელებმა ვერავითარი განსხვავება ვერ აღმოაჩინეს ტრადიციული და ახალი იარაღის სიზუსტესა და საწყის სიჩქარეში.

წონის შემცირება დადებითად აისახა სროლის სიზუსტეზე, რადგან მეტყვიამფრქვევე ნაკლებად იღლება მისი გადატანისა და ხელით სროლის დროს. პლასტიკურმა მასრამაც აჩვენა დადებითი შედეგი.

გაუმჯობესებული თბოიზოლაციის წყალობით, შემცირებულია ვაზნაში დენთის მუხტის თვითაალების რისკი. ასევე, შემცირებულია მეტყვიამფრექვევის დაშავების ალბათობა, შეყოვნებული გასროლის შემთხვევაში.

მოცემულ ეტაპზე, ხელის ოთხი ტყვიამფრქვევიდან, წარმატებით განხორციელდა 12 ათასი გასროლა. ოფიციალური შემოწმების ფარგლებში, პენტაგონის მიერ, 100 ათასი გასროლაა დაგეგმილი.  

ტყვიამფრქვევი LSAT LMG–ი არა მხოლოდ ახალი უნიკალური იარაღია მეტყვიამფრქვევეებისათვის, არამედ პირველი შესაძლებლობაა გამოსცადონ ახალი ტიპის საბრძოლო მასალა, რომელიც, შესაძლოა, ნებისმიერი ცეცხლსასროლი იარაღისათვის გამოდგეს, რომელიც საბრძოლო აღჭურვილობის საერთო წონას მნიშვნელოვნად შეამცირებს.