"ბოროტმოქმედი მმართველი, რომელსაც ქრისტიანულ ფასეულობებთან არაფერი საერთო არ აქვს" – მეუფე დიმიტრი პუტინზე
13:42:44     09-03-2022
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმტრიმ ქადაგებისას რუსეთ–უკრაინის ომზე ისაბრა.
მან ვლადიმირ პუტინს ბოროტმოქმედი უწოდა:
"გამოჩნდა ერთი ბოროტმოქმედი მმართველი, რომელიც მთელ კაცობრიობას ბირთვული იარაღის ჟღარუნით ემუქრება და თავის თავს მიიჩნევს ქრისტიანად. მე ვიტყოდი, მას ქრისტიანულ ფასეულობებთან არაფერი საერთო არ აქვს. ის, რომ როდესაც ის მთელი გარკვეული სიამოვნებით მთელ მსოფლიოს უცხადებს და ეუბნება, რომ თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ, მე თუ ეს ჩემი ბირთვული იარაღი გამოვიყენეო, მას არაფერი არ აქვს ქრისტიანობასთან საერთო. ის ემუქრება ჩვენს ქვეყანას, ის ემუქრება ჩვენს შვილებს, თქვენს შვილებსა და კაცობრიობას.
როგორც მოგეხსენებათ, გარკვეული პერიოდი ვცხოვრობდი და ვსწავლობდი რუსეთში, ჩემთან ჩემი თანაკურსელები იყვნენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, მათ შორის, უკრაინელები, რუსები, სერბები, ბულგარელები და ა.შ. ყოველდღიურად ვხედავთ საშინელებას, როგორ ინგრევა, როგორ ნადგურდება, როგორ იხოცება უამრავი ადამიანი - ბავშვები, ქალები, კაცები. მე ჩემს ზოგიერთ თანაკურსელს, მღვდელმთავრებს რუსეთში გავუგზავნე ასეთი შეტყობინება - თქვენ უნდა შეაჩეროთ ეს ბოროტმოქმედი, უნდა შეაჩეროთ და ამხილოთ, რადგან ის დაღუპავს რუსეთს, თუ უკვე არ დაღუპა, უკიდურეს შემთხვევაში, მე გამიჭირდება თქვენთან ურთიერთობა. სამწუხაროდ, მათგან არანაირი პასუხი არ არის და ეს მოსალოდნელიც იყო.
მე მაქვს თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა ჩემს უამრავ მეგობართან, კურსელებთან უკრაინაში, ჩვენ ყოველდღიურად თვალცრემლიანები ვემშვიდობებით ერთმანეთს. განადგურებულია ზოგიერთი ეპარქია, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ყოველივე ამას.
ძალიან გულნატკენები არიან, მე მხედველობაში მყავს ნაწილი რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში, თავიანთ პატრიარქზე, რომელმაც, გარკვეულწილად, გაამართლა და ამ ბოროტმოქმედებას, რაც უკრაინაში ხდება, უწოდა რუსეთის ინტერესების დაცვა",– ამბობს მიტროპოლიტი.