რუსეთს სანქციები კანადამ და იაპონიამაც დაუწესა
10:31:17     23-02-2022
უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების "დამოუკიდებლობის" აღიარების შემდეგ, რუსეთს სანქციებს კანადა და იაპონიაც უწესებს.
იაპონიის პრემიერმინისტრის, ფუმიო კიშიდას განცხადებით, ის აკრძალავს ქვეყანაში რუსული ობლიგაციების გამოშვებას და გარკვეული ინდივიდების ანგარიშებს გაყინავს. გარდა ამისა, ეს პირები იაპონიაში შესვლას ვეღარ შეძლებენ, რადგან სანქციები მათ ვიზებსაც შეეხებათ.
მისი თქმით, მოსკოვის ბოლო ქმედებებმა უკრაინის სუვერენიტეტი დაარღვია და ტოკიო მზადაა, დამატებითი ზომები მიიღოს სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში.
რაც შეეხება კანადას, პრემიერმა ჯასტინ ტრუდომ, უკრაინაში მოსკოვის ბოლო ქმედებებს "სუვერენულ სახელმწიფოში შემდგომი შეჭრა" უწოდა და ეკონომიკური სანქციების პირველი ეტაპი გამოაცხადა.
კანადა თავის მოქალაქეებს აუკრძალავს ყველა ფინანსურ ურთიერთობას აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ აღიარებულ დონეცკსა და ლუგანსკში. ტრუდომ თქვა, რომ რუსი პარლამენტარები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ამ გადაწყვეტილებას, ასევე დაისჯებიან. კანადელებს ასევე აეკრძალებათ რუსული ობლიგაციების შესყიდვა.