ია კოპლატაძის რამდენიმე ლექსი (XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან)
11:05:32     24-08-2011
ვაგრძელებთ ჩვენს რუბრიკას „XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან“.
დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ პოეტ ია კოპლაძის რამდენიმე ლექსი.
იას ვთხოვეთ მოეთხრო თავისი ბიოგრაფია, მან კი მოგვწერა:
„არ მიყვარს საკუთარ თავზე წერა. ვფიქრობ, ჩემი ავტობიოგრაფია ჩემი შემოქმედებაა. თუმცა, მაინც . . . დავამთავრე თსუ, ფილოლოგიის ფაკულტეტი. ვწერ ლექსებს, ჩანახატებს, ლექსებს პროზად.
პირველი ლექსი 6 წლის ასაკში დავწერე. ვფიქრობ ბევრს, ვწერ ცოტას.
ვარ ქართული მართმადიდებელი ეკლესიის მრევლის წევრი“...
ვფიქრობ, ჩვენი მხრიდან რაიმეს დამატება ზედმეტია.
რამდენიმე ხნის წინ პრესა.გე-მ აუწყა მკითხველს, რომ ჩოხატაურის რაიონის რამდენიმე სოფელში მირონი სდის ხატებს. იმ პუბლიკაციაში აღნიშნული იყო, რომ ჩოხატაურის რაიონში არის სოფელი სამება, სადაც ჩვენმა სახელოვანმა მამულიშვილმა, პაატა ბურჭულაძემ ეკლესია ააშენა.
ამ ეკლესიის სამრეკლოს აშენების ინიციატორი და ძირითადი დაფინანსებელი კი გახლავთ წინამდებარე ლექსების ავტორი, ია კოპლატაზე.
სოფელ სამების ტაძარშიც, როგორც ამბობენ, მირონი სდის ხატებს...
* * *
სად წასულან გვირილები,
რძისფერ ნისლში ვიძირები ...
მენატრება სალი კლდენი,
ბროლნარევი ჩანჩქერები,
თერგთან მსხდარი
იისფერი ნამქერები.
ამ თერგივით უცნაურად ავღელდები,
აღარ მასვენებენ ცაზე მოკიაფე ნაღვერდლები, -
თერგიდან ასხლეტილი ნამსხვრევები.
ამ მთებს ვეღარ გავეცლები,
მოულოდნელი ხილვით გავხევდები ...
მიყვარს მთვარე და ვარსკვლავები
და ვნებით დაგრეხილი თერგის
მოთქმა-გოდებები გულსაკლავები.
ვაი, სად გეძიოთ ჩემო
ჟღალო იმედო და ოცნებებო,
ჩემო უდროოდ დამარხულო,
თერგს გაყოლილო რაინდებო.
- მითხარით, მითხარით რამე საიმედო,
ღრუბლებო, ღრუბლებო ბარის!
- შენი ოცნებებიც თერგმა წაიღოო,
იმედი რაინდებს გაჰყვა,
თეთრი კოშკი მტერმა აიღოო,
ყორნები მოგიტანენ ამბავს;
შენი რაინდიც შავეთში წავიდაო,
გაქრა, სიზმარივით გაქრა,
არ დაბრუდებაო, არა ...
დაიძინ, დაიძინე ქალავ,
მალე დამშვიდდები ალბათ ...
თერგთან ჩამომსხდარი ნამქერები
იისფერ ზღაპრებს გიყვებიან ...
თერგს ჭრელი ოცნებები და იმედები მიჰყვებიან,
და ბროლნარევი ჩანჩქერები
უცნობ მხედრებზე გიმღერიან ...
დაიძინ, დაიძინე ქალავ,
ნისლში ახალი გზები იწყებიან...
ახალ გზებს ახალი სახელები აწერია,
ახალ გზებს ახალი გმირები ადგებიან ...
სად წასულან გვირილები,
რძისფერ ნისლში ვიძირები ...
მენატრება სალი კლდენი,
ბროლნარევი ჩანჩქერები,
და თერგთან ჩამომსხდარი
იისფერი ნამქერები.
* * *
ცა ამობრუნდა, ვარსკვლავები აჩუქა
მიწას -
ყოჩივარდები აკიაფდნენ ახლა მინდვრებზე ...
ფერი ფერს მიჰყვა და ხანძარი
მდელოებიდან
გუმბათებს მისწვდა ...
უნაზეს ცეცხლში აელვარდნენ ეკლესიები.
„ქრისტე მოდისო!” - აედევნენ ზარები
ზარებს.
ტაძრები კდემით მოიდრიკნენ - თავი დახარეს
და სულს აღდგომის ძოწისფერი
მწუხრი ახარეს...
* * *
შენს ძილს არავინ შეაკრთობს ახლა, მე შენს სიმშვიდეს ვუდგავარ ფარად...
მომძალებიან ფიქრები ჯარად და მიმაჩნიხარ თავშესაფარად ჩემი დაღლილი სულის...
ღია მაქვს სარკმლები და სუნი საკმევლის მათრობს.
სადღაც ჭრიჭინებს გაუბამთ მღერა. . . ვიოლინოებს მართავენ.
და მე მაწვალებს კვლავაც ის იდუმალი მზერა.
ალბათ წამიყვანს მძევლად ტყის გაბურძგნული სევდა... …
ნუ გეშინია, შენ ძილს შეაკრთობს არვინ. კვლავ დავბრუნდები შენთან. . .
მე დავბრუნდები მაშინ, გაჯერდებიან როცა წვიმით მკერდსავსე ხოდაბუნები.
მე დავრუნდები, რომ გიდარაჯო. . . და შენს სიმშვიდეს დავუდგე ფარად. . .
მომძალებიან ფიქრები ჯარად და მიმაჩნიხარ თავშესაფარად
ჩემი დაღლილი სულის.