პანდემიების პერიოდში სწავლა უნდა შეჩერდეს ყველაზე ბოლოს და უნდა გაიხსნას ყველაზე ადრე - ამირან გამყრელიძე
23:47:19     01-02-2022
იცით მთავარი სლოგანი, რომელსაც მე პირადად ვეთანხმები - პანდემიების პერიოდში სწავლა უნდა შეჩერდეს ყველაზე ბოლოს და უნდა გაიხსნას ყველაზე ადრე, - ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, არც ბავშვებში და არც მასწავლებლებში ინფიცირების პროცენტი გაზრდილი არ არის.
„გეთანხმებით, რომ ინფიცირების პროცენტი აბსოლუტურ რიცხვში გაზრდილია, რადგან 24 000 შემთხვევა გვაქვს, მაგრამ პროცენტულად, წილობრივად, ბავშვებში ინფიცირება გაზრდილი არ არის, არც მასწავლებლებში არ არის წილობრივად გაზრდილი. იცით მთავარი სლოგანი, რომელსაც მე პირადად ვეთანხმები - პანდემიების პერიოდში სწავლა უნდა შეჩერდეს ყველაზე ბოლოს, ანუ როცა ე.წ. შეზღუდვები წესდება და უნდა გაიხსნას ყველაზე ადრე. ეს გვაჩვენა ამ 2 წლის გამოცდილებამაც, აღნიშნულმა გარდა ჯანმრთელობის დაზიანებისა, გარდა ეკონომიური ზიანისა, უზარმაზარი ზიანი მოუტანა ჩვენს ბავშვებს, განსაკუთრებით, სასკოლო განათლებას. ამიტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის, გაერო-ს ბავშვთა ფონდისთვის ეს სლოგანი არის მთავარი, რომელსაც ჩვენ მივყვებით.
გიდასტურებთ, რომ დღეს ქვეყანაში სიტუაცია მართვადია მიუხედავად იმისა, რომ 164 000 აქტიური შემთხვევაა, 8 500 საწოლია დღეს ჰოსპიტალში გაშლილი, დაკავებულია მხოლოდ 5 400, რეანიმაციებში - ხელოვნურ სუნთქვაზე უფრო ნაკლები ავადმყოფია, ვიდრე ეს იყო დეკემბერში, ნოემბერში და ა.შ. მძიმე ავადმყოფების რაოდენობა აბსოლუტურ რიცხვში უფრო შემცირებულია, დააახლოებით, 900-დან 1000-ის ფარგლებში, რაც მეხუთე ტალღის პიკზე გვქონდა, როცა "დელტა" იყო გავრცელებული.
მოკლედ რომ გითხრათ, „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქია, ვიდრე „დელტა“, მაგრამ არ უნდა გაგვათამამოს, „ომიკრონის“ დროსაც არის დამძიმება, ფატალური გამოსავალი და ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ყველაზე ხშირად ხანდაზმულ მოსახლეობაშია. ამიტომ, გთხოვთ ყველას, ჩემი ასაკის, 60 წლის ასაკის ზემოთ მოსახლეობას, მივიდეთ და ავიცრათ“, - განაცხადა გამყრელიძემ