ის ორი წლის წინანდელი აგვისტო...

  12:57:55     09-08-2010

[ლევან სეფისკვერაძე]
ზუსტად 2 წლის წინ, ჩვენს ქვეყანაში საშინელება ხდებოდა. 2008 წლის აგვისტო საქართველოს ისტორიაში შევა დღეებად, როდესაც მხოლოდ საკუთარი ძალების იმედად მყოფი საქართველო ერთბაშად ორ ფრონტზე ებრძოდა მოძალადე აგრესორს. მაშინ სამაჩაბლოში განვითარებული მოვლენებისა და ქართული ქალაქების დაბომბვის პარალელურად, ზუგდიდის რაიონის ქართულ სოფლებზე თავდასხმის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული რუსული აგრესიის ახალი ეტაპი დაიწყო. ამ ყველაფერს უკვე საქართველო-რუსეთის ომი უწოდეს და ყველამ ნახა, რომ შიდა ეთნოკონფლიკტთან ამ ომს არაფერი აკავშირებდა.

შარშანწინ, ომის მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლებოდა. ქართული ჯარის ცხინვალში შესვლიდან რამდენიმე საათში, ქალაქ ცხინვალის აღების შემდეგ, რუსეთის 58 რეგულარული არმიის და ქალაქ ტულადან გადმოსროლილი პოლკის “სამშვიდობოებმა” იერიშები ქართული სოფლების მიმართულებით წამოიწყეს.

რუსებს ქართველ ჯარისკაცებთან ერთად დიდი წინააღმდეგობა გაუწია ქართული სოფლების მოსახლეობამ, რომლებიც დანგრევას გადარჩენილ სახლებში იმალებოდნენ და იქიდან ცდილობდნენ საკუთარი სახლისა და სოფლის დაცვას. დიდი შემოტევების მიუხედავად, ქართული სოფლების: ერედვის, ნიქოზისა და თამარაშენის მკვიდრი მამაკაცების დიდმა ნაწილმა ცოლ-შვილის გახიზვნის შემდეგ, საკუთარ სახლებში დარჩენა ამჯობინეს და სახლების სარდაფებში დამალულნი ებრძოდნენ ერთმორწმუნეობის ნიღბით მოსულ მოძალადეებს.

ნიკო ბარიაშვილი, სამაჩაბლოს მკვიდრი: “დარწმუნებული ვარ, რუსები ჩვენი მხრიდან ასეთი დიდი წინააღმდეგობის გაწევას ნამდვილად არ ელოდნენ. ცხინვალის აღების შემდეგ, ქალაქში შესულმა რუსებმა დიდი ზეიმი დაიწყეს და ეგონათ, საბოლოო გამარჯვებას მიაღწიეს, მაგრამ ვერ მივართვით! რუსებს უნდოდათ, დიდი ლიახვის ხეობის სოფლებიც აეღოთ, თუმცა მთელი ორი დღის განმავლობაში, ჩვენმა ბიჭებმა ცხინვალის გარეთ ცხვირიც კი არ გამოაყოფინეს. რუსებს ჯარისკაცები ემატებოდათ და ემატებოდათ და თავდაცვა თანდათან უფრო ძნელი ხდებოდა”

ქართული ჯარი 11 აგვისტოს დილამდე ინარჩუნებდა ცხინვალთან ახლოს მდებარე სარაბუკის სიმაღლეებს. რუსებმა ომის პირველსავე წუთებიდან სცადეს ამ სტრატეგიული სიმაღლეების დაკავება, თუმცა მისი მიუდგომლობისა და ქართველი მებრძოლების თავგანწირვის გამო, აგრესორების ეს გეგმა ვერ განხორციელდა.

ძალიან ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ აგრესორებმა მშვენივრად იცოდნენ საქართველოს თითქმის ყველა სტრატეგიული ცენტრი და დაბომბვებისა თუ სახმელეთო შეტევების დროს, პრაქტიკულად უშეცდომოდ ხვდებიან სად რა დანიშნულების ყაზარმა თუ ნაწილი იყო. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში რუსული აგენტურა მოქმედებდა, რომლებიც მტერს ზუსტ ინფორმაციას აწვდიდა.

ეს ეჭვები კიდევ ერთხელ დაადასტურა გორის სატანკო დივიზიის დაბომბვის ფაქტმა. ჩვენტან საუბარში გორში მცხოვრები და ამჟამად თბილისს დროებით თავშეფარებული ქალბატონი, (რომელმაც ვინაობის გამხელისაგან თავი შეიკავა) აცხადებს, რომ გორის სატანკო დივიზიაზთნ მცხოვრებმა მისმა შვილმა დაინახა, რომ დაბომბვამდე ერთი დღით ადრე აღნიშნულ სამხედრო დაწესებულებაში არაქართული (სავარაუდოდ რუსული) ნომრების მქონე ნივა შევიდა, რომელშიც სამოქალაქო პირები ისხდნენ. იმის მტკიცება, რომ უცხო ქვეყნის ნომრებიან მანქანაში მსხდომი ადამიანები მაინცა და მაინც აგენტები იყვნენ, რა თქმა უნდა ძალიან ძნელია, მაგრამ რუსების ასეთი ინფორმაციულობა ბევრ კითხვაზე სცემს პასუხს.

10 და 11 აგვისტოს სამაჩაბლოზე არანაკლებ დაძაბული ვითარება იყო კოდორის ხეობაში, სადაც გამაგრებულ ქართულ ჯარებს რუსებმა რაკი ვერაფერი დააკლეს, შური გალისა და ზუგდიდის მშვიდობიან მოსახლეობაზე იძიეს და მათი სოფლების აქტიური დაბომბვა დაიწყეს. განსაკუთრებული სისასტიკით დაიბომბა კოდორის ხეობა, მაგრამ ალბათ თავად რუსებმაც კარგად იციოდნენ, რომ კოდორის ხეობის ჯერ აღება და შემდეგ შენარჩუნება, ძალიან გაუჭირდებოდათ. კოდორის ხეობის მკვიდრმა ქართველებმა ბრწყინვალედ იციან იქაური ყველა ბილიკი და ხეობის რელიეფის გათვალისწინებით, ზემო აფხაზეთში რუსულ დესანტს მოქმედების თავისუფლება სულაც არ ექნებოდათ.

8 და 9 აგვისტოს, რეგიონების დაბომბვის შემდეგ, მოძალადეებმა თბილისისაკენ გადმოინაცვლეს. 10 აგვისტოს ღამის 4 სათზე, როდესაც დედაქალაქის მცხოვრებთა უმეტესობას ეძინა, დაახლოებით ხუთმა რუსულმა სუ 25-მა ბომბები ჩამოყარა ჯერ “თემქის” ტერიტორიაზე და ააფეთქა რადარი, რომლის დანიშნულებაც სრულიად არასამხედრო იყო და მის ფუნქციას თბილისის აეროპორტში შემოსული სამოქალაქო თვითმფრინავების დაფიქსირება იყო. რუსებმა ასევე ხელმეორედ დაბომბეს თბილისის 31-ე ქარხნის ასაფრენი ბილიკი და თბილისის სამხრეთით არსებული კოჯრის ტყე. ეს ის ტყეა, საიდანაც 1921 წლის 22-25 თებერვალს რუსული საოკუპაციო წითელი არმია შემოვიდა და როგორც ჩანს, რუსები მათთვის `ესოდენ საყვარელ” ადგილებს არ ივიწყებენ.

თბილისის დაბომბვის პარალელურად რუსებმა ბომბები ჩამოყარეს სამეგრელოს ორ მაღალმთიან სოფელში, ონის რაიონში, მთიან აჭარაში და ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტში.

საქართველო-რუსეთის ომის მთავარი მოვლენები 11 აგვისტოს განვითარდა, როდესაც ოკუპანტებმა ქართულ არმიაზე მასირებული შეტევა წამოიწყეს. გაარღვიეს ცხინვალისა და ზუგდიდის დაცვითი რკალი და საქართველოს ტერიტორიის ფაქტობრივი ბლოკადა მოახდინეს. ამ დროს ფოთის პორტს მოადგა ორი რუსული სადესანტო გემი, საიდანაც ჩამოყვანილმა ტანკებმა, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან შემოსულ მძიმე ტექნიკასთან ერთად, 1000 ერთეული შეადგინა. ამ დროს საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით, და საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მიერ შემოათავაზებული სამშვიდობო დოკუმენტის თანახმად, ქართული ჯარის დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონებულდან უკვე გამოსული იყო და რუსებმა ფაქტობრივად უპრობლემოდ დაიკავეს ქალაქები: გორი, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი და ქარელი.

რუსული ჯარის ნაწილმა დასავლეთ საქართველოს ნახევარი გაიარა და შეუერთდა გორში ბაზირებულ ნაწილებს. 11 აგვისტოს ღამით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსებს ღამის 2 საათისათვის თბილისში შემოსვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი და ისინი იმ მომენტში თითქოს უკვე მცხეთასთან იდგენენ, მაგრამ ჩვენმა ინფორმატორებმა ეს ინფორმაცია უარყვეს და გაირკვა, რომ რუსები ძირითადად კასპის, გორის და ქარელის მაგისტრალებზე და ხიდებზე იყვნენ გამაგრებულნი და წინ გადაადგილებას არ აპირებდნენ. ღამით თბილისის დიდი ნაწილი პანიკამ მოიცვა და ბევრი ცდილობდა ქალაქიდან თიანეთისა და კახეთისაკენ გაღწევას. ამის გამო, თბილისის გზებზე საცობებიც შეიქმნა, მაგრამ დაახლოებით ღამის 3 საათისათვის ეს პანიკა თანდათან ჩაცხრა.

გივი ქრისტესიაშვილი, სამაჩაბლოს მკვიდრი: “ჩვენების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსები დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში მაინც შემოვიდნენ, ხალხის დიდი ნაწილი იმ დროს სარდაფებში ვიმალებოოდით. რუსების უმეტესობა ქართულ სოფლებში არ გაჩერებულა და გზა გორისკენ განაგრძეს. სოფლებში შემოვიდნენ ძირითადად კაზაკები და ჩრდილოკავკასიელები. კაზაკები ძალიან კარგ ხასიათზე იყვნენ. ჰაერში უაზროდ ისროდნენ იარაღს, მღეროდნენ და გაქცეული ქართველების მიერ მიტოვებულ ძროხებსა და სხვა საქონელს გართობის მიზნით ხოცავდნენ. მოსახლეობის მიმართ დიდი აგრესია ნამდვილად არ გამოუჩენიათ. როგორც ჩანს, ასეთი ბრძანება ჰქონდათ მიცემული”.

რუსი ჯარისკაცების მხრიდან მოსახლეობის მიმართ ნაკლებად აგრესიულობა ზუგდიდელებსაც უკვირდათ. ზუგდიდელი მაია რევია ამბობს, რომ ხალხის გულის მოსაგებად, თითქოს ჯარისკაცები მოსახლეობას “ბილაინის” ბარათებსაც კი ურიგებდნენ.

მაია რევია, ზუგდიდის მცხოვრები: “რუსები რომ შემოვიდნენ, ხალხი გაიქცა, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად, ხოცვა-ჟლეტა არ დაუწყიათ. მეზობელი ამბობდა, ხალხს “ბილაინის” ბარათები დაურიგესო. ალბათ ასე უნდათ ჩვენი მოსყიდვა, მაგრამ რომელი “ბილაინის” ბარათი დაამშვიდებს ხალხს, რომელსაც ამდენი ახალგაზრდები დაუხოცეს...”

აგვისტოს ომიდან უკვე ორი წელი გავიდა. ორი წელი დიდი დროა ქვეყნისათვის, რომელიც მუდმივი შიშისა და ტერორის ქვეშ ცხოვრობს, მაგრამ ძალიან მცირე დროა ისტორიისთვის. მთავარი ის არის, საქართველოში ისტორიის გაკვეთილებზე ოდესმე მაინც თუ გვისწავლია რამე?!