ნატო-ს მოკავშირეებმა რუსეთს მოუწოდეს, პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას - იენს სტოლტენბერგი
19:14:54     12-01-2022
რუსეთს ჰყავს სამხედრო ძალები საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში და ეს ძალები იქ ამ ქვეყნების მთავრობების თანხმობის გარეშე იმყოფებიან, არავის მიუწვევია და მათი იქ ყოფნა არავის სიამოვნებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღევანდელ შეხვედრაზე ნატო-ს მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, რომ გაიყვანოს ეს ძალები და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს ყველა ქვეყნის საზღვრების პატივისცემა. ნატოს მოკავშირეები მზად არიან რუსეთთან დიალოგში ჩაერთონ, მაგრამ ჩვენ არ წავალთ დათმობაზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, ჩვენ არ წავალთ დათმობაზე ევროპის რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, არ წავალთ დათმობაზე ქვეყნების უფლებებთან დაკავშირებით, აირჩიოს საკუთარი გზა,“- აღნიშნა სტოლტენბერგმა.