"ცხინვალის იზოლატორში კიდევ 3 მოქალაქეა, რომლებიც 1 წლის წინ გაიტაცეს" - დავით ქაცარავას

  11:57:57     24-12-2021

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, ხელისუფლება ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას რიგ შემთხვევებში მალავს. მისი თქმით, ირკვევა, რომ იმ მოქალაქეების გარდა, ვის შესახებაც ინფორმაცია გავრცელდა, ოკუპანტებს კიდევ სამი ადამიანი ჰყავთ გატაცებული.

"ერთი წელია ეს ადამიანები იქ არიან და ვფიქრობ, საჭიროა გასაჯაროვდეს, რომ ამ ადამიანებისთვის დაიწყოს ბრძოლა, მოქმედება. სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა მანკიერია. ყველაფერთან ერთად, ძალიან კარგად აქვს დახვეწილი ხელისუფლებას და ზუსტად იცის, როგორ უნდა გააჩუმოს ოჯახები. ოჯახებს აჩუმებენ სამწუხაროდ და ჩვენ შემდგომში უკვე წლის ბოლოს ვიღებთ რაღაც მშრალ სტატისტიკას, მშრალ რიცხვებს. ეს ყველაფერი ბუნებრივია, მხოლოდ და მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმის სასარგებლოდ მოქმედებს, იმიტომ, რომ ხელისუფლება ამით საბოლოო ჯამში საოკუპაციო რეჟიმს უქმნის კომფორტულ გარემოს იმისათვის, რომ ოკუპანტებმა იმოქმედონ კომფორტის ზონაში, გაიტაცონ ჩვენი მოქალაქეები, გაამზადონ გეგმები ბორდერიზაციასთან დაკავშირებით", - თქვა დავით ქაცარავამ.