
ცხინვალის რეგიონი, ჩრდილოეთ კავკასიას უკანონო იარაღით ამარაგებს
14:08:33     23-08-2011
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, საერთაშორისო კრიმინალური ქსელებისათვის სატრანტიზო ტერიტორიად იქცა. უკონტროლო ანკლავები, რომელიც რუსეთს მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად სჭირდება, იარაღის უკანონო გადამზიდავების თვალთახედვის არეში დიდი ხანია მოიქცა. რუსი სამართალდამცავები სიტუაციას ვერ აკონტროლებენ და მსგავსი ფაქტების გამოვლენაც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული.
ერთ–ერთი ასეთი შემთხვევა, ამ ცოტა ხნის წინ გამოვლინდა: ცხინვალის რეგიონის „საზღვართან“, იარაღის გადამზიდავები დააკავეს, რომელთაც უკანონო შეიარაღება და საბრძოლო მასალები რუსეთში გადაჰქონდათ. დაკავებულ იქნენ საერთაშორისო დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრიც. რუსი ძალოვნების ინფორმაციით, ორივე დაკავებული ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებია, რომელნიც ამ ორგანიზაციის აქტიური წევრები იყვნენ და მსგავს საქმიანობას დიდი ხნის განმავლობაში ეწეოდნენ.
დაკავება მესაზღვრეების მიერ, საკონტროლო–გამშვებ პუნქტზე მოხდა. რუსები ინციდენტის ზუსტ თარიღს არ ასახელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, იარაღი უცხოური წარმოების იყო, თუმცა რომელი ქვეყნის, არც ეს ხმაურდება. ექსპერტები „სამხრეთ ოსეთიდან“ ჩრდილოეთ კავკასიაში იარაღის უკანონო გადატანის საშიშ ტენდენციაზე ალაპარაკდნენ, რომელიც, სავარაუდოდ, რუს ძალოვნებს „ისლამურ შემოტევასთან“ გამკლავებას კიდევ უფრო გაურთულებს.
ჯერ მხოლოდ მიმდინარე წლის დასწყისში, მესაზღვრეებმა რუსეთ –„სამხრეთ ოსეთის“ „საზღვარზე“ ხუთი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და 400 ცალი საბრძოლო მასალა ამოიღეს. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობაში დიდი რაოდენობით იარაღია, რომლის ამოღებაც ვერ თუ არ ხერხდება. არასტაბილურ ანკლავში კრიმინალური ბანდებიც მრავლად მოქმედებენ. ეს ყველაფერი კი, საერთო ჯამში, ჩრდილოეთ კავკასიის მდგომარეობაზე კიდევ უფრო უარყოფითად აისახება. რეგიონის უკონტროლო შეიარაღება მოსკოვისთვის სერიოზული თავისტკივილია.
ზოგადად, როგორც ირკვევა, უკანონო იარაღი ჩრდილოეთ კავკასიაში ძალიან იაფია და მისი შეძენა ადვილია. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ჩეჩნეთში ავტომატური იარაღის 200 დოლარად შეძენა შეიძლება, „კალაშნიკოვი“ 500 დოლარი ღირს, ხელყუმბარა სულ რაღაც 100 დოლარი. ზოგი ხელყუმბარა კი საერთოდ, 5–7 დოლარადაც კი შეიძლება შეიძინონ.
გადამდგარი რუსი სამხედროების თქმით, ჩრდილოეთ ოსეთში ნებისმიერ სამხედრო დანაყოფში შეიძლება მოინახოს ადამიანი, რომელიც ამ უკანონო და მომგებიან ბიზნესშია ჩართული. სამხედროები იმასაც აცხადებენ, რომ თავად რუსი ჯარისკაცებიც, საომარი ოპერაციების დროსაც კი, შეიარაღებას ყიდიან ნებისმიერზე, ვინც იმ წუთას შეხვდებათ. მოკლედ, როგორც ამბობენ, დღეს ჩრდილოეთ კავკასიაში მხოლოდ ძალიან ზარმაცები თუ არ ვაჭრობენ იარაღით. ამჯერად კი ირკვევა, ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული „სამხრეთ ოსეთი“. უკანონობამ აქ პიკს 2008 წლის შემდგომ პერიოდში მიაღწია. დღეს, რეგიონი მოთარეშე ბანდების პოლიგონად არის გადქცეული, რომელიც ექსპერტების აზრით, რუსეთს ახლო მომავალში კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.