მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი დღეს გაიმართება

  11:00:21     09-12-2021

საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.

მთავარი შუამდგომლობა პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირებაა. დაცვის მხარის სურვილია, საზოგადოებამ თვალი ადევნოს კიდევ ერთ საქმეს, რომელიც ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრა.

"მიხეილ სააკაშვილი სამწუხაროდ ვერ ესწრება დღევანდელ პროცესს, ვერ იყენებს ამ პროცესს ქართველ საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის, თუმცა ბუნებრივია, სამართლებრივ ნაწილში ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს, რადგან მისი ადვოკატები წარმოვადგენთ მის პოზიციას სრულად. დაცვის მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროცესი იყოს საჯარო", - თქვა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.