მკვლელმა დანაწევრებული გვამი სასაფლაოზე დედასთან ერთად წაიღო

  21:47:53     22-08-2011

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ პირს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის განაჩენი გამოუტანა. დანაშაული, თბილისში, 2011 წლის 23 იანვარს მოხდა. მსჯავრდებულმა სტუმარი ჯერ მოკლა, შემდეგ კი მისი სხეული დაანაწევრა და კვალის დაფარვის მიზნით ნაწილი დაწვა, ნაწილი კი მდინარე მტკვარში გადააგდო.

საქმის მასალების მიხედვით, უკრაინიდან ახლად დაბრუნებული ვოვა გ. 23 იანვარს მეგობრის ძმასთან, ბესიკ ი.-თან სტუმრად იმყოფებოდა, ქეიფის დროს მან აუგად მოიხსენია ბესიკ ი.-ის ძმა, რაზეც იგი განაწყენდა და განიზრახა ვოვა გ.-ის მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მას თანნაქონი დანით სხეულზე რამდენიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ვოვა გ. ადგილზე გარდაიცვალა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ეს არ არის ერთადერთი დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა. გამოძიების მასალებით დადგენილია, რომ ბესიკ ი.-მა კვალის დაფარვის მიზნით გვამის მოცილება გადაწყვიტა. მეგობარი ბადრი ზ. თავის ბინაში მიიყვანა, ანახა ცელოფანში გახვეული ვოვა გ.-ს გვამი და მის სახლიდან გატანასა და მოცილებაში დახმარება სთხოვა. ბადრი ზ.-მა დახმარებაზე უარი უთხრა, თუმცა მისი მეგობრისთვის პასუხისმგებლობის არიდების მიზნით, სამართალდამცავ ორგანოებში არ განაცხადა ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ. მკვლელობიდან სამი დღის შემდეგ, 26 იანვარს, ბესიკ ი.-მა დასახმარებლად მანუჩარ ო.-ს მიმართა. მათ დანაწევრებული გვამი ორი ჩანთით, ტაქსით გადაიტანეს სასაფლაოზე, გვამის ზედა ნაწილის ცეცხლი წაუკიდეს, ხოლო მეორე ჩანთა, რომელშიც გვამის ქვედა ნაწილი იდო, დაწვას გადარჩენილ ნაწილებთან ერთად იქვე, დაახლოებით 100 მეტრში, მდინარე მტკვარში გადაყარეს. მიუხედავად კვალის დაფარვისა სამართალდამცავებმა საქმის გახსნა და დამნაშავეების დაკავება შეძლეს.

სამარშუტო ტაქსის მძღოლი სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ჰყვება, რომ 26 იანვარს, დაახლოებით 15:00 სთ-ზე, მისმა ნაცნობმა გააჩერა და მამამისის საფლავზე წაყვანა სთხოვა. მათ გზად გაიარეს ბესიკ ი.-ის სახლთან, ავტომანქანაში ჩაჯდა ბესიკ ი.-ის დედაც. საბარგულში ბესიკ ი.-მა ორი მოზრდილი ჩანთა ჩადო. სასაფლაოზე მისვლის შემდეგ, მათ გადაუხადეს მგზავრობის საფასური _ 3 ლარი. გზად საეჭვო არაფერი შეუნიშნავს.

საქმის სასამართლო განხილვისას, ბრალდებულმა ბესიკ ი.-მა გამოიყენა დუმილის უფლება და თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. ბადრი ი.-მ და მანუჩარ ო.-მ ჩადენილი დანაშაული აღიარეს და სამართალდამცავებს დეტალურად აღუწერეს დანაშაულის ჩადენის დეტალები. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბესიკ ი. დამნაშავედ სცნო სსკ-ის 108-ე მუხლიით გათვალისწინებულ დანაშაულში და 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბადრი ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 376-ე მუხლით და სასჯელის ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა, იგივე დანაშაულისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მანუჩარ ო.-ს.