„ფიცვერცხლი“: თვითნასწავლობა ყოველთვის გაძლევს საშუალებას, დაუკრა ის, რაც გსურს
12:36:01     22-08-2011
- მოდით დავიწყოთ თავიდან, როდის და როგორ გაჩნდა ჯგუფის შექმნის იდეა?
- სიმართლე გითხრათ, ჯერ მეგობრობა გაჩნდა და შემდეგ იდეა.. ჯგუფის თავდაპირველმა შემადგენლობამ ერთმანეთი 2007 წლის არტ–გენის ფესტივალზე გავიცანით და საკმაოდ დავახლოვდით. ამის შემდეგ ხშირად ვიკრიბებოდით, ვუკრავდით, ოღონდ ეს ყველაფერი ყოველგვარი სასცენო ამბიციების გარეშე ხდებოდა. ერთხელაც ჩვენმა მეგობრებმა გვთხოვეს თსუ–ში გასამართ გოდერძი ჩოხელის ხსოვნის საღამოზე გამოსვლა. სახელიც მოვიფიქრეთ და 4–კაციანი შემადგენლობით რამდენიმე ნომერი დავუკარით. სწორედ ამ კონცერტის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ ბევრად უფრო სერიოზულად მოგვეკიდა ხელი მუსიკისთვის. შემდეგ იყო კლუბი „ethno 99,99%“, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთხელ გვქონდა კონცერტი.
- ჯგუფი ჩამოყალიბდა, შემდეგ ალბათ მუსიკის ჟანრზე დაიწყეთ ფიქრი? თუ პირიქით იყო, ანუ ჯგუფს როდესაც ქმნიდით, უკვე იცოდით რისთვის იქმნებოდა, რა ჟანრისთვის?
- რა თქმა უნდა, როცა რაღაცის გაკეთებას აპირებ, წინასწარ რაიმე მაინც უნდა გქონდეს გონებაში. ქართული მუსიკა ჩვენთვის ძვირფასია. რეალურად ეს ისაა, რამაც ყველანი გაგვაერთიანა. ამიტომაც პირველი რეპერტუარი სწორედ წმინდად ფოლკლორული იყო, ყოველგვარი თანამედროვე ელემენტებისა და ინსტრუმენტების გარეშე. რამდენიმე თვის შემდეგ კი, გადავწყვიტეთ უფრო თანამედროვე ჟღერადობა შეგვეტანა ჩვენს მუსიკაში, რისთვისაც კიდევ ერთი ვოკალი, ლათინური პერკუსია და ბას–გიტარა დავამატეთ. საბოლოოდ, ექვსნი გავხდით და სწორედ ამ შემადგენლობით გამოვედით 2009 წელს „არტ–გენის“ ფესტივალზე. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ კიდევ უფრო მეტად ექსპერიმენტული ყოფილიყო ჩვენი მუსიკა, გიტარაც სწორედ ამ ექსპერიმენტის საკმაოდ წარმატებული შედეგია.
თანამედროვე ინსტრუმენტების დამატების შემდეგ, ჟღერადობა ძირეულად შეიცვალა. ფოლკლორული და უცხოური საკრავების სინთეზი რთულია და ბევრი მუშაობა სჭირდება, თუმცა ჩვენი ენთუზიაზმი საკმაოდ ძლიერი იყო და გარკვეულ დონემდე მივაღწიეთ. მთავარი მუშაობის გაგრძელებაა, რაც უფრო და უფრო დახვეწილ პროდუქტს მოგვცემს.
ამჟამად საკმაოდ საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ, რომლის ბოლომდე გამჟღავნებაც ამ დროისთვის არ გვსურს.
- თავიდან იყავით 4, მერე შემოგემატათ 3... ჯგუფში ახალი წევრების მიღება კვლავ განიხილება?
- ამ ეტაპზე წევრების დამატება ჯგუფში არ განიხილება.
- როგორც ვიცი, ყველა სტუდენტები ხართ და სწავლაში ხელი არ გეშლებათ?
- ყველანი არა, რამდენიმე ვართ სტუდენტი, რამდენიმემ უკვე დაამთავრა და სამსახურიც აქვთ, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ვახერხებთ–ხოლმე შეკრებას. ახლა აგვისტოა და მცირე შესვენება გვაქვს, შემოდგომიდან კი ბევრ კარგ რამეს ვპირდებით ჩვენს მსმენელს.
- უმეტესობა ხართ თვითნასწავლი მუსიკოსები, ეს ცოტა პრობლემურად არ გეჩვენებათ წარმატებული კარიერისთვის?
- ამ ყველაფერს ორი მხარე აქვს. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც მუსიკალური განათლება გაქვს და ბევრად უფრო ძირეულად შეგიძლია მუსიკა წაიკითხო, თუმცა აქ მეორე მომენტიცაა. თვითნასწავლობა ყოველთვის გაძლევს საშუალებას, არ ჩაჯდე სტანდარტებში და დაუკრა ის, რაც გსურს.
ჯგუფი გუნდურად მუშაობს, რაც ჩვენი ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია. ერთმანეთს ვასწავლით, ვუსწორებთ და სწორედ ასე მიგვაქვს მსმენელამდე ის კომპოზიციები, რომელთა საკმაოდ დიდი ნაწილიც მათ უკვე შეიყვარეს.
- Folk-ს სხვა ჯგუფებიც უკრავენ, ავიღოთ „შინი“, „მგზავრები“ და ა.შ. ამ ჯგუფებზე რა აზრი გაქვთ? მოგწონთ?
- ჯერ იმით დავიწყოთ, რომ ეს ორი ჯგუფი ორი სხვადასხვა სივრცეა. რაც შეეხება „მგზავრებს“, აქ არის გარკვეული ფოლკ–ელემენტები (ძირითადად, საკრავები), თუმცა ის მუსიკა რასაც მგზავრები უკრავენ, უფრო სხვა ჟანრია. მათ იპოვეს თავისი ნიშა და წარმატებითაც გამოიყენეს.
რაც შეეხება „შინს“, შეუძლებელია არ მოგწონდეს და პატივს არ სცემდე ამ ჯგუფს. ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან და რაც მთავარი და ჩვენთვის ყველაზე მოსაწონია, გემოვნებიანად და ხარისხიანად აკეთებენ თავის მუსიკას.
- რა უპირატესობა გაქვთ ამ ჯგუფებთან შედარებით? რითი განსხვავდებით? რა არის ის ახალი, რასაც მსმენელს ჰპირდებით?
- რით განვსხვავდებით სხვებისგან, ამაზე ჩვენი მსმენელები ალბათ უკეთ გიპასუხებენ. ჯგუფის უპირველესი მიზანი ხარისხიანი არანჟირებების კეთება და ახლის შექმნაა, ოღონდ ერთი ოქროს წესი გვაქვს: არ დავივიწყოთ და დავამახინჯოთ ის, რაც ძველია. საუკუნეების განმავლობაში შემონახული ფოლკლორის გაუფრთხილებლობა არასწორი საქციელია.
- სად უკრავთ–ხოლმე, სად შეიძლება თქვენი ნახვა?
- ძირითადად, კონცერტებზე. ხშირად გამოვსულვართ სხვადასხვა ფესტივალსა თუ საქველმოქმედო საღამოზე. შარშან გავხსენით თეატრალურ უნივერსიტეტში გამართული ფესტივალი „ამირანი“. ყოველ წელს ვმონაწილეობთ ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართულ ფესტივალ „არტ–გენში“.
- შემოთავაზებები თუ გაქვთ–ხოლმე? ვისგან და რომელ კონცერტებზე გამოსულხართ?
- ახლახან საკმაოდ საინტერესო შემოთავაზება მივიღეთ, რომლის დეტალებსაც ქართველი მსმენელი მალე გაიგებს. ამ ეტაპზე ინფორმაციის გავრცელება არ გვსურს.
- ალბომის ჩაწერას არ გეგმავთ?
– გეგმაშიცაა და, გარკვეულწილად, განხორციელების პროცესშიც. რამდენიმე კომპოზიცია უკვე ჩაწერილია, თუმცა დასრულების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.
- ძველ სიმღერებს უკეთებთ არანჟირებას, არ გიცდიათ რაიმე ახალი სცადოთ?
- არამხოლოდ ძველ სიმღერებს ვუკეთებთ არანჟირებებს, არამედ ჩვენს მუსიკასაც ვქმნით. შარშან ნათია ნიკოლაშვილის ანიმაციურ ფილმ „ამომავალი მზის ქვეყანას“ დავუწერეთ მუსიკა, რომელიც ბათუმის ანიმაციური ფესტივალის საუკეთესო სტუდენტური ფილმი გახდა. ასე რომ, მხოლოდ არანჟირებებით არ შემოვიფარგლებით, გვაქვს ჩვენი შექმნილი კომპოზიციებიც.