იან ნერუდას გარდაცვალების 120 წლისთავისადმი - „მხოლოდ წინ“

  12:19:11     22-08-2011

120 წლის წინ გარდაიცვალა დიდი ჩეხი მწერალი, პოეტი და ჟურნალისტი იან ნერუდა (Jan Nepomuk Neruda).

დღეს, დიდი ჩეხის, იან ნერუდას ხსოვნის აღსანიშნავად გთავაზობთ მის შესანიშნავ ლექსს - „მხოლოდ წინ“, რომელიც თარგმნილია გრიგოლ აბაშიძის მიერ.
 
იან ნერულდა დაიბადა 1834 წლის 9 ივლისს პრაღაში, ვაჭრის ოჯახში. 1853 წლიდან  პრაღის უნივერისტეტში სწავლობდა სამართალს და ფილოსოფიას. მუშაობდა პედაგოგად. 1860 წელს მუშაობა დაიწყო ჟურნალისტად.

გარდა პოეტური და პროზაული ნაწარმოებებისა, წერდა ნარკვევებს, ფელეტონებს,  სტატიებს, ჩეხეთის საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების შესახებ. გამოირჩეოდა უბრალო ხალხისადმი თანაგრძნობით. მისი შემოქმედება ძალიან მნიშვნელოვნად ითვლება ჩეხური რეალიზმის ფორმირების საქმეში.

ჩეხური სიტყვის დიდოსტატი იან ნერუდა გარდაიცვალა 1891 წლის 22 აგვისტოს, 57 წლის ასაკში.

დიდი ჩეხი მამულიშვილის, იან ნერუდას შესახებ საუბარი ჩვენ სხვა დროსაც გვექნება.

მხოლოდ წინ  

სიბნელე შავი და შემზარავი
არ გვაკრთობს, რადგან გრიგალმა გვზარდა,
ჩვენ მუხლს არ ვუყრით ქვეყნად არავის,
ჩვენი ხალხის და სამშობლოს გარდა.
ჩვენ მივუშვირეთ ქარიშხალს მკერდი,
როგორც შეჰფერის არწივის მართვებს,
რადგან ვიტვირთეთ სამშობლოს ბედი,
ამიტომ ბრძოლა და წინსვლა გვმართებს.

სამშობლო, ჩვენთვის მშობელი დედა,
წმინდაა, როგორც წყარო ანკარა,
თავისი ბედი მან თვითონ სჭედა
და ბევრჯერ ცეცხლში გამოატარა.
მას კვლავ გმირული სული აღელვებს,
თავისუფლებას ესწრაფვის ახლაც,
ხალხი დაცემულ გმირთა სახელებს
დროშად წაიღებს სულ წინ და მაღლა.

გვყავდნენ მამები, მტრების მსახვრელნი,
დღეს დრო და ჯერი დგება საჩვენო,
ჩვენი გმირობით, ჩვენი სახელით
ჩვენი სამშობლო ჩვენც დავამშვენოთ.
და რაკი აწმყო ღამეში კვნესის,
ჩვენთვის წარსულის ნათელიც კმარა,
ხომალდმა სწორი აიღო გეზი,
მაშ წინ, ავუშვათ აფრები ჩქარა!

შორს, ჩვენგან, ვინც კრთის მტრების წინაშე!
გულის სიმტკიცე გვქონდეს უცვლელი,
ფერსა და სურნელს ხომ დიდ წვიმაშიც
არ ჰკარგავს ხოლმე ვარდის ფურცელი.
წინ, წინ გავსწიოთ გაშლილ დროშებით,
არ შევიცვალოთ ბრძოლის გუნება,
დროის დინებას ნუ ჩამოვრჩებით,
რადგან განვლილი არ დაბრუნდება.

დღე მოსდევს ღამეს, ბნელს სდევს ნათელი,
მზე ყველგან ბრწყინავს თვალგასახარად,
აღსდექ, ბნელეთზე ხმალშემმართველი,
აღსდექ, ეპოქამ დაჰკრა ნაღარა.
აღსდექ, ამართე დროსა დახრილი,
წამით არ შესდგე გმირთა თაობავ,
წინ გაიკაფე გზები მახვილით,
ფრთები შეგასხას გამბედაობამ.

სულ წინ, არასდროს უკან დახევა,
სულის სიმტკიცე არის მთავარი,
მტრის დამარცხების ხმის დასარხევად
მცირე როდია ჩვენი მთა-ბარი.
და ჯარისკაცებს ჰპოვებს შესაფერს
ჰუსისტთა ჰიმნიც, რკინის მახვილიც,
ჩვენ იარაღად ვაქცევთ ყვალაფერს,
წინ გაგვიძღვება სისხლის ძახილი.

ხომალდი უკან ნუ დაბრუნდება,
ამორჩეულ გეზს მიჰყვეს წინანდელს,
დავიცვათ იგი ცეცხლში უვნებლად,
რომ გამარჯვების მზეში ბრწყინავდეს.
და თუ გვეღირსა ჩეხებს დიდება,
თუ ჩვენც გაგვეღო კარი დიდების,
თუ მზით განათდა ჩვენი ქედებიც,
როგორც არ იცის ზღვამ დამშვიდება,
შენ, ჩემო ხალხო, ნუ დამშვიდდები,
მაინც წინ გასწი, ნუ შეჩერდები.