„მედია - ძალადობისა და ტოტალური უკანონო მოსმენების სამიზნე“ - TI წინასაარჩევნო მედიაგარემოს აფასებს

  11:40:18     29-09-2021

ჟურნალისტებისათვის პროფესიული საქმიანობის შესრულება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისათვის- „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ არჩევნების წინ წარმოგიდგენთ მედიაგარემოს შეფასების ანგარიშს აქვეყნებს. 

  • მედიაგარემოს მიმართებით მდგომარეობამ ქვეყანაში კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.  ჟურნალისტებისათვის პროფესიული საქმიანობის შესრულება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისათვის. საანგარიშო პერიოდში მედიის წინააღმდეგ თავდასხმისა თუ მუქარის ათობით ფაქტი დაფიქსირდა. საჯაროდ გავრცელებული წყაროებზე დაყრდნობით, საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე სულ მცირე 23 მედიის წარმომადგენელზე 93 ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა. მხოლოდ 2021 წლის 5-6 ივლისს ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. 
  • ხელისუფლება ჟურნალისტების უფლებების დარღვევაზე სათანადოდ არ რეაგირებს. მაგალითად, 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ ჟურნალისტებზე თავდასხმების ორგანიზატორები პასუხისგებაში დღემდე არ მიუციათ, მიუხედავად არაერთი საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებისა თუ სახალხო დამცველის მოწოდებისა.
  • მონიტორინგის  პერიოდში დაფიქსირდა  სავარაუდოდ განსხვავებული აზრის გამო ჟურნალისტის გათავისუფლებისა და მედიის ხელმძღვანელობის მიერ ჟურნალისტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები. რამდენიმე  ჟურნალისტმა სამსახური საკუთარი მედიის მიუღებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო დატოვა.
  • მმართველი პარტიის წევრთა აგრესიულმა და მუქარის შემცველმა რიტორიკამ ყოველდღიური სახე მიიღო, რაც დამატებით ახალისებს მედიის წინააღმდეგ ძალადობას და ამძაფრებს ქვეყანაში არსებულ ისედაც რთულ და პოლარიზებულ გარემოს. მართალია, ხელისუფლებამ კრიტიკული მედიის მიმართ მცირე ხნით შეწყვიტა ბოიკოტი, თუმცა მალევე განაახლა ეს რეჟიმი და დღეისათვის  მათ პოლიტიკურ გადაცემებში არ მონაწილეობს.
  • ქვეყანაში უკანონო მოსმენები გრძელდება, მათ შორის კრიტიკული მედიის ჟურნალისტების წინააღმდეგ და ამას ტოტალური ხასიათი აქვს. საჯაროდ გავრცელდა ფაილები, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარულ მოსმენებს ასახავს. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის, ასევე ჟურნალისტებისა და მედია კომპანიების მიერ მოწოდებული მონაცემების  შედეგად, მინიმუმ, 10 მედიასაშუალების 55-მა ჟურნალისტი ადასტურებს, რომ სუს-ის ფაილებში არსებული ინფორმაცია ნამდვილია და მსგავსი შინაარსის კომუნიკაციას ჰქონდა ადგილი. 
  • კვლავაც გრძელდება პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, მათ შორის, ტელევიზიის მფლობელებზე, ხელმძღვანელობასა თუ ოჯახის წევრებზე ზეწოლის მიზნით.
  • გრძელდება სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების გზით პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო სექტორისა და ჟურნალისტების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად