ცხინვალში დაინვალიდებულ რუს ჯარისკაცს, მიზერული კომპენსაცია გადაუხადეს
15:51:54     20-08-2011
თათარსტანის მამადიშკის რაიონის სასამართლომ თითქმის 9–ჯერ შეამცირა კომპენსაციის თანხის ის ოდენობა, რომელსაც 20 წლის ინვალიდი დანის ზაკიროვი, სამხედრო ნაწილისგან ითხოვდა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, 2010 წლის 28 მაისს, 20 წლის რიგითს დანის ზაკიროვს, ცხინვალში დისლოცირებული № 66431 სამხედრო ნაწილის ჯავშანტრანსპორტიორმა გადაუარა, რომელსაც სერჟანტი ალექსანდრე მატვეევი მართავდა. როგორც ცნობილია, ზაკიროვს საბრძოლო ტექნიკის მოვლა და ტექნიკური დათვალიერება ევალებოდა. ის ერთ–ერთ ჯავშანტრანსპორტიორთან მივიდა და მისი ტექნიკური დათვალიერება დაიწყო. რიგითი საბრძოლო მანქანის ლუქს ამოწმებდა, როდესაც ჯავშანტრანსპორტიორმა მოძრაობა დაიწყო და ის ქვეშ მოიყოლა.
რიგითი ზაკიროვი „სამხრეთ ოსეთის“ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზარალებულის დიგნოზი არც ისე დამამშვიდებელი იყო. მას აღენიშნებოდა გულმკერდის ტრამვა, ქვედა კიდურებისა და ნეკნების მოტეხილობა, დახურული მუცლის ტრავმა, დაუზიანდა თირკმლები და მენჯის ძვალი და აღენიშნებოდა, ასევე, პირველი ხარისხის ტრამვული შოკი.სამხედრო–სამედიცინო კომისიის დასკვნით ირკვევა, რომ ახალგაზრდას ცალი ფეხი მოაჭრეს, მის ნაცვლად კი პროთეზი გაუკეთეს, ასევე, პრობლემები შეექმნა ნეკნებთან დაკავშირებით, რომელიც მეტალის ფირფიტითა და ხრახნების დახმარებით აღადგინეს.
ჩრდილო კავკასიის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმებმა აღნიშნეს, რომ ეს არის სამხედრო ტრამვები, რომელიც შემთხვევითობის ბრალია და ზაკიროვს საბუთში ჩაუწერს, რომ ის ნაწილობრივ გამოდგებოდა სამხედრო სამსახურში. თათარსტანში, საიდანაც არის წარმოშობით ზაკიროვი, მას მეორე ჯგუფის ინვალიდის სტატუსი მიანიჭეს. ადგილობრივი უფლებადამცველები ახალგაზრდას დაეხმარნენ, რათა მას სასამართლოში შეეტანა სარჩელი, აღნიშნული სამხედრო ნაწილისა და სერჟანტის წინააღმდეგ და მოეთხოვა კომპენსაცია 700 ათასი რუბლის ოდენობით.
თათარსტანის სასამართლომ, სერჟანტი ალექსანდრე მატვეევი დამნაშავედ ცნო ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყებებისა და საბრძოლო ტექნიკის ტარების წესების დარღვევის გამო. მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ამასთან, აეკრძალა ჯავშანტრანსპორტიორის მართვა ორი წლის განმავლობაში და დაეკისრა დაზარალებულისთვის 8770 რუბლის გადახდა, რომელიც მან ადვოკატს გადაუხადა. სასამართლო პროცესზე სერჟანტი მატვეევი სრულიად აღიარებდა თავის დანაშაულს. მისი თქმით, მაისის იმ საბედისწერო დღეს, მან მეთაურის ბრძანების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, ჯავშანტრანსპორტიორი გაეყვანა და ის შეცდა, როდესაც არ შეამოწმა, იყო თუ არა ვინმე, მის სიახლოვეს.
სასამართლოს დასრულებამდე, დანის ზაკიროვის ადვოკატი იმედოვნებდა, რომ მოსამართლე მათ მოთხოვნასაც დააკმაყოფილებდა და ზაკიროვს 700 ათასი მანეთის კომპენსაციასაც მისცემდნენ, თუმცა მოსამრთლის გადაწყვეტილებით, სერჟანტის უყურადღებობის შედეგად დაინვალიდებულ ახალგაზრდას კომპენსაციის სახით მხოლოდ 80 ათასი რუბლი გამოუყვეს, რომლის გადახდა სამხედრო ნაწილს დაკისრეს.
ზაკიროვის ადვოკატის რეგინა საკიროვას თქმით, ის სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გააპროტესტებს თათარსტანის უმაღლეს სასამართლოში, რადგან ის თანხა, რაც სასამართლომ კომპენსაციის სახით ზაკიროვს გამოუყო, სასაცილოა და მის კლიენტს ერთი თვის სამყოფი წამლებისთვისაც არ ეყოფა. ,,სასამართლომ ცხრაჯერ შეამცირა ის თანხა, რასაც ჩვენ კომპენსაციის მიზნით ვითხოვდით. პირველად ხდება, როდესაც ჯარში ტრავმირებულ ჯარისკაცს კომპენსაციის სახით ასეთი მცირე რაოდენობის თანხა გამოუყვეს. ჩვენ ვაპირებთ ამის გაპროტესტებას და იმედი მაქვს, რომ საქმეს მოვიგებთ,“–განაცხადა ზაკიროვის ადვოკატმა.