რუსებს საქართველოს სამხედრო პოტენციალის ზრდა აღიზიანებთ

  14:22:21     20-08-2011

რუსი ექსპერტები და მათი სატელიტი ოსი სეპარატისტები აშშ–ის საქართველოსადმი სამხედრო მხარდაჭერით უკმაყოფილონი არიან. ამის თაობაზე განცხადებებს, კრემლის და ცხინვალის „ხელისუფლების“ წარმომადგენლები, პერიოდულად, ტანდემში აკეთებენ.  რუსებს აშფოთებთ ის გარემოება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ აგრძელებს საქართველოში სამხედრო ინსტრუქტორების გამოგზავნას, ქართველი სამხედროების რეალური საბრძოლო მოქმედებებისათვის მოსამზადებლად.

ამას ემატება ისიც, რომ ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ, საქართველოში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა იქმნება, რომელიც მომენტალურად იქნება ადაპტირებული ნატოს სტანდარტებთან, საქართველოს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების შემთხვევაში.   

სეპარატისტები და მათი ჩრდილოელი „მეკავშირეები“ ერთი თვის წინ, ვაზიანის ბაზაზე ჩატარებულმა სამხედრო სწავლებებმაც შეაშფოთა. როგორც ცნობილია, სწავლებაში „Agile Spirit“ ამერიკელი საზღვაო ქვეითები და ქართველი ჯარისკაცები იღებდნენ მონაწილეობას. საქართველოს აქტიურობით და სამხედრო პოტენციალის ზრდით უკმაყოფილებას ცხინვალელი „მინისტრები“ ვერ მალავენ. ოსი და რუსი ექსპერტები, ერთდროულად გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებითაც, რომ მსოფლიო საზოგადოებამ არ მიიღო რუსეთის წინადადება, საქართველოსთვის შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე ემბარგოს დადებასთან დაკავშირებით.  

ჩრდილოელი სპეციალისტები აცხადებენ, რომ საქართველოს სამხედრო პოტენციალი სამი ძირითადი მიმართულებით გაიზარდა. პირველი, ეს არის სამხედრო ტექნიკის შეძენა, 2008 წლის დანაკარგების შემდეგ, მეორე – ინფრასტრუქტურის აღდგენა (ბაზების და სხვა სამხედრო ობიექტების) და მესამე, სამხედრო მოსამსახურეების სწავლების დონის ამაღლება.

სპეციალისტები მიდიან იმ დასკვნამდე, რომ საქართველომ არა მხოლოდ აღადგინა ომამდელი მდგომარეობა სამხედრო პოტენციალის კუთხით, არამედ, ამ მდგომარეობას გადააჭარბა კიდეც. მსოფლიო იარაღის ვაჭრობის ცენტრის ანალიზის მოხსენებაში მოყვანილია სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ იანუკოვიჩის პერიოდის უკრაინა, ასევე, ისრაელი, ბულგარეთი და თურქეთი საქართველოსთან აქტიურად თანამშრომლობენ სამხედრო სფეროში და შეიარაღებასაც აწვდიან. ეს ფაქტები რუსებს განსაკუთრებით აღიზიანებთ.

ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ 2008 წლის აგვისტოს დროს, საქართველოს სამხედრო ინფრასრტუქტურას დიდი ზარალი მიადგა. კერძოდ, ეს ეხება სამხედრო ბაზებს, აეროდრომებს, პორტებს და კომუნიკაციის საშუალებებს. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების და ნატოს სამხედრო–ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში, მათი სრულად აღდგენა მოხერხდა. რუსი ექსპერტები ასეთ მოკლე დროში საქართველოს სამხედრო სფეროში მსგავსი წარმატებით გაკვირვებას და, ამასთანავე, დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამენ.