ტრაგიკულად დაღუპული კიკნა-ფშაველა (სიმონ ბადურაშვილი) და ორი ლექსი

  12:34:21     20-08-2011

სიმონ (სიკო) ბესარიონის ძე ბადურაშვილი (კიკნა-ფშაველა) დაიბადა 1889 წლის 2 აგვისტოს. სწავლობდა სასულიერო სასწავლებელში. იმ პერიოდში მონაწილეობდა გალაკტიონ ტაბიძის ხელნაწერ ჟურნალში. ლექსებს ბეჭდავდა „საქართველოში“, „თემში“, „თეატრსა და ხელოვნებაში“...

კიკნა-ფშაველა ტრაგიკულად დაიღუპა თავის უახლოეს მეგობართან, გიგო ხერხეულიძესთან ერთად გაურკვეველ ვითარებაში...

1916 წელს გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა კიკნა-ფშაველას ლექსი „შავი მონასტერი“. რედაქციამ ლექსს შენიშვნა დაურთო: „ეს ლექსი, რომელიც ნათლად ხატავს ავტორის სევდას, მოგვივიდა ორი კვირით ადრე, ვიდრე საზარელი ტრაგედია დატრიალდებოდა. როგორც ჩვენმა მკითხველებმა იციან, კიკნა-ფშაველამ მოჰკლა თავისი ამხანაგი გ. ხერხეულიძე და მერე თვითონაც თავი მოიკლა“.

არსებობს სხვა ვერსიაც. სიკოს (კიკნა-ფშაველას) თიანეთში, სოფელ ჟებოტაში სტუმრობდა მისი მეგობარი, ასევე ახალგაზრდა პოეტი გრიგოლ (გიგო) ზურაბის ძე ხერხეულიძე. სუფრაზე კამათი მომხდარა გიგო ხერხეულიძესა და სიკოს ძმას შორის. სიკოს ძმას სტუმრისთვის შეურაცხყოფა მიუყენებია. გიგომ აარიდა თავი, დატოვა მასპინძლები და თბილისისკენ წამოსულა ფეხით. სიკომ (კიკნა-ფშაველამ) ვერ აიტანა სირცხვილი და თავისი ძმის წინაშე თავი მოიკლა. სიკოს ძმა კი მერე წამოსწევია გიგოს და ისიც მოუკლავს...

... დღეს გვინდა ნიჭიერი კიკნა-ფშაველას რამდენიმე ლექსი შემოგთავაზოთ. გიგო ხერხეულიძის ლექსებსაც მალე დავბეჭდავთ.

აქვე მინდა განვაცხადო, რომ გიორგი გაბუნია აპირებს გამოსცეს კიკნა-ფშაველას ლექსების კრებული. თუ ვინმე თანადგომას გაუწევს ამ საქმეში, ძალიან კარგი იქნება.

თავისუფლება

ნაზი, ნარნარა,

ცისა კამარა

ღრუბელს შთაუნთქავს... ჰკრთის არე-მარე:

დაჰქრის, სისინებს,

ჰკვნესის, ქვითინებს

მძლავრი გრიგალი... მეხი მჭექარე

ზარსა სცემს სოფელს

საკიცხ-საგმობელს.

ლეგა კაბადონს უსერავს ელვა მკერდს,

სტიქია სტირის, მოსთქვამს კაცის ბედს...

ოცნების ფრთებზე ეთერებიდან

სამყაროს წიაღს ვადევნებ თვალსა:

და სისხლით მორწყულ შავ-ბნელ უფსკრულში

ვჭვრეტ თითქოს ასულს მთლად განაწვალსა.

ჰაეროვანსა კდემა-მოსილი

შავი თვალები ძირს დაუშვია

და სპეტაკ მკერდზე ეთეროვანი

ტანის-სამოსი ტურფად აცვია.

შლილნი დალალნი მის ბროლის მკერდზე

კოკორს ძუძუებს შემოვლებიან;

ნარნარ სახეზე ვარდის ბაგენი

ღაწვთ სილამაზით იღუპებიან...

სიმშვენიერეს ამოუქარგავს

ტრფობის ძაფებით ჭეშმარიტება,

შეუქსოვია გრძნობა ღვთიური

და შთაუსახავს თვით უკვდავება...

შუბლზე ბრწყინვალე მზე აღბეჭდია,

დასაბამიდან კაცთ სათაყვანო;

სატრფო, საძებნი მღელვარე სულის,

რითაც ობოლი არის სამყარო...

კაცთ დასახსნელად მოვლინებულა

თავისუფლება, ქალად ქცეული;

მაგრამ... ჰკლავს, სთრგუნავს, წამლავს უნდობლად

თვით ადამის ძე შმაგი, წყეული...

თავი იცანი, დაანგრიე, ადამიანო,

სისხლსა და ძვლებზე ანაგები სოფელი კრული

და მის ნანგრევზე აღაყვავე ტურფა ედემი,

ძმობა, ერთობის სიყვარულით განმტკიცებული!..

(1910)

 

შავი მონასტერი

არასოდეს არ მქონია გული მხიარული,

დავალ ჩუმად თავდახრილი, დაუშრეტელ ვნებით,

ბედს მავიწყებს ფიქრთა ზღვაში ქროლვა-სიარული,

დავალ ჩუმად მობურვილი, იდუმალი ხმებით.

თვალს ვარიდებ გველ-მეგობრებს შხამით მოწამლული,

არ მახარებს მზის სიცილი, ყვავილების ფერი,

ვიწვი უხმოდ, ვიწვი ცივათ ბრბოით გარიყული,

არ ირღვევა შავი ბოღმის შავი მონასტერი.

სასოებას არ უვლია ჩემი ცრემლის ველზე,

გულის სისხლის დენა არის ჩემი ჰანგთა მღერა,

თვით შევსუდრე შვების სხივი, სამკვდრო სარეცელი,

თუმცა ძლევის ნათელ გვირგვინს ელის გულის ძგერა,

არასოდეს არ მქონია გული მხიარული,

დავალ, ჩუმად, თავდახრილი, დაუშრეტელ ვნებით,

ბედს მავიწყებს ფიქრთა ზღვაში ქროლა-სიარული,

დავალ ჩემთვის მობურვილი იდუმალი ხმებით.

(1916)